სხვა

16:40 | 3.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“კუს ტბაზე” ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მარათონი გაიმართება

3 ივლისს, სამინისტროში სპორტი ყველასათვის ფედერაციის პრეზიდენტმა მაია აზარაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და “კუს ტბაზე” ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გასამართ მარათონზე ისაუბრა.

ჟურნალისტების შეკითხვებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ, სპორტი ყველასათვის ფედერაციის ხელმძღვანელობამ და მარათონის მონაწილეებმა უპასუხეს.

4 ივლისს, თბილისში, “კუს ტბაზე”, საქართველოს ეროვნული ფედერაცია სპორტი ყველასათვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით 50 კილომეტრიან დისტანციაზე მარათონს გამართავს.

მარათონი ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება. ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობს ამერიკის მეგობართა კლუბი. მარათონი სტარტს დილის 5 საათზე აიღებს და მონაწილეები ტბის გარშემო 43 წრეს ირბენენ. შეჯიბრებაში მონაწილეობას ღებულობენ გამოცდილი მარათონელები და სირბილის მოყვარულთა კლუბის წევრები.

სპორტსმენთათვის შექმნილია ყველა პირობა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით – მოეწყობა სასმელი და სპეციალური საკვები პუნქტები. სპორტსმენებს სასმელი წყლით კომპანია “ბორჯომი” მოამარაგებს, მარათონელების სამედიცინო მომსახურებაზე დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი იზრუნებს, ხოლო სამახსოვრო საჩუქრების კალათებს კომპანია “გეოკოპი” გადასცემს.

მარათონის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სამახსოვრო მაისურებით და დიპლომებით. დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც ეთნოგრაფიულ მუზეუმში 4 ივლისს, 17:00 საათზე გაიმართება.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.121078