ჭიდაობა

19:45 | 5.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

კურტანიძე თეირანში ბრუნდება

ხვალ-ზეგ თეირანი თავისუფალ ჭიდაობაში ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს “ტახტის თასს” უმასპინძლებს. მასში მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს, რომლის რიგებშიც ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძეცაა. ევროპის 5-გზის და მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონმა აქტიურ სპორტში დაბრუნების შესახებ განცხადება გასული წლის ბოლოს გააკეთა და ნაკრების წინასასეზონო სამზადისშიც ჩაერთო. თეირანში კურტანიძე 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში იჭიდავებს.

მომავალ ტურნირზე საქართველოს ნაკრები 11 სპორტსმენით გამოვა. მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა არჩევანი ნაკრების ძირითად ბირთვზე შეაჩერა, რომელთა უმრავლესობასაც სავარაუდოდ ევროპის ჩემპიონატზეც იახლებს. ერთადერთი გამონაკლისი 86 კილოგრამია, სადაც წონის ლიდერ დავით მარსაგიშვილის ტრავმის გამო მინდორაშვილმა თეირანულ განაცხადში სანდრო ამინაშვილი შეიყვანა. 57 კილოგრამში კი სულაც სამ სპორტსმენს აძლევს თავის გამოჩენის შანსს, რადგან გიორგი ედიშერაშვილს დოპინგზე ჩავარდნის გამო ორი წლით იძულებითი უქმობა მოუწევს.

ხვალ “ტახტის თასზე” მედლები 57, 65, 74 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. ზეგ კი ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონაში: 61, 70, 86 და 125 კილოგრამებში გამოვლინდებიან.

თეირანული ტურნირის ჩემპიონები 5-5 ათას დოლარს მიიღებენ. ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორები კი შესაბამისად, 3 და 2 ათას დოლარს.

 

საქართველოს ნაკრები

57 კგ – ბექა ბუჯიაშვილი, ოთარ გოგავა და ლაშა ტალახაძე

61 კგ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

65 კგ – კონსტანტინე ხაბალაშვილი

70 კგ – დიმიტრი ბასილაშვილი

74 კგ – იაკობ მაქარაშვილი

86 კგ – სანდრო ამინაშვილი

97 კგ – დავით ქერაშვილი და ლუკა კურტანიძე

125 კგ – დავით მოძმანაშვილი

0.120053