გულშემატკივრის სვეტი

13:40 | 19.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

კურტ ჰამრინი და პარიზელი პაპა

რამდენიმე დღის წინ, მოწადინებული სტუდენტებით, სწავლაში ლამაზად შებერებული ბიძებით და ჩვეულებრივი უსაქმურებით გადაძეძგილ საჯარო ბიბლიოთეკის ცენტრალურ სამკითხველოში, როდესაც ფესუნენკოს შესანიშნავი წიგნი: “პელე, გარინჩა, ფეხბურთი“ მოვითხოვე, ათამდე ადამიანის მხრიდან ჩემი მისამართით ისეთ გაკვირვებულ მზერას წავაწყდი, თავი დამნაშავედაც კი ვიგრძენი. იქ, სადაც ხალხი კანტისა და ჰეგელის მძიმე-მძიმე წიგნებს ითხოვს, აბა “ვიღაც ფესუნენკოს“ რა ესაქმება?!.. სპორტული თემატიკის ლიტერატურისადმი ასეთი აგდებული და ხშირად ირონიული დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანაში არაერთხელ შემხვედრია. სხვაგან როგორი დამოკიდებულებებია, არ ვიცი, მაგრამ საქართველოში, რაც თავი მახსოვს, ბუკინისტების ძველ წიგნებში ყველაზე იაფი სწორედ სპორტული ლიტერატურა ღირს და მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მომწონს, მაინც ვერ ვხვდები, რატომ უნდა ღირდეს გასული საუკუნის 70-იან წლებში გამოცემული ჟურნალის, “საქართველოს ქალის“ რიგითი ნომერი უფრო ძვირი, ვიდრე, 1986 წელს მოსკოვში დაბეჭდილი, მშვენიერი ხარისხის “გულშემატკივრის ცნობარი“, სადაც იმდროინდელ ფეხბურთთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო რამის ამოკითხვა შეიძლება.
ასეთი პარადოქსები ჩვენში, სამწუხაროდ, არახალია და ალბათ სწორედ ამის გამო ხდება ისე, რომ შოთა არველაძისა და თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ცნობილი ქართველი სპორტსმენების უმეტესობას თავის ცხოვრებაზე და კარიერაზე ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერა არც კი უფიქრია. ერთი წლის წინაც ვწერდი, რომ ცნობილი სპორტსმენების ავტობიოგრაფიული წიგნები არამხოლოდ იმას ემსახურება, რომ ესა თუ ის პერსონა საზოგადოებამ უფრო კარგად გაიცნოს (თუმცა, ამასაც აქვს, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა), არამედ ასეთი წიგნები უპირველესად ერთგვარი “დამხმარე სახელმძღვანელოა“ დამწყები სპორტსმენებისათვის და ზოგჯერ ახალგაზრდებისათვის სამაგიდო წიგნიც კი ხდება. მაგალითად, ლონდონის “არსენალის“ ახალგაზრდა ფეხბურთელი ემანუელ ფრიმპონგი აღიარებს, რომ როი კინის ავტობიოგრაფია მისთვის სამაგიდო წიგნია და როისგან ბევრი რამ ისწავლა. ფრიმპონგი გამონაკლისი ნამდვილად არ გახლავთ. თვით დიეგო მარადონას წიგნი “მე დიეგო ვარ“, გაგიკვირდებათ და, ბრაზილიაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გაიყიდა. ბრაზილიაში მარადონა როგორც “უყვართ“, ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ბრაზილიელებმა კარგად იციან, რომ მარადონას წიგნი რიგითი წიგნი არასოდეს იქნება და თუ კაცს ფეხბურთისადმი იოტისოდენი ინტერესი მაინც გაგაჩნია, მაშინ მარადონას წიგნი ხელაღებით არ უნდა მოისროლო.
ამასწინათ ინტერნეტში პარიზში მცხოვრები ერთი საინტერესო და უცნაური კაცის შესახებ ვკითხულობდი. 70 წლის ვინმე ბენჟამინ კოურტისმა პარიზის წიგნების გამოფენაზე (როგორც ხედავთ, ევროპაში ხალხი წიგნების დასათვალიერებლადაც კი დადის გამოფენებზე) იშვიათი წიგნების ორი ათასი ეგზემპლარი წარმოადგინა. ამ წიგნებს შორის იყო შვედეთის ნაკრებისა და ფლორენციის “ფიორენტინას“ ლეგენდარული თავდამსხმელის, კურტ ჰამრინის დაუმთავრებელი ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც 80-იან წლებში ნაწილ-ნაწილ ერთ-ერთ ფრანგულ ჟურნალში იბეჭდებოდა და შემდეგ მცირე ტირაჟით ერთ ბროშურად გამოიცა. როგორც ჩანს, ჰამრინს დაეზარა მოგონებების წერის გაგრძელება და თავისი ნაწერების ორიგინალიც აღარ შემორჩენია. ჰოდა, კურტ ჰამრინის სიხარულს თურმე საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც თავისი მოგონებების წიგნის არსებობის შესახებ შეიტყო. მოხუცმა ბენჟამინმა წიგნის კოპირებაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა თავისი დიდი ბიბლიოთეკიდან არც ერთი ეგზემპლარის გაყიდვას არ აპირებს და უკვე ანდერძიც კი აქვს შედგენილი, რომლიც თანახმად, მისი ბიბლიოთეკა იმ შემთხვევაში გადაეცემა პარიზის ცენტრალურ სამკითხველოს, თუკი იმ ოთახს, სადაც მისი წიგნები განთავსდება, ბენჟამინ კოურტისის სახელს უწოდებენ. ძნელია, გაამტყუნო მოხუცი ბენჟამინი ასეთი ამბიციისათვის. მით უმეტეს, რომ მის ახალგაზრდობაში, როდესაც ბენჟამინის თანატოლები ათასგვარ გასართობს დაეძებდნენ, ბატონი კოურტისი იშვიათი წიგნების გროვებით იყო გართული.
იმედია, საქართველოშიც მოვა დრო, როდესაც სპორტული თემატიკის წიგნები უფრო დაფასდება და საჯარო ბიბლკიოთეკაში სპორტული წიგნის მომთხოვნ ადამიანს გაოცებით აღარ შეხედავენ. ამისათვის, ყველამ ჩვენი მცირე წვლილი უნდა შევიტანოთ. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ქართველმა სპორტსმენემა კალამი, ან კლავიატურა უნდა მოიმარჯვონ. მკითხველებმა კი, უფრო მეტად დავაფასოთ და ვიკითხოთ სპორტული ლიტერატურა.

ლევან სეფისკვერაძე

0.116998