ლადო ჩიხლაძე საჩოგბურთო მოედანს უბრუნდება. ის წელს საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრების შემადგენლობაში 29-ედ ითამაშებს დევისის თასზე. 2007 წელს მიღებული ტრავმის შემდეგ, მისი საჩოგბურთო კარიერის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ლადო ამ დროისთვის ისევ აქტიურად განაგრძობს ვარჯიშს და ოცნებაში დარჩენილი მიუღწეველის უახლოეს მომავალში ასრულებას გეგმავს.
- როგორ გახდა 70-იანი წლების ვარსკვლავი კალათბურთელის, თამაზ ჩიხლაძის შვილი ჩოგბურთელი? ალბათ, ყველა ელოდა, რომ თქვენც კალათბურთს ითამაშებდით.
- კი, ნამდვილად იყო ჩემგან კალათბურთელის გამოყვანის მცდელობა. მართლაც ყველა ელოდა, რომ მამაჩემის შვილი აუცილებლად კალათბურთელი უნდა გამხდარიყო. კალათბურთზეც შემიყვანეს და თავიდან აქტიურად ვთამაშობდი. მაგრამ, ალბათ, ისე ძალიან არ მიყვარდა, როგორც უნდა მყვარებოდა და მალევე დავანებე თავი. მგონი, სწორი გადაწყვეტილება იყო. მამაჩემმა რასაც მიაღწია, იმის მიღწევა ადვილი არ არის და თუ მე იმაზე მეტს ვერ გავაკეთებდი, როგორც სპორტსმენი, ყოველთვის მამაჩემის ჩრდილში უნდა ვყოფილიყავი.
- რატომ არ გახდით კალათბურთელი გასაგებია. ახლა ის გვითხარით, რატომ გახდით ჩოგბურთელი?
- სპორტი ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა. ძალიან ენერგიული ვიყავი, ცოტა ნერვიულიც. ჩოგანიც ხშირად მეკავა ხელში და სახლში არაფერს ვინდობდი. შეწუხდა ჩემს ირგვლივ ყველა. დეიდაჩემმა თქვა: თქვენ თუ არ წაიყვანთ სპორტზე, მე მოვუხერხებ რამესო და წამიყვანა ჩოგბურთზე. მაგ დროს 8 თუ 9 წლის ვიყავი. 10 წლიდან უკვე სერიოზულად დავინტერესდი, ეს ჩემმა მშობლებმაც შეამჩნიეს. მერე მამაჩემიც ჩაერია და თეიმურაზ კაკულიასთან გადამიყვანა.
- 10 წლის ასაკში სერიოზულად დაინტერესდით ჩოგბურთით, 2003 წლიდან კი, უკვე პროფესიონალი ჩოგბურთელების სიაში ხართ. როგორი იყო გზა 1995 წლიდან 2003 წლამდე?
- 13 წლის ვიყავი, როცა თბილისში ჩამოსულმა ამერიკელმა მწვრთნელმა პო ბლოშმა, ჩემი თამაში ნახა და სპონსორობა შემომთავაზა. გამიფორმეს კონტრაქტი და ჩავედი გერმანიაში. მიუხედავად იმისა, რომ მანამადე არც ერთი ტურნირი არ მქონდა ნათამაშები, ოთხი ტურნირიდან, რომელიც მაშინ აქ ვითამაშე, ოთხივე მოვიგე. მივიღე შემოთავაზება ნიკი პილიჩისგან, რომ მასთან მეთამაშა და მეც დავრჩი ოთხი წლით გერმანიაში. 14 წლამდე მოთამაშეებში მეორე ჩოგანი გავხდი, 16-წლამდელთა ათეულში ვიყავი. 18 წლის ასაკში ამერიკაში წავედი ცნობილი მწვრთნელის, მაიერის შემოთავაზებით. ამ დროს ცოტა გული ავიცრუე თამაშზე, ამერიკაში კოლეჯში სწავლაზე უარი ვთქვი და საქართველოში დავბრუნდი. ვვარჯიშობდი თითქმის კონტროლის გარეშე, რის გამოც, არაერთი ტრავმა მივიღე. ამან ძალიან უკან დამხია. თუ წელიწადში 12 თვიდან 11 უნდა ითამაშოს ჩოგბურთელმა, მე ვთამაშობდი წელიწადში სამ თვეს. დანარჩენი დრო კი, ან ფეხი მქონდა ამობრუნებული, ან კუნთი გაწყვეტილი. ძნელი იყო ასევე საკუთარი თავის მოტივირებაც. ამ ყველაფრის გამო, ამ წლებში ჩემს სპორტულ კარიერას არაფერი მომატებია.
- მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მალე გახდით საქართველოს პირველი ჩოგანი. როდიდან დაუბრუნდით აქტიურად ისევ ჩოგბურთს?
- 2007 წელს მოხდა რაღაც გადატრიალებისმაგვარი. მივხვდი, რომ ძალიან მიყვარდა ეს სპორტი და ისევ სერიოზულად დავიწყე მომზადება. 2006 წლის დეკემბრიდან 2007 წლის ბოლომდე სერიოზულად ვემზადებოდი და ეს შედეგებსაც დაეტყო. ყველაზე დიდ წარმატებებს იმ წელს მივაღწიე. რაც ნიშნავდა იმას, რომ 2008 წელს უნდა გამეკეთებინა მთავარი და ყველაზე დიდი გასვლა. დეკემბერში, ანუ მაშინ, როცა იწყება საჩოგბურთო მომზადება, წავედი ამერიკაში სავარჯიშოდ. იქ ჩავედი 4 დეკემბერს, 8 დეკემბერს მივიღე ტრავმა და 9 თვე საწოლიდან არ ავმდგარვარ. ამან თითქმის შეიწირა ჩემი კარიერა.
- ეს, როგორც ვიცი, არა მარტო ფიზიკურად დასუსტებას ნიშნავს, არამედ რეიტინგზეც უარყოფითად მოქმედებს.
- მსგავსი შემთხვევების დროს ასეთი რამ ხდება, ცხრა თვის განმავლობაში თამაშის დაწყებიდან, გიცავენ რეიტინგს, რომელიც უკვე გაქვს. ამ რეიტინგით შეგიძლია ითამაშო 9 ტურნირი, დანარჩენ ტურნირებზე გაქვს ნოლი რეიტინგი. ამ ცხრა ტურნირზე თუ ვერ გამოხვედი, გაქვს ნოლი ქულა და ფაქტობრივად ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო. გარდა ამისა, ამ დროს აღარ ხარ განთესილი, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას.
- და თქვენ რატომ ვერ შეძელით ამ რეიტინგის გამოყენება?
- ტრავმიდან ცხრა თვის შემდეგ, როდესაც მწვრთნელმა აზერბაიჯანში გამიშვა სათამაშოდ, მხოლოდ ერთი კვირის ნავარჯიშები ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ იქ კარგად ვითამაშე და ნახევარფინალში გავედი, მაშინ ჩემი საჩოგბურთო მოედანზე გასვლა დიდი შეცდომა იყო. ფიზიკურად კარგად არ ვიყავი მომზადებული და შემდეგ თამაშში ძალიან სუსტმა მეტოქემ დამამარცხა. მერე ისევ დამიწყო კისერმა ტკივილი და 3 თვე საწოლიდან ვერ ავდექი. ამ დროს, მთელი ეს ჩემი ქულები, რითაც 9 ტურნირი უნდა მეთამაშა, გაქრა.
- რას ნიშნავდა ეს თქვენი კარიერისთვის, გარდა რეიტინგის დაკარგვისა?
- როგორც სპორტსმენი, შეჩვეული ხარ რაღაც შედეგს. როცა ეს ყველაფერი უცებ გერთმევა, ძნელი შესაგუებელია და ძალიან გიჭირს თავიდან დაწყება. იმ დროს ვფიქრობდი, რომ არასოდეს მომინდებოდა თამაში. მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი მწვრთნელი მყავდა ავსტრიაში 2009 წელს და ფიზიკურადაც გავძლიერდი, მაინც გადავწყვიტე თამაშზე თავის დანებება. ამას, ჩემი შვილის დაბადებაც დაემთხვა და მასზე გადავიტანე მთელი ყურადღება.
- და მაინც, რამ გადაწონა, ნოლიდან დაწყების შიშმა, თუ ფიზიკურად დასუსტებამ?
- თამაშის გაგრძელება ფიზიკურად ისე ძნელი არ იყო, როგორც ფსიქოლოგიურად. თითქმის დეპრესიამდე მივედი. ტკივილები ძალიან მაწუხებდა, ვხედავდი რომ იმდენს ვეღარ ვაკეთებდი, რამდენსაც წინა წლებში. რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ იყო, მაგრამ ამ ყველაფერს უფრო ვუმკლავდებოდი, ვიდრე ფსიქოლოგიურ ტკივილს. ერთმა ცნობილმა ჩოგბურთელმა თქვა, რომ ჩოგბურთი 75 % მენტალური სპორტია, დანარჩენი ფიტნესი და მხოლოდ 5 %-ია ჩოგბურთი. ჩემთვის ზუსტად ეს 75% იყო ამ დროს ძნელი ასატანი. ამიტომაა ჩოგბურთი ერთ-ერთი ყველაზე რთული სპორტი. მარტო ხარ და, თუ მენტალურად ძალიან ძლიერი არ ხარ და ამ სიმარტოვეს ვერ უმკლავდები, ფსიქოლოგიურად განადგურებს. მე ეს ვერ გადავლახე მაშინ.
- მართალია, ჩოგბურთის თამაშს დაანებეთ თავი, მაგრამ არა ჩოგბურთს და როგორ აფასებთ თქვენი, როგორც მწვრთნელის კარიერას?
- როგორც მწვრთნელმა, ვიმუშავე არა მარტო ახალგაზრდებთან, არამედ პროფესიონალებთანაც. ამან თვითონაც ძალიან ბევრი რამ მასწავლა. შემოთავაზება მაქვს ინგლისიდან, რომ წავიდე და იქ ვიმუშავო. თუ ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც დაგეგმილი მაქვს, უახლოეს მომავალში ამის დრო აღარ მექნება, მაგრამ სამომავლოდ ამის გაკეთებასაც ვგეგმავ. ჯერ უფრო მნიშვნელოვანი რამის მიღწევა მაქვს ჩაფიქრებული. რაც შეეხება ჩოგბურთის თამაშზე თავის დანებებას, მე ამას უფრო შესვენებას დავარქმევდი.
- როგორც ვიცი, ეს შესვენება დასრულდა და მალე ისევ გნახავთ საჩოგბურთო მოედანზე.
- კი, ასეა. ჩავეწერე დევისის თასის გუნდში 2010 წლისთვის. ისევ ვუბრუნდები ჩოგბურთს ახალი შემართებით და ენერგიით. ამ გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან დამეხმარა ჩემი ოჯახი. ჩემს გვერდით დგანან ჩემი მშობლები, მეგობრები, უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ ჩემი მეუღლისგან და შვილისგან. (1 წლის ლუკა, ვერ ამბობს, მაგრამ ძალიან უნდა რომ მამა საჩოგბურთო მოედანზე ნახოს). ახლა მთავარი ისაა, რომ დაფინანსება ვნახო. ეს საშუალებას მომცემს 100%-ით დავუბრუნდე ჩოგბურთს. მოლაპარაკებული ვარ მწვრთნელებთან, ვვარჯიშობ ძალიან აქტიურად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მზად ვარ მენტალურად და უფრო მეტი ვიცი, რაც აქამდე ვიცოდი.
- მიღწეულ წარმატებებს დავუბრუნდეთ. რომელ ტურნირს, ან ტურნირებს გაიხსენებთ, როგორც ყველაზე ემოციურს და მნიშვნელოვანს თქვენი კარიერისთვის?
- ყველაზე ემოციური იყო მესამე თამაში დევისის თასზე სამხრეთ აფრიკასთან. ასეთი ემოცია არც მანამდე და არც მას შემდეგ არ მიგრძვნია. მანამდე, დევისის თასზე მაინც და მაინც კარგად არასდროს გამოვსულვარ. დღემდე ვამბობ, რომ ჩემი კარიერა ამ თამაშის შემდეგ დაიწყო. სპორტის სასახლეში სამხრეთ აფრიკას ვეთამაშებოდით. ჩემთვის სპორტის სასახლე ძალიან, ძალიან დიდი რამ იყო. მამაჩემის კარიერა სპორტის სასახლეში დაიწყო და იქვე მოინათლა თამაზ ჩიხლაძე “ყურშა”-დ. ძალიან მიჭირს იმის გადმოცემა, თუ რას ნიშნავდა ჩემთვის, მეთამაშა სპორტის სასახლეში და საქართველოს სახელით მომეგო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში, რომლის შემდეგაც, საქართველოს ნაკრები რიგით მე-16-ე გახდა მსოფლიოში. შემდეგ კიდევ ორი თამაში მოვიგეთ და ისტორიაში შევედით, როგორც საუკეთესო გუნდი. ეს იყო კარიერისთვის და პრესტიჟისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში არა მარტო ჩემთვის, არამედ ქართული ჩოგბურთისთვისაც.
- თქვენ გერმანიაში იმყოფებით, ირაკლი ლაბაძე წლების განმავლობაში ავსტრიაში იყო. ის, რომ ორი პირველი ჩოგნიდან ორივე ქვეყნის გარეთ გაიზარდა, ნიშნავს იმას, რომ ქართველ ჩოგბურთელებს საქართველოში განვითარების პერსპექტივა არ აქვთ?
- მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი, უამრავ მაღალი კლასის მწვრთნელთან მივარჯიშია, მაგრამ თემურ კაკულიას მსგავსი მწვრთნელი ცოტა მინახავს. თემური დღემდე ითვლება ჩემთვის ყველაზე საყვარელ და საუკეთესო მწვრთნელად. მისი გარდაცვალება ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილი და დანაკლისი იყო. მან მოინდომა, რომ ევროპაში წამოვსულიყავი სავარჯიშოდ, რადგან თბილისში შესაბამისი მეტოქეები აღარ მყავდა. სპორტში ძალიან ბევრია ფინანსებზე დამოკიდებული და ამის გამო, ბევრი სპორტსმენი თამაშს თავს ანებებს. გარდა ამისა, როცა ევროპაში, ან ამერიკაში თამაშობ, ვიზა არ გჭირდება სხვა ქვეყნებში სათამაშოდ წასასვლელად, რაც ბევრ სირთულეს გიხსნის. ყველაზე მეტი აკადემია და კლუბიც ამ ქვეყნებშია. ამიტომ, ყველა მწვრთნელი, რომელიც ხედავს, რომ ნიჭიერი სპორტსმენი ჰყავს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის საქართველოს გარეთ გაუშვას.
- ანუ, ქართველი ჩოგბურთელების მომავალი საქართველოში, არც ისე ნათელ ფერებში ჩანს?
- საქართველოში დღეს ჩოგბურთელებისთვის ძალიან არახელსაყრელი პირობებია. არადა, არაჩვეულებრივი ნიჭის პატარა ჩოგბურთელები გვყავს. ნიკი პილიჩმაც კი აღნიშნა, რომ ქართველებზე დიდი ტალანტის მქონე ხალხი იშვიათად მინახავსო. მან ეს ჩოგბურთთან მიმართებაში თქვა, მაგრამ ბევრისგან გამიგია ეს სპორტის სხვა სახეობებზე. ჩვენ დიდი სამომავლო გეგმები გვაქვს ამასთან დაკავშირებით. იმედია, შევძლებთ მათ განხორციელებას. ჯერჯერობით, არ არის ისეთი პირობები საქართველოში, რომ მოთამაშემ 18 წლის მერე გააგრძელოს ზრდა. სულ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს ქართული და ამერიკის, თუ ევროპის ჩოგბურთი.
- საკუთარ თავს როგორ უკავშირებთ ქართულ ჩოგბურთს მომავალში? ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ გერმანიის, ან სხვა ქვეყნის სახელით ითამაშოთ?
- მე 14 წლის ასაკში მქონდა შანსი გავმხდარიყავი გერმანიის მოქალაქე და მეთამაშა გერმანიის სახელით, რაზეც უარი ვთქვი. იგივე შემომთავაზეს მოგვიანებით ამერიკაშიც და არც ამას დავთანხმდი. ამ ორი ქვეყნის სახელით თამაში, ჩემი საჩოგბურთო კარიერისთვის ბევრ რამეს უფრო იოლს გახდიდა. გაცილებით ადვილი იქნებოდა სპონსორების პოვნაც და შეიძლება, ბევრად უფრო მეტი მქონოდა დღეს გაკეთებული. მაგრამ, მე რასაც ვაკეთებ ჩემს ცხოვრებაში და კარიერაში, იმისთვის ვაკეთებ, რომ საქართველოს მოვუტანო ამით სახელი და ჩემს სამშობლოს გამოვადგე, როგორც შემიძლია. მე საქართველოში უნდა დავბრუნდე. ქართველად დავიბადე და ვერ ვიქნები ვერც გერმანელი, ვერც ამერიკელი.
თინათინ ჩითინაშვილი
გერმანიის ქართული სათვისტომოს სპორტის ქომაგთა კლუბი “ივერიელი”
www.iverieli.com