დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიის ცენტრალური დარბაზი, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში “საქართველოს თასს” მასპინძლობს. ტურნირზე, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელი ნაკრების კანდიდატები უნდა გამოაჩინოს, შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში, უკვე ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ.
შეჯიბრება ახალი წესებით ტარდება და ერთი კვირის წინანდელი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა “საქართველოს თასის” მსგავსად, სანახაობრივი მხარის პროგრესი აქაც აშკარა იყო. ილეთებიც ბევრად მეტი გაკეთდა და უამრავი დაძაბული შეხვედრაც შედგა.
უმსუბუქეს წონით კატეგორიაში – 55 კილოგრამში, სულ 12 მონაწილე შეიკრიბა. მათ შორის არ იყვნენ ექვსი თვის წინ ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატის ფინალისტები ედნარ შავაძე და ზურაბ კეკელიძე. შეგახსენებთ, ორივე აჭარის გუნდის წევრია. დღევანდელ ფინალშიც აჭარის სკოლის წარმომადგენლები: გიზო მელაძე და ბაჩანა ფუტკარაძე გავიდნენ. ამ უკანასკნელმა, პირველი სამწუთეული 7:3 მოიგო, მეორეში კი 4 ქულა სწრაფადვე აიღო და 7-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდა, რაც, ახალი წესების თანახმად, გამარჯვებას ნიშნავს. მელაძესთან დაჭიდებამდე, ფუტკარაძემ ალეკო ქათამაძე (2:3 6:3), გიორგი გვენეტაძე (0:0 1:0) და ნიკა ცეცხლაძე (0:0 6:0) დაამარცხა.
66 კილოგრამში საქართველოს ჩემპიონატის ფინალი განმეორდა და ანალოგიური შედეგითვე დასრულდა – თბილისის სახელით მოჭიდავე საჩინო დავითაიამ, აჭარელ მარად აბულაძეს ისევ აჯობა, ოღონდ ამჯერად, მხოლოდ მეტოქის გაფრთხილებების ხარჯზე. მსაჯებმა აბულაძე პასიურობის გამო სამჯერ გააფრთხილეს და შეხვედრაც უმალ შეწყდა.
საჩემპიონო გზას დავითაია მიხეილ კირკიტაძის (5:2 0:0) ძლევით შეუყვა და ფინალამდე უჩა შავაძე (5:0 3:0) და ლევან მარიამიძე (9:0) ჩამოიშორა.
დღის მთავარი მოულოდნელობა, 84 კილოგრამი წონითი კატეგორიის ლიდერ ვლადიმერ გეგეშიძის სამეულს მიღმა დარჩენა იყო. ევროპის ვერცხლის პრიზიორი ხალიჩაზე ერთადერთხელ გავიდა – პირველსავე მეტოქესთან, ქუთაისელ გიორგი ცირეკიძესთან უილეთო შეხვედრაში, გაფრთხილების გამო დაკარგული ქულით წააგო და ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას გამოეთიშა. მალე, ბრინჯაოს გზა გაეხსნა, მას შემდეგ, რაც ცირეკიძე დავით უბირიასთან (4:3 1:0) და შალვა ხაჩიძესთან (7:0) მოგების შემდეგ ფინალში გავიდა, მაგრამ გეგეშიძემ რეპეშაჟში აღარ იჭიდავა.
გიორგი ცირეკიძე ფინალში ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს, რევაზ ნადარეიშვილს დაუპირისპირდა. პირველი პერიოდის მიწურულს, ცირეკიძე მეტოქეს, ნებით თუ უნებლიედ, ეუხეშა. რამდენიმე წამში კი, უკვე ნადარეიშვილმა ისე ჩაარტყა სახეში შუბლი, ხალიჩაზე დავარდა. მსაჯთა მაგიდამ, უხეშობის გამო შეხვედრა შეაჩერა და დაზარალებული მოჭიდავე ჩემპიონად გამოაცხადა.
ის იყო, გამარჯვებულს ხელი აუწიეს, შუა ხალიჩაზე განაწყენებული გულშემატკივარი შეიჭრა და მსაჯთა მაგიდის მისამართით შეიგინა. სულ რამდენიმე წამში, ლამის, ნახევარი დარბაზი ხალიჩაზე აღმოჩნდა. შემგინებელი ხელჩართულ ჩხუბში ჯერ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ ვლადიმერ ადეიშვილს დაუპირისპირდა, შემდეგ კი, მისი საქციელით უკმაყოფილო ხალხის ალყაში აღმოჩნდა და ვიდრე გამშველებლები იმარჯვებდნენ, გვარიანად მოხვდა. საქმის გარჩევა და გაწევ-გამოწევა კიდევ კარგახანს გაგრძელდა, მაგრამ მუშტიკრივი აღარ ყოფილა.
ჩხუბს ერთი უსიამოვნო ეპიზოდიც მოჰყვა. დაცვის სამსახურის ერთ-ერთმა წევრმა, “მსოფლიო სპორტის” ფოტოკორესპოდენტი ლაშა კუპრაშვილი გვერდზე გაიხმო და უთხრა, რომ ინციდენტის კადრები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავრცელებულიყო, რაზეც ლაშასგან უარი მიიღო. საქმეში ჟურნალისტებიც უმალ ჩავერიეთ, ავუხსენით დაცვის სამსახურის თანამშრომელს, რომ მსგავსი სახის აკრძალვა უსამართლო მოთხოვნა იყო. მართლაც ასე რომ იყო, მხოლოდ მას შემდეგ დაიჯერა, როცა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემაც იგივე უთხრა.
რევაზ ნადარეიშვილი დაჯილდოების ცერემონიალზე გამოცხადდა, რითაც, შესაძლოა, ფედერაციის მკაცრ სანქციას გადაურჩეს, მაგრამ ინციდენტს რომ რეაგირება აუცილებლად მოჰყვება, “მსოფლიო სპორტს” კურტანიძემ დაუდასტურა.
მძიმე წონაში ტურნირში არ ჩართულა საქართველოს ნაკრების წევრი, ევროპის პრიზიორი გურამ ფერსელიძე. სამაგიეროდ, ერთი წონით მაღლა სცადა ბედი 96 კილოგრამის ლიდერმა სოსო ჯაბიძემ და დებიუტი ბრინჯაოთი აღნიშნა.
ძირითად ბადეში ჯაბიძემ ერთი ეტაპი დაძლია და მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონთან, მცხეთელ გურამ არაბულთან დაძაბულ ბრძოლაში წააგო (1:0 0:2). ამ შეხვედრამდე, არაბულმა გენო ხელიას სძლია (0:2 4:1), ნახევარფინალში ბექა კანდელაკი დაამარცხა (0:0 1:0), ხოლო გადამწყვეტ ბრძოლაში – ვლადიმერ ქარჩავა (0:0 1:0).
30 ივნისს, მედლები დარჩენილ სამ წონაში: 60, 74 და 96 კილოგრამებში გათამაშდება.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი
29 ივნისი
55 კგ
1 ბაჩანა ფუტკარაძე (აჭარა)
2 გიზო მელაძე (აჭარა)
3 გიორგი ლომინაძე (ოზურგეთი)
3 ნიკა ცეცხლაძე (აჭარა)
66 კგ
1 საჩინო დავითაია (თბილისი)
2 მარად აბულაძე (აჭარა)
3 უჩა შავაძე (აჭარა)
3 გოგიტა გოგიბერაშვილი (სამტრედია)
84 კგ
1 გიორგი ცირეკიძე (ქუთაისი)
2 რევაზ ნადარეიშვილი (ოზურგეთი)
3 შალვა ხაჩიძე (თბილისი)
3 ნიკოლოზ კელასოვი (აჭარა)
120 კგ
1 გურამ არაბული (მცხეთა)
2 ვლადიმერ ქარჩავა (ოზურგეთი)
3 სამუკა დარჩია (ოზურგეთი)
3 იოსებ ჯაბიძე (ბაღდადი)