შეიძლება ითქვას, ქართველ ფორვარდთაგან იშვიათთაგანი, რომელიც ბოლო 5 წელია უცხოეთის საფეხბურთო ქვეყანაში (უმაღლეს ლიგაში) თამაშობს და სტაბილური შედეგიანობა აქვს, ლადო დვალიშვილია. ისრაელშიც და პოლონეთშიც, ლადო გოლების სიმრავლეს არ უჩიოდა. დვალიშვილი ამჟამად არდადეგებზეა თბილისში და “მსოფლიო სპორტი” გაესაუბრა:
- როდემდე გაქვთ არდადეგები?
- 3 იანვარს მივფრინავ. ჯერ თურქეთში გვაქვს შეკრება, შემდეგ კი ესპანეთში.
- შეაფასეთ პოლონეთის ჩემპიონატის პირველი წრე. როგორი იყო პირადად თქვენთვის?
- არც ძალიან მაგარი და არც – ცუდი. უკეთესი შეიძლებოდა. 11 გოლი გავიტანე: 9 ჩემპიონატში და 2 ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე. თამაშები გამიცდა, თორემ მეტიც შემეძლო.
- ყველაზე უცნაური რაც იყო, ვარშავის “ლეგია” ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში თქვენი გოლით გავიდა და გადამწყვეტ მატჩში, “სტიაუას” წინააღმდეგ მწვრთნელმა არ დაგაყენათ. რატომ?
- გაუგებარი დარჩა. მართლაც ისეთ მატჩში არ დამაყენა, რომელიც ბევრს წყვეტდა. კონფლიქტი არ მქონია მწვრთნელთან. “სტუიაუსთან” შეხვედრის შემდეგ, ყველაფერი ჩვეულებრივ გაგრძელდა.
- დანარჩენი 5-6 მატჩი რატომ გაგიცდათ?
- ზოგჯერ ტრავმა მქონდა, ზოგჯერაც მწვრთნელი როტაციას მიმართავდა. მიზეზს იმით ხსნიდა, რომ “ლეგია” ევროპის ლიგაზეც გამოდიოდა და ფეხბურთელები არ უნდა გადაღლილიყვნენ.
- თუმცა მწვრთნელი გაუშვეს. იან ურბანის ნაცვლად, ნორვეგიელი ჰენინგ ბერგი დაინიშნა. გაიცანით?
- არა, ჯერ არ შევხვედრივართ.
- პოლონეთში ფეხბურთის ბუმი რომ არის, სავსე სტადიონებიდანაც ჩანს. რა იწვევს ასეთ აჟიოტაჟს?
- ბუმი ნამდვილად არის. “ლეგია” ძალიან პოპულარული კლუბია, ვარშავაში 90 პროცენტი ჩვენ გვქომაგობს. თუმცა, სხვა ქალაქებშიც იგრძნობა დიდი აჟიოტაჟი. უყვარს ხალს ფეხბურთი და ბილეთში ფულის გადახდა არ ენანებათ.
- საქართველოს ჩემპიონატში აქტუალური თემაა და უნდა გკითხოთ: პოლონეთში სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი კლუბებიც არიან?
- არ გამიგია. ყოველ შემთხვევაში, პირადად მე არ გამიგია. ზუსტად ვერ გეტყვით.
- “იაგელონიას” ეთამაშეთ, სადაც გიორგი ფოფხაძე და ნიკა ძალამიძე არიან. როგორ გამოიყურებოდნენ?
- გამორჩეულები იყვნენ. ფოფხაძე აქტიურად ერთვებოდა შეტევებში, ძალამიძეც ბევრ პრობლემას გვიქმნიდა. პირადად მე არ მითამაშია, რადგან ტრავმა ახალი მოშუშებული მქონდა. 3:1 მოიგო “ლეგიამ”. ძალამიძეს ახლა ტრავმა აქვს, თორემ ის 4-5 თამაში მშვენივრად ჩაატარა.
- პოლონეთში ქართველ ფეხბურთელებს კარგი პრესა აქვთ. ეს გულშემატკივრებისგანაც იგრძნობა?
- დიახ. პრინციპში, რაც მახსოვს, პოლონეთში არცერთი ქართველი ფეხბურთელი არ წარმოჩენილა ცუდად.
- გასულ სეზონში ცოტა დაგაკლდათ ბომბარდირობამდე. ალბათ, ახლა განსაკუთრებით უმიზნებთ.
- ძალიან მინდა და ვნახოთ. ყველანაირად ვეცდები. 2 ბურთით ჩამოვრჩები და შანსი მაქვს.
- სხვა ქვეყნის კლუბებიდან არ გაქვთ წინადადებები?
- “ლეგიაში” კიდევ 1,5 წელი მაქვს კონტრაქტი. თუ იქნება რაიმე კონკრეტული უფრო ძლიერი გუნდიდან და ძლიერი ჩემპიონატიდან, რატომაც არა, ვიფიქრებ. ისე კი, “ლეგიაშიც” ბედნიერად ვგრძნობ თავს. სანამ ვარშავაში მოვაწერდი ხელს, იყო რუსეთიდან შემოთავაზება, მაგრამ საერთოდ, ისეთ კლუბში მირჩევნია თამაში, რომელიც თავის ქვეყანაში უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის.
- ეროვნულ ნაკრებზეც: 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე 24 გუნდი ითამაშებს და რეალურად, შეუძლია ნაკრებს გასვლისთვის ბრძოლა? თუ, რა თქმა უნდა, სიტუაცია დალაგდება.
- ვფიქრობ, შესაძლებელია. მარტო ჰაერზე არ ვამბობ და არ ვოცნებობ. თუ წილისყრაც ცოტა იღბლიანი იქნება და ყველანი თავს დავდებთ, მიუღწეველი არ უნდა იყოს.
- ახალ წელს რას უსურვებთ საკუთარ თავს და მთლიანად საქართველოს?
- ვისურვებდი, რომ პოლონეთის ჩემპიონობა კიდევ ერთხელ მოვიპოვო და ბომბარდირი გავხდე, საქართველოს ნაკრებში კი შესარჩევის კარგად დაწყებას და პირადად მე გოლების გატანას ვისურვებდი. მთლიანად საქართველო კი ძალიან მინდა, რომ გაბრწყინებული იყოს. უფრო მეტს ვხედავდე ღიმილიან ადამიანებს და არ იყოს გაჭირვება.