მეორე წრის მსგავსად, რაფა ნადალს რომის „მასტერზ1000“-ის მერვედფინალშიც სამსეტიანი ორთაბრძოლის ჩატარება მოუწია. ამჯერად მალიორკელის მოწინააღმდეგე რუსი მიხაილ იუჟნი გახლდათ და პირენელმა ჩრდილოსლავს 6:7, 6:2, 6:1 სძლია.
მატჩი 2 საათსა და 44 წუთს გაგრძელდა და მეტოქეებმა ერთადერთი ეისი (რაფა) შეასრულეს. ნადალისა და იუჟნის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 11:4 გახდა.
მეოთხედფინალში ნადალი შოტლანდიელ ენდი მარეის შეხვდება. ბრიტანელმა მერვედფინალში ავსტრიელ იურგენ მელცერს 7:6, 6:4 მოუგო და ნამატჩევს განაცხადა: „სამწუხაროდ, მადრიდში კარგი ჩოგბურთის თამაში ვერ შევძელი. რომში ყოველმხრივ შევეცდები უფრო ყურადღებით ვიასპარეზო, მითუმეტეს წინ უფრო საპასუხისმგებლო პაექრობები მელის“.