ჩეხი გიგანტი იან კოლერი, რომელმაც საფეხბურთო კარიერა სულ ახლახან დაასრულა, მწვანე მინდორთან გამოთხოვების შემდეგ, ჭეშმარიტ გურმანად ქცეულა და საჭმლის მომზადებაშიც საკმაოდ დახელოვნებულა. ყოველ შემთხვევაში, ჩეხეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის ცოლი ჯენა კოლერა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც იანი ვეტერან ფეხბურთელთა კოჰორტაში ჩაეწერა, მას ვეღარ იცნობთ და მუდამ უხასიათო და ჯუჯღუნა კაცის ნაცვლად, ახლა ხელში სტუმართმოყვარე და საჭმელების კეთებაზე გადაგებული მამაკაცი შეგრჩებათ.
ჯენა კოლერა იმასაც არ მალავს, რომ წლების განმავლობაში, მოუხედავად მისი ქმრის დაჟინებული თხოვნისა, თვითონ მაინც ვერ შეძლო კარგ კულინარად ჩამოყალიბება და საჭმელებს, როგორც წესი, რესტორნიდან უკვეთავდა ხოლმე. ეს მაშინ, როცა ჩეხ ფეხბურთელს განსაკუთრებით თავისი ქევყნის ეროვნული სამზარეულოს ქმნილებები მოსწონდა. იმის გამო, რომ იანსა და მის მეუღლეს, ქმრის საფეხბურთო კარიერის გამო, ცხოვრება ძირითადად ჩეხეთისგან შორს უწევდათ, კოლერები ხშირად იძულებულნი იყვნენ, რომ ნახევარფაბრიკატებით, ანდა კლასიკური ევროპული კერძებით ეკვებათ. ახლა კი, როგორც იტყვიან, იანის დრო დადგა!
აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ სლავ ხალხებში ჩეხური სამზარეულო ერთ-ერთ საუკეთესოდ და გამორჩეულად ითვლება. ქართველებისა არ იყოს, ჩეხებიც განსაკუთრებით ხორციან კერძებს ეტრფიან და მათ სამზარეულოში ძირითადად ღორისა და ძროხის ხორცისგან მომზადებულ კერძებს შეხვდებით. იან კოლერიც, როგორც ჭეშმარიტი ჩეხი, ძირითადად თურმე სწორედ ხორციან საჭმელებს ამზადებს და გეახლებათ. განსაკუთრებით კი, ტრადიციული ჩეხური კერძის – ფირეშის მომზადებაში დახელოვნებულა. ფირეში საქონლის ხორცის, კვერცხის, პომიდვრისა და სტაფილოსაგან მზადდება. ეს საჭმელი შესაძლებელია ჩვენს ჩაქაფულთან და ხინკალთან ახლოს ვერ მოვიდეს, მაგრამ იან კოლერის მიერ მომზადებული კერძი საინტერესო და განსაკუთრებული ალბათ ნამდვილად იქნება.