თურქულ ბელეკში იმ სასტუმროში ვცხოვრობდი, სადაც ბოლნისის "სიონი" იყო დაბინავებული. სულ სხვა წარმოდგენა გექმნება, როცა ფეხბურთელთა ქცევასა და ურთიერთობას ყოველდღე ახლოდან უყურებ - გუნდის მაჯისცემას გრძნობ.
ცნობისთვის, მეც და "სიონიც" ერთი თურქული კომპანიის, Enda Tour-ის მეშვეობით ვიყავით თურქეთში. ამიტომაც მოვხვდით ერთ სასტუმროში. თუმცა, ამ კომპანიას ბევრი სხვა გუნდიც ჩაჰყავს შეკრებაზე, უწყობს მათ ტესტ-მატჩებს, უნიშნავს მსაჯებს. მაგალითად, შარშან სწორედ მათ ჩაიყვანეს გერმანული "შალკე", ბელგიური "ანდერლეხტი" და სხვა ცნობილი კლუბები. წლეულს დაახლოებით 150 შეკრება და 500 სპარინგ-მატჩი მოაწყვეს.
თუ რომელიმე კლუბი უარზეა ამა თუ იმ მსაჯის დანიშვნაზე, კომპანიას სხვა არბიტრი მოჰყავს. ან, თუ მინდორი არ მოეწონებათ (ან სასტუმროდან შორია), სხვაზე გადაჰყავთ.
საქართველოში Enda Tour-ის წარმომადგენელი დავით ყენიაა, ვინც მენეჯერი გახლავთ და ქუთაისის "ტორპედოში" სელექციონერად მუშაობდა. სწორედ მისი კავშირებით წავიდა "სიონი" შეკრებაზე. ასევე, მეც. ყენია გოგა გახოკიძესთან და გიორგი ქინქლაძესთან ერთად მუშაობს საფეხბურთო სააგენტოში.
ისევ "სიონზე": აი, დაჩი ფოფხაძე, კოკა მიკუჩაძე და მინდია ბობღიაშვილი ხუმარა ხასიათით: "ერთი იმერული ხაჭაპური, თუ შეიძლება", "საცივი არ არის?" - გასძახებდა ხოლმე ბობღიაშვილი საუზმისას თურქ მიმტანს. ისიც ხვდებოდა, რომ ეხუმრებოდნენ და ეცინებოდა.
მუდამ მშვიდი და ყველასთვის საყვარელი პიროვნება ზვიად სტურუა, რომელიც კლუბის სპორტული დირექტორია; ლეგიონერებიდან ერთი (პოლონელი ჰაიდუჩეკი) საკმაოდ სერიოზული და თავდაჭერილია, მეორე კი (საპირი ისრაელიდან), თითქმის სულ მოცინარი, ავტობუსში ყველა ფეხბურთელთან ფოტოებს რომ იღებდა.
მთავარი მწვრთნელი არმაზ ჯელაძე ხანდახან მეტოქეების მატჩებზეც ახერხებდა წასვლას. მაგალითად, უკრაინული "ჰოვერლას" თამაშზე იყო და ბლოკნოტში ინიშნავდა სათამაშო ნიუანსებს.
იქ იყო მენეჯერი დავით გოგოლაძეც - ასეთი ენერგიული და ემოციური კაცი იშვიათია. რაც ის "ზიმბრუ"-"ენისეის" მატჩისას განცდებში იყო, ნუ იტყვით... "ზიმბრუში" სწორედ მან ჩაიყვანა სამი ქართველი: თორნიკე სტეფნიაშვილი, კონსტანტინე გაბაშვილი და ბაქარ მირცხულავა. ლამის მინდორზე შედიოდა, ისე ნერვიულობდა. ხოლო როცა სტეფნიაშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა, ჯერ იქაურობა გააყრუა შეძახილით და მერე მეუბნება: "აუ, ახლა 10 წლის სიცოცხლე მომემატა"-ო.
სასტუმროში კიდევ 7-8 გუნდი ცხოვრობდა, თუმცა ისე შევატყვე, რომ "სიონი" ყველაზე ხმაურიანი და მხიარული იყო. ვარჯიშზე და თამაშზე კი ეს ყველაფერი ქრებოდა.
არავინ თქვას, ამხანაგურ მატჩებში გუნდები თავს არ იკლავენო... უნდა გენახათ, "სიონი"-"ირტიში" რომ იწყებოდა, ჩვენი ფეხბურთელები როგორი განწყობით გადიოდნენ მინდორზე. თამაშისას თითოეული გოჯისთვის ბრძოლა მიმდინარეობდა. ეს ის მატჩია, რომელიც პირველი ტაიმის ბოლოს შეწყდა - თავსხმა წვიმის გამო.
შეკრებაზე იყო "სიონის" გენერალური დირექტორი ლადო ბურდულიც. აშკარად ჩანდა, ფეხბურთელები ბურდულს დიდ პატივს სცემენ - ბევრი მათგანი ხომ მისი თანაგუნდელი იყო. ლადოს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ბიჭებთან და სულაც არ გამოხატავდა, რომ ის გენერალური დირექტორი იყო. ერთ-ორ შემთხვევაში შენიშვნა დასჭირდა და ფეხბურთელებმაც ულაპარაკოდ მიიღეს.
მეტყველი სურათი იყო, როცა ბურდული ჰოლში "სიონის" ახალგაზრდა მარჯვენაფლანგელ ბიბილეიშვილს გვერდით მიუჯდა და გამოცდილებას უზიარებდა. ლადოც ხომ მარჯვენა ნახევარმცველი იყო.
ახლა კი, ბურდულთან ინტერვიუ. სასიამოვნო ამბავი გვითხრა - ბოლნისში ახალი ხელოვნურსაფარიანი მოედანი აშენდება, სადაც "სიონს" შეეძლება თამაშების ჩატარება, თუმცა უმთავრესად ბავშვთა საფეხბურთო სკოლის შექმნის მიზნით შენდება:
- პირველად ახლა ვამბობ ამ ამბავს: ბოლნისში ადგილს ვარჩევთ, რათა ხელოვნურსაფარიანი მინდორი გაკეთდეს. დაახლოებით "საბურთალოს" "ბენდელას" ტიპის სტადიონი იქნება თავისი ტრიბუნებით. ბოლნისის ახალი გამგებლის, ლევან ფალავანდიშვილის დიდი მადლობელი ვარ. სწორედ მისი მეშვეობით კეთდება ეს. სამი ადგილი ვნახეთ ბოლნისში და ერთ-ერთს შევარჩევთ. შემდეგ გამოცხადდება ტენდერი.
- დაახლოებით როდის იქნება ეს მოედანი მზად?
- მომდევნო სეზონს უკვე იქ დავიწყებთ. ყველაზე გვიან, შესაძლოა, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბერში იყოს მზად. ეს სტადიონი შენდება ბავშვთა საფეხბურთო სკოლის შექმნის მიზნით. მგონი, ამაზე კარგი საქმე არაფერია. სხვადასხვა დროს ბოლნისში არაერთი კარგი ფეხბურთელია აღზრდილი და დღეს რატომ უნდა იყვნენ ბავშვები ასეთ რამეს მოკლებულნი? ივლიან აქვე. შორს წასვლა არ დასჭირდებათ. მშობლების გარეშე შეეძლებათ ვარჯიშზე მისვლა. ზუგდიდში ზვიად სიჭინავამ, ზესტაფონში ილია კოკაიამ, "დინამოში" რომან ფიფიამ გააკეთეს ეს სკოლები. ამაზე კარგი რა უნდა იყოს, როცა მომავალს საძირკველს უყრი? აი, "საბურთალოს" სკოლა ავიღოთ, გააკეთეს და ყველა ხედავს, როგორი წარმატებულია. ეს პროცესი ბოლნისშიც იქნება. მით უმეტეს, ადგილობრივ, ბოლნისელ მწვრთნელთა შორის არიან ისეთები, რომლებსაც შესაბამისი ლიცენზია აქვთ.
- ძალიან კარგი. "თამაზ სტეფანიას" სტადიონს რა ბედი ეწევა?
- რა თქმა უნდა, შენარჩუნდება. "თამაზ სტეფანიაზე" ახლა შედარებით უკეთესი მინდორია, ვიდრე ორი-სამი თვის წინ იყო. თასის მატჩს "მიხეილ მესხზე" ჩავატარებთ, შემდეგი საშინაო შეხვედრა კი, ჩემპიონატში ბათუმის "დინამოსთან" მარტის ბოლოს გვიწევს. მანამდე, იმედია, უკეთესი გახდება "თამაზ სტეფანიას" მინდვრის საფარი. ანუ, "თამაზ სტეფანიაც" გვექნება და ახალი სტადიონიც - ორი სრულფასოვანი მოედანი. იცით, "თამაზ სტეფანიაზე" 20 წელია, რაც მინდორი არ გამოცვლილა? ვადაგასულობას რომ თავი დავანებოთ, ეს მინდორიც გაკეთებულია ტყეში მოჭრილი ბელტებისგან. თვითონ მოსახლეობამ გააკეთა. ეს რომ გავიგე, კინაღამ გადავირიე. მადლობა ამ ხალხს. მას შემდეგ საფარი არ გამოცვლილა.
- ხომ იყო საუბარი, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უნდა გაეკეთებინა "თამაზ სტეფანიას" მინდორი?
- სამ სტადიონზე იყო საუბარი და ერთ-ერთი ბოლნისისაა. ალბათ, გაკეთდება. როცა ბატონი ლევან ყიფიანი ხელს მოაწერს, სამუშაოებიც დაიწყება. მანამდე კი, როგორც გითხარით, თასის მატჩი რომ არ ჩავთვალოთ, მარტის ბოლომდე შინ თამაში არ გვაქვს.
- გასაგებია. ბელეკში გუნდთან ერთად იყავით. კმაყოფილი ხართ თურქული შეკრებით?
- ამ ეტაპზე ყველანაირად კმაყოფილი ვარ. საერთოდაც, ლევან ფალავანდიშვილს, ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ერაძესა და "მადნეულის" პრეზიდენტ კობა ნაყოფიას დიდ მადლობას ვუხდი. კარგი შეკრება გამოვიდა. იგივეს ვიტყვი ფეხბურთელებზე: 23-ივე მოთამაშე სრული პასუხისმგებლობით ეკიდებოდა საქმეს. როდესაც პოსტზე დავინიშნე, ბუნებრივია, ბიჭებთან მქონდა საუბარი და ვუთხარი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რათა ნამდვილ ფეხბურთელებად ეგრძნოთ თავი. 32 წლის ვარ, ჯერ კიდევ გუშინ ფეხბურთელი ვიყავი და მშვენივრად მესმის, ფეხბურთელს სად ულხინს და სად - არა. ვიცი, რა სჭირდება. დაწყნარებული თუ არაა და შებოჭილია, შანსი არაა, კარგად ვერ ითამაშებს. მეც და ზვიად სტურუაც ფეხბურთიდან მოსული ადამიანები ვართ, ასე რომ, მშვენივრად გვესმის, რა სჭირდება მოთამაშეს.
- უხერხულობის მომენტი არ გქონიათ? "სიონის" არაერთი ფეხბურთელი ხომ თქვენი თანატოლია...
- უპირველესად, რა თქმა უნდა, მე გადავდგი ნაბიჯი და მათ ვუთხარი, ძმაკაცობა გვერდით გადავდოთ და საქმეს მივხედოთ-მეთქი. მადლობელი ვარ, რომ "გამომყვნენ". შეუგნებელი არავინაა. კარგად იციან, რომ ფეხბურთი მათი პროფესიაა, ოჯახები ჰყავთ სარჩენი და ცუდი ქცევით საკუთარ თავს მიაყენებენ ზიანს. ორჯერ იყო თხოვნა და გამიგეს. ეს ითქმის როგორც ფეხბურთელებზე, ასევე მწვრთნელთა შტაბზე, ექიმზე, მასაჟისტზე. თავადაც ნახეთ, ცუდი შედეგი არ გვიჩვენებია შეკრებაზე. იმედია, წინსვლა საქართველოს ჩემპიონატსა და თასზეც აისახება. ბოლნისელ გულშემატკივარსაც ერთი ნაპერწკალი უნდა, რათა სტადიონზე დაბრუნდეს. არ დავიწყებ იმაზე საუბარს, თუ როგორ უყვართ აქ ფეხბურთი. როცა თბილისის "დინამოში" ვთამაშობდი, ბოლნისში ჩასვლისას სულ საფეხბურთო გარემო მხვდებოდა. ნებისმიერი სტუმარი გუნდისთვის რთული იყო თამაში.