ლარს ლაგერბეკი ნიგერიის ეროვნული ნაკრების რიგით 23-ე მთავარი მწვრთნელია. “სუპერარწივების” პირველი მესაჭე ინგლისელი ჯონ ფინჩი იყო, მას შემდეგ, ნაკრებს ბევრი უცხოელი წვრთნიდა, მაგრამ ლაგერბეკი პირველი სკანდინაველია მათ შორის. 61 წლის შვედი სპეციალისტი, წლეულს თებერვალში დაინიშნა ნიგერიელთა თავკაცად და იმედოვნებს, რომ ამ ქვეყანას მსოფლიო საფეხბურთო ელიტაში შეიყვანს. მეტიც, ლაგერბეკი ამბობს, ვიცი, ეს როგორც უნდა გავაკეთოო.
შეხსენებისთვის, ლაგერბეკი ის კაცია, რომელიც 2000-2009 წლებში შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ, ოღონდ, საწყისი ოთხი წელი ტომი სოდერბერგთან ერთად ითვლებოდა სკანდინავიელთა თავკაცად. მისი ხელმძღვანელობით, “ტრე კრუნური” 2002 და 2006 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე მერვედფინალში გავიდა და იქ დაასრულა “მოღვაწეობა”, ამჯერად კი, ლაგერბეკი მესამე მუნდიალისთვის ემზადება და ფიფა-ს ოფიციალურ საიტთან ინტერვიუშიც, სწორედ სამხრეთ აფრიკაში გასამართ დიდ ფორუმზე საუბრობს.
- როგორია პირველი შთაბეჭდილებები ნიგერიულ ფეხბურთზე?
- პირველ რიგში, აქაური სტუმართმოყვარეობით აღვფრთოვანდი, მართლაც შესანიშნავად დამხვდნენ. ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციამ ნაყოფიერი სამუშაოები ჩაატარა, ამხანაგური მატჩები დაგეგმა და ეს აუცილებელია: მუნდიალის წინ ხომ სასიცოცხლოდ საჭიროა, რომ სწორედ ამ მატჩებში ჩავწვდე ყველა ფეხბურთელის დადებით და უარყოფით მხარეებს. ახლა ის დროა, როცა ფეხბურთელების სწრაფი შეფასება მჭირდება. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად, მაინც მცირე დრო მაქვს.
- ნიგერიული ფეხბურთი, მაინცდამაინც დიდ აღმავლობას ვერ განიცდის. შეგიძლიათ, სწრაფად პროგრესირებადი გახადოთ “სუპერარწივები”?
- რომელ ნაკრებს არ ჰქონია პრობლემები? წარმატების მისაღწევად საჭიროა ფეხბურთელების ხარისხი, რაც ნიგერიას ნამდვილად არ აკლია. მეორე მთავარი საკითხია მათი კარგ ფორმაში ყოფნა – შეუძლიათ კი, 100 პროცენტით თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენა? გულით მუშაობენ? რას ნიშნავს მათთვის ქვეყნის მთავარ ნაკრებში თამაში? რომელ ფეხბურთელებსაც ეს თვისებები აქვთ, მათთვის ნაკრების კარი ყოველთვის ღია იქნება.
- ნიგერიელი გულშემატკივრები და ჟურნალისტები ფეხბურთელებს აკრიტიკებენ და სამართლიანადაც: ზოგიერთი მათგანი, ნაკრებში სათამაშოდ დროულად არ ჩამოდის, ან საერთოდ თავს არიდებს ნაკრებს. ამ პრობლემას როგორ გადაწყვეტთ?
- ფეხბურთელს ეროვნული ნაკრების მაისურის ჩაცმა უნდა სიამოვნებდეს – მსოფლიო ჩემპიონატი იქნება თუ რომელიმე ამხანაგური მატჩი, ეს უკვე სულერთია. პირველი, რაც მომიწევს, სწორედ ეს უნდა ავუხსნა მოთამაშეებს. ასევე უნდა ვუთხრა, რომ კლუბებში რომ ამხელა ფულს შოულობენ, ეს მათი სამშობლოს დამსახურებაა და უნდა იამაყონ, რომ ნიგერიელები არიან. ფეხბურთელების მოტივირება, მწვრთნელის მუშაობაში უმთავრესი მომენტია, მაგრამ თუ ვინმეს შევატყვე, რომ ჩემს მითითებებს არ ისმენს, აღარ გამოვიძახებ ნაკრებში.
- მუნდიალზე წასაყვანი შემადგენლობა, გარკვეულწილად, შერჩეული გყავთ?
- ანგოლაში გამართულ აფრიკის თასზე ნიგერიის რამდენიმე თამაში ვნახე. ამასთან, ვუყურე ბევრ ვიდეომასალას ნაკრების ფეხბურთელებზე და კანდიდატებზე. ასე რომ, ბევრი რამ უკვე ვიცი, თუმცა მუნდიალზე წასაყვანი ფეხბურთელების საბოლოო შერჩევამდე ჯერ ადრეა. ამასთან, “პროჟექტორს მივანათებ” ნიგერიის ეროვნულ ჩემპიონატსაც, რათა სელექციაში შეცდომა არ დავუშვა. მხოლოდ დიდი დაკვირვებების შემდეგ გავაკეთებ არჩევანს. მწვრთნელი ფეხბურთელებს ვერ შეპირდება, მსოფლიო ჩემპიონატის ამა თუ იმ მატჩში, ამდენ წუთს ითამაშებო. შესაძლოა, ზოგიერთს წუთითაც არ მოუწიოს მინდორზე გასვლა. მწვრთნელი ხშირად ულმობელია, მაგრამ ულმობლობა ჩვენი მუშაობის სპეციფიკაა – არცთუ სასიამოვნო, მაგრამ აუცილებელი. დიდად ვაფასებ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მწვრთნელს ადამიანურად უგებენ და გვერდში უდგანან. მაგალითად, როცა ფლანგზე მოთამაშე თავდამსხმელი 50-ჯერ მოინდომებს გარღვევას, ან ჩაწოდებას და ერთხელ ძლივს გამოუვა, ეს უკვე ცუდია და თავადაც უნდა მიხვდეს.
- ნვანკვო კანუს, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის რამდენად დიდი შანსი აქვს?
- მე მსურს კანუსთან მუშაობა, რადგან ის ჩემთვის თავისებური ლეგენდაა. მახსოვს, 2002 წლის მუნდიალზე შვედეთის ნაკრებს რომ ვწვრთნიდი, ჯგუფში ნიგერიას შევხვდით და იმ დროს, კანუ ფანტასტიკური ფეხბურთელი გახლდათ. თქვენს კითხვაზე ასეთი პასუხი მაქვს: ჯერ ნაკრებისთვის საინტერესო ყველა ფეხბურთელი უნდა ვნახო საქმეში და შემდეგ გადავწყვეტ. მე ყველასთან მსურს შეხვედრა და დალაპარაკება. კანუ დღესაც ნაკრების კაპიტანია და ჩემთვის ის მართლაც ფანტასტიკური ფეხბურთელი იყო – შესაძლოა, ნიგერიის ყველა დროის საუკეთესოც კი.
- რა ფორმაციით გსურთ ათამაშოთ ნიგერიის ნაკრები?
- როგორც მწვრთნელს, ჩემი ფილოსოფია და ხედვა მაქვს, თუმცა ერთი ტაქტიკური სქემის ჯიუტად ამოჩემება ჩემი სტილი არაა. პირველ რიგში, მწვრთნელმა უნდა იცოდეს, რომელ რგოლში როგორ ფეხბურთელებთან აქვს საქმე. შვედეთს 4-5-1, ან 4-4-2-ით ვათამაშებდი. ის ტაქტიკა უნდა აარჩიო, რომელიც გუნდს ესადაგება და მოგების დიდ შანსს გაძლევს.
- ჯგუფში გყავთ არგენტინა, საბერძნეთი და სამხრეთ კორეა. ნიგერიისთვის წარმატებული იქნება ეს ჩემპიონატი?
- ამის იმედი რომ არ მქონდეს, მწვრთნელობას არ დავთანხმდებოდი. დიდი ხანი არაა, რაც ნიგერიის ნაკრების თავკაცი ვარ, მაგრამ უკვე დავრწმუნდი აქაური ფეხბურთელების მაღალ კლასში. ეს სიურპრიზად არც მიმიღია. მე მაქვს ჩემი მუშაობის გეზი, ანუ როგორ უნდა ვაქციო ნიგერია ერთ-ერთ წამყვან საფეხბურთო ქვეყნად.
- ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციამ, მიზნად ნახევარფინალში გასვლა დაგისახათ. ეს, რეალურია?
- ნიგერიისა არ იყოს, არც შვედეთია ბუმბერაზი საფეხბურთო ქვეყანა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე ყოველთვის ამბიციებით მივდიოდი და რწმენა მქონდა, რომ მაღალ ადგილებს დავიკავებდით. თუ მუნდიალზე მიდიხარ და შენი გუნდის არ გჯერა, რისთვისღა მიდიხარ? მე კი მჯერა, რომ ნიგერია დიდხანს დარჩება სამხრეთ აფრიკაში.
მოამზადა ილია ნანობაშვილმა