რიგის “სკონტოს“ მცველი ლაშა დვალი უკვე საქართველოს 19-წლამდე ნაკრებთან ერთადაა და 13 ივლისიდან სრული დატვირთვით ივარჯიშებს.
11 ივლისს, ლაშამ “სკონტოს“ შემადგენლობაში ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი ითამაშა მოლდოვური “ტირასპოლის“ წინააღმდეგ. შეხვედრას საქართველოს 19-წლამდე ნაკრების სრული შემადგენლობა და სამწვრთნელო შტაბი დაესწრო. თანაგუნდელები მთელი თამაშის განმავლობაში ტრიბუნებიდან ამხნევებდნენ ლაშას, რომელმაც საკმაოდ რთული მატჩი შეუცვლელად, ძალიან მაღალ დონეზე და თითქმის უშეცდომოდ ითამაშა.
“სკონტომ“ გოლი მატჩის მიწურულს გაუშვა და ჯერ დამატებითი დრო, შემდეგ კი, პენალტების სერიაც ვიხილეთ, სადაც რიგელებმა ყველა დარტყმა ზუსტად შეასრულეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. ლაშამ გამარჯვება გუნდთან ერთად იზეიმა და დილიდან უკვე ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა. ჩვენც, განვლილ მატჩსა და სანაკრებო სამზადისზე ვკითხეთ.
- მართლაც ძალიან მძიმე თამაში იყო. უპირველესად, თამაზ პერტიას მინდა მადლობა ვუთხრა, რომ მენდო და ძირითად შემადგენლობაში მათამაშა. 90 წუთი, რა თქმა უნდა არაერთხელ მაქვს ნათამაშები, მაგრამ დამატებითი დრო პირველი იყო ჩემთვის და ძალიან დამღლელი გახლდათ. ყველა დაიღალა... ბოლოს, ვერც ჩვენ ვუტევდით და ვერც – ისინი. მოკლედ, დებიუტების საღამო მქონდა – ევროპალიგა და დამატებითი დრო. თამაშის მერე კი, იმ სიხარულის განცდა ძალიან მაგარი გრძნობა იყო.
- ამ თამაშზე შენი პირადი გულშემატკივრების საკმაო რაოდენობა გყავდა – მატჩს მთელი ნაკრები ესწრებოდა...
- ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი... ჯერ იმიტომ, რომ მწვრთნელი მენდო და ძირითადში დამაყენა და რა თქმა უნდა, რომ ვიცოდი, ჩვენი ნაკრები მოდიოდა ჩემს სანახავად და ყველა ჩემს სახელს გაიძახდა. თუმცა, თამაშის დროს ჩემი საქმე მქონდა და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი. ვიცოდი, რომ მთელი სტადიონი და განსაკუთრებით, ჩემი ნაკრები გვერდში მედგა.
- დღეიდან, უკვე სანაკრებო ამბებზე გადმოერთე... რას ფიქრობ და ხარ თუ არა ევროპის ჩემპიონატისთვის განწყობილი?
- რა თქმა უნდა! რაც ევროპაზე გავედით, იმ დღიდან ვფიქრობ, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად და უპირველესად, საფრანგეთზე, რადგან, ჩემი აზრით, პირველი თამაში გადამწყვეტია. რთული იქნება, მაგრამ ნახევარფინალში აუცილებლად უნდა გავიდეთ.
- უკვე ევროპალიგაზეც ნათამაშები გაქვს და საერთოდ, ამ ნაკრებში, შენ და ნიკა ჭანტურიას გაქვთ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება. ერთი წელი გავიდა 17-წლამდელთა ევროპის პირველობიდან და თქვენ ძალიან გაიზარდეთ, გამოცდილება მიიღეთ...
- გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს. უფროსებთან თამაშისას, გამძლეობაც უფრო მეტი გჭირდება და სისწრაფეებიც სხვაა, ვიდრე პატარა ასაკში. ისევ იმ დამატებით 30 წუთს გავიხსენებ, რომელმაც ასე დამღალა. მაგრამ სამაგიეროდ, ევროპის ჩემპიონატზე თუ მოხდა და დამატებითი დროის წინაშე დავდექით, მე გამოცდილება უკვე მაქვს – ეგ პრობლემა არ იქნება. ამასთან, თავდაჯერებულობაც მომემატა და ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარება. ახლა, დიდი მოლოდინი მაქვს მეც და ბიჭებსაც, გვინდა მალე მოვიდეს 20 ივლისი და ჩვენი სათქმელი თამაშით ვთქვათ.
12 ივლისი კი, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა აღდგენითი ვარჯიშით დაიწყო. სადილის შემდეგ, გუნდმა იურმალაში გაისეირნა და იქ სასიამოვნო გარემოში ნახევარი დღე გაატარა. ნაკრებს შეუერთდნენ ნიკა ჭანტურია და ნიკა სანდოხაძე, რომლებიც სანაკრებო ფერხულში დილიდან ჩაებმებიან.
სფფ-ის პრესსამსახური