ჭიდაობა

11:29 | 15.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

კუზანაშვილი ახალ წონაშიც საუკეთესოა

საქართველოს სამბისტთა ნაკრების წევრმა უშანგი კუზანაშვილმა, სოფიაში გამართული ევროპის ჩემპიონატი წაუგებლად ჩაამთავრა და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა, ამ გამარჯვებით, შარშან 52 კილოგრამში მოპოვებული ევროტიტული ახალი წონის ოქროთი გაამდიდრა. საჩემპიონო გზაზე კუზანაშვილმა სამი შეხვედრა ჩაატარა, რადგან წონაში მხოლოდ ცხრა მონაწილე მოგროვდა. რუსი ილია ტუხფატულინისა და ბელარუსი ივან ანისკევიჩის ძლევის შემდეგ, ფინალში აზერბაიჯანელ ისლამ გასიმოვს აჯობა.
გუშინვე, საქმეში კიდევ ორი ქართველი ჩაერთო და ორივე სამეულში შევიდა. ნიკოლოზ კუცია (82 კგ) და მირიან პავლიაშვილი (100 კგ) ბრინჯაოს დაეუფლნენ. ჩემპიონ-პრიზიორები 68 კილოგრამშიც გამოვლინდნენ, მაგრამ ამ წონის 8 მონაწილეს შორის საქართველოს ნაკრების წევრი არ იყო.
ოლეგ იაძის გუნდმა ევროპის ჩემპიონატი 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა. შეგახსენებთ, ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს, კახა მამულაშვილი (74 კგ) და მინდია ბოდაველი (90 კგ) კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდნენ.
 

0.121378