ჩემპიონატ-თასიანად 8 მატჩი: 6 მოგება, 2 ფრე – ასეთია ბოლნისის “სიონის” სტატისტიკა მას შემდეგ, რაც გუნდის მთავარი მწვრთნელი ლადო ბურდული გახდა. ასეთი სახეცვლილება წარმოუდგენელიც ჩანდა, “სიონი” ექვსეულში შესასვლელად უკვე ჩამოწერილი იყო, ახლა კი გუნდი მეხუთე ადგილზეა და თასის მეოთხედფინალშიცაა გასული.
ბურდული ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელია ეროვნულ ჩემპიონატში და მშვენივრად დაიწყო. ის 33 წლისაა და დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა. “მსოფლიო სპორტი” ლადოს ესაუბრა:
- ასეთი რა შეცვალეთ “სიონში”?
- მთავარი: საფეხბურთო ცხოვრება.
- ეს ზოგადია...
- გუნდში იყო სერიოზული პრობლემები არასაფეხბურთო სახისა და უპირველესად, ამის მოგვარება დავიწყე. უფრო მეტი დრო ფეხბურთზე საუბარს, ტაქტიკის შემუშავებას დავუთმე. ვიცი, რამდენად რთულია უცხოეთიდან ჩამოსულისთვის ეროვნულ ჩემპიონატზე გადმორთვა: კლუბში მოუწესრიგებელი იყო ფინანსური სიტუაცია. გავაუმჯობესეთ საპრემიო სისტემა. როცა ფეხბურთელს ბანკებთან აქვს პრობლემა, ოჯახშიც ექმნება დისკომფორტი და ასეთი კაცი ფეხბურთზე ვერ იქნება გადმორთული. პირველი, რაც გავაკეთე, ფეხბურთელებს მშვიდად ყოფნის საშუალება მივეცი. ერთი დიდი ოჯახი ვართ. დავსხედით და გულახდილად ვისაუბრეთ, ვინ რა დავაკელით საერთო საქმეს. მოხარული ვარ, რომ სათქმელი ყველამ თქვა და გულწრფელი საუბარი გამოვიდა. “სიონის” ბევრი ფეხბურთელი ჩემი ყოფილი თანაგუნდელია, ბევრი მეგობარია, მაგრამ ეს მინდორს მიღმა. მინდორზე მეგობრობა გვერდზე გადაიდება. უცხოეთში დიდხანს ვითამაშე და ვიცი, რაც არის ქართველი კაცის სენი: ბევრი მათგანი სხვის იმედზეა, აი, მე თუ ვერ გავაკეთე, ჩემი თანაგუნდელი გააკეთებსო. ეს შევცვალე, სათამაშო დისციპლინა გამოვასწორე. არ დავმალავ, რომ ბევრ ფეხბურთელს ამდენი წაგების მერე რწმენა დაკარგული ჰქონდა. ვისაუბრეთ ფსიქოლოგიური კუთხით. მთავარ ფაქტორებზე გითხარით, დანარჩენი კი მინდორზე იყო გასაკეთებელი და “სიონის” ფეხბურთელებმა რომ თამაში იციან, ასე ბევრი ქართული გუნდი ვერ დაიკვეხნის. საკმაოდ კარგი შემადგენლობა გვყავს.
- ფინანსური პრობლემა თქვენ როგორ მოაგვარეთ?
- საკრებულოსთან და გამგეობასთან გვქონდა შეხვედრა. მათ სიტუაცია ავუხსენი: კლუბში არ იყო ფული და მოგვცეს. “მადნეულმა” გარკვეული მიზეზების გამო ვერ გამოგვიყო თანხა და მათ ნაცვლად, საკრებულომ ჩაგვირიცხა. “მადნეული” შეგვპირდა, შემდეგში დაგეხმარებითო.
- შემადგენლობაზე თქვით და ზედმეტად ასაკოვანი გუნდი ხომ არაა?
- ახალგაზრდების ყოლა აუცილებელია, მაგრამ მარტო ახალგაზრებით გუნდის აშენება ძნელია. მასინ, 5-6 წელიწადი შედეგი არ უნდა დაგეგმო. და ასეც არ იყოს, ძნელია შენება დაიწყო, თუ ამ ახალგაზრდების გვერდში მინიმუმ 4-5 გამოცდილი ფეხბურთელი მაინც არ არის. გავიხსენოთ, საქართველოს ნაკრებში მე და ჩემი თაობის ფეხბურთელები ვიზრდებოდით ქინქლაძის, არველაძისა და სხვების გვერდით. გამოცდილება გვემატებოდა. “სიონშიც”, შესაძლოა, აფციაურმა და გოგობერიშვილმა იმდენი ვერ ირბინონ, როგორც მაგალითად ბიბილეიშვილმა, მაგრამ ბიბილეიშვილი მათგან სწავლობს, გამოცდილებას იღებს. ერთი მთავარი: ჩვენ საბიუჯეტო კლუბი ვართ და ფეხბურთელების გადმოყვანის საკითხში შეზღუდულები ვართ. მაგალითად, ძალიან მომწონს “ვიტ ჯორჯიას” კაპიტანი ჯანელიძე და მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდაა ჩემპიონატში, მაგრამ ჯანელიძეს რომ “დინამომ” და “სიონმა” შესთავაზონ გადმოსვლა, ჩვენთან რატომ წამოვა? ჯიღაური მინდოდა, მაგრამ სხვამ უკეთესი პირობა შესთავაზა. ასეა, ფეხბურთში ფული დიდ როლს თამაშობს და ბევრს ეს ვერ გაუგია. და მაინც, გვყავს “დინამოდან” იჯარით აყვანილი ახალგაზრდები, თანაც, ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელები: ტვილდიანი და პარუნაშვილი. ახლა ორივე მათგანს ტრავმა აქვს, მაგრამ ხომ კარგად თამაშობდნენ... ჩვენთან რომ არ ყოფილიყო პარუნაშვილი და სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონოდა, 21-წლამდელებშიც არ ათამაშებდნენ. მინდა, რომ “სიონს” ჰქონდეს თავისი სკოლა, თავისი მოედანი. ქვემო ქართლში ბევრი ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ მიდიან “დინამოს აკადემიაში”, “საბურთალოში”.
- ბოლნისის სტადიონი როდის იქნება მზად?
- ბოლნისის გამგეობა და საკრებულო დაგვპირდა, რომ მარტის ბოლოს იქნება. “სიონი” შინ რომ თამაშობდეს, უფრო მაღლა იქნებოდა ცხრილში. “თამაზ სტეფანიაზე” 3000 კაცი ეტევა და ასეთ შედეგს რომ დაინახავდნენ, მინიმუმ 1500 კაცი რეგულარულად ივლიდა. ბოლნისში ძალიან უყვართ ფეხბურთი.
- როგორც ვიცით, არც მინდორი ვარგა და სტადიონის ზომაც პატარაა.
- ასეა. 40 წლის მინდორია. ესაა ტყის მინდორი, რომელიც არ გამოცვლილა. ახალი უნდა დაიგოს და დრენაჟი გაკეთდეს. სტადიონის ზომა უნდა გაფართოვდეს. ყოველ შემთხვევაში, გვპირდებიან, მარტის ბოლოსთვის მზად იქნებაო.
- როგორც მწვრთნელი, რას ანიჭებთ უპირატესობას, როგორ ფეხბურთს?
- უპირველესად, მიდგომის მხრივ გამოვარჩევდი – ყველასთან ერთნაირად ვერ ისაუბრებ. მწვრთნელმა უნდა იცოდეს თითოეული ფეხბურთელის ხასიათი, ინდივიდუალურად უნდა მიუდგეს. ზოგთან მშვიდი საუბარი წრის, ზოგთან დაყვირება.
- ვინ არის თქვენთვის იდეალური მწვრთნელი? ან იდეალურთან მიახლოებული?
- ყველასგან უნდა აიღო საუკეთესო თვისებები. მაგალითად, დავით ყიფიანი დიდი ავტორიტეტი იყო და მისგან ბევრს ისწავლიდი. სწორედ ყიფიანმა ამიყვანა პირველად “დინამოში”, ბევრი კარგი რამ მახსენდება მისგან. ყიფიანი მოწინააღმდეგეს კარგად შიფრავდა. ივო შუშაკს გამოარჩევდა ფეხბურთელების ფსიქოლოგიურად და მორალურად მომზადება. მან იცოდა, კონკრეტულ მეტოქესთან როგორ უნდა მოემზადებინა გუნდი. ფეხბურთში ფსიქოლოგია ძალიან ბევრს ნიშნავს. ალექსანდრე ჩივაძესგან ქართველობა და ქართული ფეხბურთის თავისებურებები ისწავლება, ატმოსფეროს შექმნა მას მშვენივრად შეუძლია. უკრაინაში დიდხანს მომიწია ყოფნა, ფომენკოსთანაც ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ლობანოვსკისეული მეთოდები დღეს ცოტა მოძველდა, იქიდანაც შეიძლება რაღაც-რაღაცეების გამოყენება. მე ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია, ახლა დავიწყე მწვრთნელობა და მიხარია, რომ დასაწყისი კარგია. იდეაში, დაბალანსებული გუნდი მინდა: სადაც დაცვა და შეტევა 50/50-ზე იქნება. გააჩნია ფეხბურთელთა კონტინგენტს. მთავარი ამოსავალი წერტილი ხომ ფეხბურთელები არიან.
- დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც თავად თამაშობდით ეროვნულ ჩემპიონატში. მაშინდელს როგორ შეადრებდით მიმდინარე სეზონს?
- ინფრასტრუქტურა უკეთესობისკენ მიდის. ჩემს დროს არ იყო ასეთი სტადიონები. ისეთ საფარზე მითამაშია, უარესს ვერ წარმოვიდგენდი. ახლა არაერთი კარგი სტადიონია. აი, სათამაშო დონეს რაც შეეხება, იკლო. აღარ მოდის ცვლა: ფეხბურთელების ისეთი რესურსი აღარაა, ეს კი საფეხბურთო სკოლებიდან მოდის. “დინამოსა” და ახლა უკვე “ტორპედოს” მოსდით თაობა და კიდევ, პირველ ლიგაში “საბურთალოს”, რომელსაც ასაკობრივ ჯგუფებში ძლიერი ბავშვები ჰყავს. შემდეგ? ამიტომაც ვამბობ, რომ ფეხბურთელების აღზრდას თუ არ მივყევით, ძნელია რამე გამოვიდეს. ამისთვის კი ფულის დახარჯვაა აუცილებელი.
- გია ისიანის მიერ წარმოდგენილ 3-წლიან დაფინანსების პროგრამას ეთანხმებით?
- დიახ. მხარს ვუჭერ. ჩემპიონატში ახლა რთული ვითარებაა, ბევრი კლუბი დაშლის პირასაა. ფულის გარეშე არაფერი გამოვა. 4 გუნდის მარტო მგზავრობასა და კვებას წელიწადში 480 000 ლარი სჭირდება. 25 ფეხბურთელი როცა გყავს გუნდში, მათი სახელფასო ფონდი რაღა დარჩება? თვესი 100 ლარზე ხომ ვერ ათამაშებ ფეხბურთელს. ვფიქრობ, წლიური 2 მილიონი ლარი არის მინიმუმი, რომ კლუბი შეინახო. ამ პროგრამაში, რაც ისიანს აქვს, ერთ-ერთი მთავარი ისაა, რომ უფრო მეტად დაინტერესდება ინვესტორი.
- “სიონს” შედეგის მხრივ მშვენიერი პერიოდი აქვს, მაგრამ ალბათ, შემადგენლობა გარკვეულწილად შეიცვლება ზამთარში. რომელ რგოლში აპირებთ ფეხბურთელების დამატებას?
- ამ 8 მატჩში 11 გოლი გავიტანეთ და 3 გავუშვით, ამ სამიდან ერთი პენალტით. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე რგოლში განსაკუთრებით გვიჭირს, ან პირიქით, თუმცა 2-2 ფეხბურთელით ყველა რგოლს გავაძლიერებდი.
- მგონი, გრძელი სკამის პრობლემა ყველაზე ნაკლებად უნდა გქონდეთ.
- სწორედ ამან გვიშველა, თორემ გაგვიძნელდებოდა. დაშავებული გვყავდა 8 ფეხბურთელი, ზოგიერთი ახლაც ტრავმირებულია. საბედნიეროდ, შემცვლელები სრულფასოვანი მყავდა.