როგორც იცით, საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, 32 წლის ლადო ბურდული, ბოლნისის “სიონის” სპორტული დირექტორი გახდა. ბოლო პერიოდში, ქვემოქართლელებს დალხენილად არ აქვთ საქმე, ამჟამადაც ბოლოდან მესამე ადგილზე არიან და სულაც არ აქვთ გარანტირებული უმაღლეს ლიგაში დარჩენა.
“სიონის” შემადგენლობაში საკმაო ცვლილებები მოხდა და ბურდულს ამის შესახებაც ვესაუბრეთ:
- იყო საუბარი, ლადო ბურდული მწვრთნელი გახდებაო, თუმცა სპორტული დირექტორი ხართ.
- ჯერ A ლიცენზია არ მაქვს. ბავშვთა საფეხბურთო სკოლა “ჩემპიონში” ვმუშაობდი და ექვსი თვის წინ B ლიცენზიაც ავიღე. წესია ასეთი, რომ B-ს მერე, A ლიცენზიის კურსის გავლამდე, მინიმუმ, ერთი წელი უნდა იყოს გასული. ექვსი თვე დარჩა და მერე მომეცემა კურსების გავლის საშუალება.
- “სიონის” შემადგენლობაში მომხდარ ცვლილებებზე გვითხარით.
- ჯერჯერობით, მხოლოდ ორი ფეხბურთელია ოფიციალურად წასული: რევაზ ჯიქია და გიორგი ჭედია. დამატებულები არიან: კოკა მიკუჩაძე (ბოლოს უგუნდოდ იყო, “სიონში” კი ადრეც თამაშობდა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო 2005-2006 წლების სეზონში, როცა ბოლნისელები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ), ირაკლი ლექვთაძე (თბილისის “დინამოდან” განათხოვრებით), დაჩი ფოფხაძე (“ზუგდიდიდან”), დავით ჩაგელიშვილი (ბოლოს, ყაზახურ “ოკჟეპტესში” გახლდათ). ასევე, ზაალ ელიავა მოდის “ზესტაფონიდან” და დავით მაისაშვილი “ვიტ ჯორჯიადან”. სხვათა შორის, ისრაელიდან ველით ფეხბურთელს: ისრაელის ახალგაზრდულ ნაკრებშია და პერსპექტიული მოთამაშეა. სახელ-გვარს მოგვიანებით შეიტყობთ.
- კარგი შემადგენლობაა. გასაგებია, რომ წლეულს ამოცანა მხოლოდ უმაღლესში ადგილის შენარჩუნებაა, მაგრამ მომავლისთვის თუ ჩანს უკეთესობის პერსპექტივა?
- სასიკეთო ამბები ხდება და ეს მახარებს. გამგეობა გვაფინანსებს და ასევე, “მადნეულიც” მხარში გვიდგას. მინდა, მათ მადლობა მოვუხადო. ახალი გამგებელი ლევან ფალავანდიშვილი “სიონის” ბედით ძალიან დაინტერესებულია და ყურადღებას არ გვაკლებს. საერთოდ, ბოლნისი ისეთი მხარეა, სადაც საფეხბურთო ბუმი ყოველთვის იყო. ბოლო წლებში, სამწუხაროდ, ცეცხლი ჩაქრა, მაგრამ თბილისის “დინამოში” როცა ვთამაშობდი, მახსოვს, ბოლნისის სტადიონზე რა ხდებოდა. აქ ხალხს ძალიან უყვარს ფეხბურთი და ვფიქრობ, ერთი-ორი გამარჯვება უკვე დააბრუნებს ხალხს სტადიონზე. ბიძგია საჭირო და ეს, აუცილებლად უნდა გააკეთოს “სიონმა”.
- სტადიონი როგორ მდგომარეობაშია?
- სამწუხაროდ, ჯერ ცუდ მდგომარეობაშია. ბოლნისში სავარჯიშო მინდორი არ გვაქვს და თბილისში, “ბენდელაზე” ვემზადებით. “ზოოვეტს” 3:1 მოვუგეთ, 26 იანვარს კი, ასევე “ბენდელაზე”, თბილისის “სასკოს” ვხვდებით. სტადიონს რაც შეეხება, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს იმედი გვაქვს. ველოდებით. იმდია, გამოსწორდება.
- უცხოეთში შეკრება ხომ არ გექნებათ?
- 5 თებერვალს მივდივართ ანთალიაში და 18-მდე დავრჩებით. სპარინგ-მეტოქეების ზუსტი სია ჯერ უცნობია. მალე გვეცოდინება.
- გიორგი დემეტრაძეზეც გკითხავთ: როგორც ვიცით, “სიონში” მუშაობა შესთავაზეთ...
- დიახ. სელექციონერად მუშაობა შევთავაზე. დემეტრაძე ჩემი მეგობარია და ასეც არ იყოს, მისი საფეხბურთო ცოდნა დიდად გამოგვადგებოდა – ძლიერი სელექციონერი იქნებოდა. გიორგის უკრაინიდან აქვს შემოთავაზება, კონკრეტულ წინადადებებს ელის.
- უკრაინაში ასევე სელექციონერობას სთავაზობენ?
- როგორც ვიცი, ასეა. გიორგის ბევრ ქვეყანაში აქვს ნათამაშები, დიდი კავშირები აქვს და ბუნებრივია, კარგად იმუშავებს.
ილია ნანობაშვილი