ინტერვიუები

11:49 | 9.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ლადო დვალიშვილი: “მთავარია სიმშვიდე - დარწმუნებული ვარ, ნაკრებში უგოლო სერიას შევწყვეტ”

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ჰაიფას “მაკაბის” ქართველი ფორვარდი ლადო დვალიშვილი ამ ზამთარს კლუბს შეიცვლის. “მსოფლიო სპორტს” უკვე ეწერა, რომ 25 წლის დვალიშვილის შეძენა თურქულ “გაზიანთეფსფორს” სურს და ქართველის თამაშის სანახავად ამ კლუბის სკაუტებიც იყვნენ. იმ მატჩში დვალიშვილმა დუბლი მიითვალა და ბუნებრივია, თურქების ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. თუმცა, “მაკაბის” თან სურს ლადოს ზამთარში გაყიდვა, თან ყოყმანობს.   
უფრო ვრცლად ყოველივე ზემოთქმულზე დვალიშვილის ინტერვიუდან - “მსოფლიო სპორტი” მას ისრაელში დაუკავშირდა და რა თქმა უნდა, საუბარი საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც შეეხო:
- “მაკაბის” ევროპის ლიგის ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი აქვს. რას იტყვით “შალკესთან” მატჩში თქვენს შანსებზე (“მაკაბი”-“შალკე” 14 დეკემბერსაა და დვალიშვილის გუნდი, მოგების შემთხვევაში, ჯგუფიდან გავა – ი.ნ.)?
- შინ ვთამაშობთ და უნდა მოვიგოთ. რა თქმა უნდა, “შალკე” ძლიერი გუნდია და იოლი თამაში არ გვექნება, მაგრამ ვეცდებით, წარმატებას მივაღწიოთ. პარალელურ მატჩში, რუმინეთის “სტიაუა” და კვიპროსის აეკ-ი თუ ფრედ ითამაშებენ, მაშინ “შალკესთან” ფრის შემთხვევაშიც გავალთ ჯგუფიდან, თუმცა, სხვების იმედზე არ უნდა ვიყოთ.
- ამ სეზონში ბევრი თამაში არ მოგიწიათ. იყო პერიოდი, მუდმივად სათადარიგოთა სკამზე იყავით, მერე კი ისევ გამოჩნდით და გოლებიც გაიტანეთ. უთამაშებლობის მიზეზი რა იყო?
- ის, რომ კონტრაქტს არ ვაგრძელებდი. მწვრთნელებთან და ხელმძღვანელობასთან საუბარი აუცილებელი იყო და გავარკვიეთ კიდეც ყველაფერი. ამ საუბრის შემდეგ მათამაშებენ და შანსიც გამოვიყენე.
- კი მაგრამ, კონტრაქტი მაინც არ გაგიგრძელებიათ და...
- დიახ, არ გამიგრძელებია. კლუბის შეცვლა მინდა. უბრალოდ, ვისაუბრეთ და როგორც ორივე მხარისთვის უკეთესი იქნებოდა, ისე შევთანხმდით. ითამაშე და იანვრისთვის შენს საკითხს გადავხედავთო.
- ბუნებრივია, “მაკაბიც” დაინტერესებული იქნება ზამთარში თქვენი გაყიდვით, რათა გარკვეული თანხა აიღოს.
- ასეა, მაგრამ მეორეს მხრივ, დიდ თანხასაც ვერ აიღებენ ჩემში. მსურველმა კლუბებმა ხომ იციან, რომ  კონტრაქტი მალე მიმთავრდება. ახლა იმდენად აღარ სურთ ჩემი გაყიდვა, უფრო დარჩენას მთხოვენ.
-    დაახლოებით რა თანხად გაფასებთ “მაკაბი”?
-    მაქსიმუმ, ნახევარ მილიონ ევროს თუ აიღებენ. ამიტომაცაა, რომ ჩემი იაფად გაშვება მაინცდამაინც არ უნდათ. თუმცა, თუ კარგი ვარიანტი გამოჩნდება, ხელს არ შემიშლიან.
-    “გაზიანთეფსფორის” ვარიანტზე რას იტყვით?
-    ჩემი თამაშის სანახავად იყვნენ, 2 გოლი გავიტანე და კმაყოფილები დარჩნენ. ახლა ველოდები მათ შემოთავაზებას და ვნახოთ. არაა გამორიცხული, სხვა კლუბებიც გამოჩნდნენ.
-    კონკრეტული საუბარი ჯერ მხოლოდ “გაზიანთეფსფორზეა”?
-    დიახ. სხვა კლუბებზე საუბარი ჯერ არასერიოზული იქნება. როცა რეალური გახდება, მაშინ, კი ბატონო.
-    “მაკაბი” ისრაელში ვერ ლიდერობს. ჩემპიონობის შანსებზე რას იტყვით?
-    ძალიან რთული იქნება. გუნდიდან ბევრი ფეხბურთელი წავიდა, 19-20 წლის ბიჭები თამაშობენ და მართალია, ნიჭიერები არიან, მაგრამ გამოცდილება აკლიათ.
-    საქართველოს ნაკრებზეც: მოლდოვასთან ნოემბრის მატჩს როგორ შეაფასებდით?
-    ვფიქრობ, კარგი თამაში ვაჩვენეთ. ყოველ შემთხვევაში, სუსტად ნამდვილად არ გამოვიყურებოდით და დამსახურებულად მოვიგეთ. მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან მანამდე წაგებები გვქონდა.
-    ნაკრებში უგოლო სერია ძალიან გაგიგრძელდათ. ამის გამო, ფსიქოლოგიურად არ გიჭირთ?
-    ადრე ეს ფაქტორი ძალიან მოქმედებდა, ახლა კი თავს ძალა დავატანე და საკუთარ თავს ჩავუნერგე, რომ არ ვინერვიულო. ღმერთის წყალობით, ნაკრებში გოლებს კიდევ გავიტან. დარწმუნებულიც ვარ, რომ ასე მოხდება.
-    ისე, კარგად გემახსოვრებათ, ვის გაუტანეთ ნაკრებში პირველი გოლი.
-    რა თქმა უნდა - ალბანეთს...
-    ...რომელიც საქართველოს ნაკრების მეტოქე იქნება თებერვლის ამხანაგურ მატჩში.
-    ვეცდები, ნავსი გავტეხო. ჩემზე მეტად ვინ ნერვიულობს ამ უიღბლო სერიაზე...
-    თემურ ქეცბაიასთან ურთიერთობაში რამდენიმე ფეხბურთელს აქვს პრობლემა. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?
-    პირადად მე, ქეცბაიასთან კონფლიქტი არ მქონია. ისე, ქეცბაია ადრე უფრო ემოციური იყო, ვიდრე ბოლო მატჩებისას. ყველა მწვრთნელს თავისებური მიდგომა აქვს და ეს მშვენივრად მესმის.

 

ილია ნანობაშვილი
 

0.119379