ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ნენად ლალოვიჩმა საჭიდაო წესებსა და წონით კატეგორიებში, ასევე სატურნირო ფორმატში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ფილას ხელმძღვანელის აზრით, სიახლეები ჭიდაობას მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება.
“ჩვენ ძირეული ცვლილებები მოვახდინეთ, მაგრამ ეს ნაბიჯი ჭიდაობის უკეთესი მომავლისთვის გადავდგით. დარწმუნებული ვარ, ახალი წესები სანახაობრივ მხარეს გაცილებით გააუმჯობესებს. ამასთან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციაც გავითვალისწინეთ და წონით კატეგორიებსაც გადავხედეთ. ცვლილებები ფილას ტექნიკური კომისიის წევრების დაუღალავი შრომის შედეგია და ამისთვის თითოეულ მათგანს მინდა მადლობა გადავუხადო” – განაცხადა ნენად ლალოვიჩმა.
შეგახსენებთ, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ, ბერძნულ-რომაულ და ქალთა ჭიდაბაში მედლები 6-6 წონით კატეგორიაში გათამაშდება.
ბერძნულ-რომაული სტილის მიმდევრები ჩემპიონ-პრიზიორებს 59, 66, 75, 85, 98 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოავლენენ. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები – 57, 65, 74, 86, 97 და 125 კილოგრამებში. ხოლო ქალები – 48, 53, 58, 63, 69 და 75 კილოგრამებში.
ამ წონებს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე და საერთაშორისო ტურნირებზე კიდევ ორ-ორი წონითი კატეგორია დაემატება - ბერძნულ-რომაულში 71 და 80, თავისუფალში - 61 და 70, ხოლო ქალებში 55 და 60 კილოგრამები.
სიახლე ძალაში 2014 წლიდან შევა, ისევე, როგორც განახლებული საჭიდაო წესები.