კალათბურთი

16:47 | 31.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლაკოვიჩს ზურგის ტრავმა აწუხებს

მალკოვიჩმა მორიგ ვარჯიშზე მხოლოდ 13 კალათბურთელი შეკრიბა

სამშაბათს, სლოვენიის საკალათბურთო ნაკრები, რომელიც 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქეა, ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ზრეჩეში შეიკრიბა და მე-2 მოსამზადებელი ციკლის პირველი ვარჯიში ჩაატარა, თუმცა, მთავარმა მწვრთნელმა ბოჟიდარ მალკოვიჩმა 16-ს ნაცვლად მხოლოდ 13 მოთამაშე შეკრიბა.

საქმე ის გახლავთ, რომ მალკოვიჩმა შეკრებიდან თავად დაითხოვა ლიუბლიანის “ოლიმპიას” ფორვარდი იაკა ბროდნიკი. 21 წლის კალათბურთელს მონაწილეობა არ მიუღია სლოვენიელთა საწყის მოსამზადებელ მატჩებში, რომლებშიც ევრობასკეტის მასპინძლებმა უკრაინას და მაკედონიას, შესაბამისად, 74:46 და 63:54 სძლიეს, ამდენად, აღნიშნული მოსალოდნელიც გახლდათ.

გუნდს დღეს უნდა შეუერთდეს კლემენ პრეპელიჩი, რომელიც თურქულ “ბანვითთან” კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებს, სლოვენიელთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი კი კაპიტან იაკა ლაკოვიჩის ტრავმაა. როგორც ირკვევა, ლაკოვიჩი პარკეტზე უხერხულად დაეცა და ზურგის კუნთების ტრავმა აწუხებს, ამდენად, კვირის ბოლომდე მხოლოდ ინდივიდუალურად მოემზადება, შემდეგ კი, ექიმები კიდევ დაკვირდებიან.

ბროდნიკის გამოკლების შემდეგ, სლოვენიელთა შეკრებაზე 15 კალათბურთელი იმყოფება, რომელთაგან 3 საბოლოო ჯამში, ზედმეტი აღმოჩნდება: ნებოისა იოკსიმოვიჩი, გორან დრაგიჩი, იაკა ლაკოვიჩი, იაკა ბლაჟიჩი, ზორან დრაგიჩი, კლემენ პრეპელიჩი, ედო მურიჩი, ბოსტიან ნახბარი, დომენ ლორბეკი, ლუკა ლაპორნიკი, იურე ბალაჟიჩი, გეზიმ მორინა, მირზა ბეგიჩი, უროს სლოკარი, გასპერ ვიდმარი.

სლოვენიელებს უახლოესი საკონტროლო შეხვედრები 2, 3 და 4 აგვისტოს ელით, როდესაც ლაშკოს ტურნირის ეგიდით ლატვიას, თურქეთს და სერბეთს ეთამაშებიან, სულ კი ევროპირველობის მასპინძლები კიდევ 11 მატჩს ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ევრობასკეტზე სლოვენიის და საქართველოს ნაკრებები C ჯგუფში მოხვდნენ და მეტოქეებად ესპანეთის, ხორვატიის, პოლონეთის და ჩეხეთის გუნდებიც ეყოლებათ. საქართველოს და სლოვენიის დაპირისპირება ქალაქ ცელიეში 7 სექტემბერს შედგება.

სლოვენს ნაკრების დარჩენილი საკონტროლო მატჩები

2 აგვისტო: სლოვენიალატვია (ლაშკო)

3 აგვისტო: სლოვენია – თურქეთი (ლაშკო)

4 აგვისტო: სლოვენია – სერბეთი (ლაშკო)

10-11 აგვისტო: ბელგრადის ტურნირი (სერბეთი, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა)

16 აგვისტო: სლოვენია – ბოსნია-ჰერცეგოვინა (იესენიცე)

18 აგვისტო: სლოვენია – რუსეთი (ლიუბლიანა)

23 აგვისტო: სლოვენია – ჩერნოგორია (კოპერი)

24 აგვისტო: სლოვენია – იტალია (კოპერი)

31 აგვისტო: სლოვენია – საფრანგეთი (ლიუბლიანა)

0.120407