საქართველოს თავისუფალი ჭიდაობის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბში განხორციელებული ცვლილებებიდან სამი თვის თავზე საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობამ ანალოგიური საკადრო ცვლილებები ბერძენ-რომაელთა გუნდებშიც მოახდინა, ოღონდ ამჯერად სიახლემ გაცილებით წყნარად ჩაიარა. დღეს ფედერაციის ოფისში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მას-მედიას ახალი მწვრთნელები ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ წარუდგინა.
“ჯერ კიდევ თებერვალში ვთქვი, რომ თავისუფალი ჭიდაობის დარად ცვლილებებს ბერძნულ-რომაულშიც განვახორციელებდით და დადგა დრო, ახალი მწვრთნელები დავასახელოთ. პირველ ყოვლისა მინდა მადლობა გადავუხადო მწვრთნელთა ჯგუფებს, რომლების ნაკრებებს აქამდე ედგნენ სათავეში. ახლა კი საქმეში ახალი ძალა და ენერგია ჩაერთვება და დარწმუნებული ვარ, ეს სიახლე ქართული ჭიდაობისთვის მომგებიანი იქნება” – თქვა ლუკა კურტანიძემ და იქვე სამივე ნაკრების მწვრთნელთა ახალი შემადგენლობა გამოაცხადა:
ეროვნულ ნაკრებს სათავეში ოთარ ტატიშვილი ჩაუდგება,მისი თანაშემწეები ბადრი ხასაია და ზაზა ჯიბლაძე იქნებიან. ნაკრების ყოფილ თავკაც ბეგი დარჩიას კი ახლა უკვე ნაკრების მრჩეველი ერქმევა. ანალოგიურად ნაკრების მრჩეველებად იმუშავებენ ჭაბუკთა და ახალგაზრდული გუნდების აწ უკვე ყოფილი თავკაცები ვაჟა კრავეიშვილი და ვლადიმერ ადეიშვილი.
ახალგაზრდული ნაკრები ჭიდაობის ფედერაციამ ზაზა სილაგაძეს ჩააბარა, ხოლო ჭაბუკთა ნაკრები – დავით ბედინაძეს. სილაგაძეს მუხრან მაჭუტაძე და ოთარ ფევაძე დაეხმარებიან, ხოლო ბედინაძეს – მამუკა სულთანიშვილი და ხვიჩა ქორიძე.
ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების კურატორად ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ბაკურ გოგიტიძე ინიშნება.
ლუკა კურტანიძემ ჟურნალისტთა შეკითხვებსაც უპასუხა და განაცხადა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მწვრთნელები ნაკრებებს წლის ბოლომდე უხელმძღვანელებენ. შემდეგ კი მათ მიერ გაწეულ სამუშაოს ფედერაციის ხელმძღვანელობა სპეციალისტებთან ერთად შეაჯამებს და მომავალი სეზონის დასაწყისში შესაძლოა მცირე ცვლილებები კვლავ განხორციელდეს. შესაბამისად, ჩამოყალიბდება ის გუნდი, რომელიც ნაკრებს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე მიიყვანს.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრების ახალ სამწვრთნელო შტაბს კონკრეტული მოთხოვნაც წაუყენა.
“მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგი დამაკმაყოფილებლად ჩაითვლება, თუკი სამ მედალს მოვიპოვებთ, ოღონდ მინიმუმ ერთი მედალი უმაღლესი სინჯის უნდა იყოს. ასაკობრივ ნაკრებებს კი უფრო მეტი მოეთხოვებათ” – აღნიშნა კურტანიძემ.
“მსოფლიო სპორტი” დაინტერესდა როგორ გადანაწილდება ფუნქციები მწვრთნელებსა და მრჩევლებს შორის, რაზეც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გვიპასუხა, რომ სამუშაო პროცესში ყველა აქტიურად იქნება ჩართული და ნებისმიერ საპასუხისმგებლო საკითხზე გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებენ.
“ერთპიროვნული გადაწყვეტილებების დრო ისტორიას ჩაბარდა. ამიერიდან მარტო თავისი შეხედულებით და სურვილით ვერავინ იმოქმედებს” – დასძინა ლუკა კურტანიძემ და იქვე დააზუსტა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა ვიგულისხმეო.
პრესკონფერენციის შემდეგ ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა და ამჟამინდელმა მრჩეველმა ბეგი დარჩიამ განაცხადა, რომ ფედერაციის არჩევანს, მთავარ მწვრთნელად ოთარ ტატიშვილი დანიშნულიყო, გაგებით მოეკიდა.
ბეგი დარჩია:
“მივესალმები ტატიშვილის კანდიდატურას. ასევე მოსაწონია სამწვრთნელო შტაბებში ახალგაზრდების გამოჩენა. უფლება არ მაქვს მათ გვერდით არ დავდგე”.
დავით ბედინაძე:
“აქტიური სპორტული კარიერის დასრულებისთანავე მწვრთნელობაზე გადავერთე. ჯერ ბათუმში ვმუშაობდი. შემდეგ – თბილისში. ჭაბუკთა მწვრთნელთა ჯგუფშიც შევდიოდი და გამიხარდა, მთავარი მწვრთნელობა რომ შემომთავაზეს. ძალიან საპასუხისმგებლო საქმე ჩამაბარეს და ვეცდები თავი არ შევირცხვინო”.
კომენტარისთვის ახალგაზრდული ნაკრების მრჩეველსაც შევეხმიანეთ, რომელმაც გუშინ შეგირდები ბორჯომულ შეკრებაზე იახლა, მთავარი მწვრთნელის რანგში.
ვლადიმერ ადეიშვილი:
“მე თავად დავწერე განცხადება, რომელშიც ფედერაციის ხელმძღვანელობას ვთხოვდი, წლის ბოლომდე ახალგაზრდულ ნაკრებთან მუშაობის გაგრძელების საშუალება მოეცათ და შემდეგ შედეგის მიუხედავად თავად გადავაბარებდი გუნდს ახალ მწვრთნელს. ერთ-ერთ ხელმძღვანელსაც ვესაუბრე და მისგან წინასწარი თანხმობაც მივიღე. ამჟამად ბორჯომში გავდივართ ორკვირიან შეკრებას, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია”.
დაბოლოს, ლუკა კურტანიძის განცხადებით, ახალგაზრდული ნაკრების ახალი სამწვრთნელო შტაბი ადეიშვილთან ერთად ბორჯომულ შეკრებაში ამ დღეებში ჩაერთვება.