ინტერვიუები

21:38 | 12.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

კროოსი ჰაინკესისგან დივიდენდებს არ ელის

ის ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, მაგრამ ბუნდესლიგაში უკვე მე-4 სეზონს ატარებს და გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრადაც იქცა. ახალგაზრდა ტონი კროოსის პროფესინალ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში, თავის დროზე, უდიდესი როლი იუპ ჰაინკესმა ითამაშა, რომელთან ერთადაც, კროოსმა “ლევერკუზენში” 2 წელიწადი გაატარა, მაგრამ მიმდინარე სეზონის წინ, მიუნხენის “ბაიერნს” დაუბრუნდა. იქ, ნახევარმცველს პოზიციის შეცვლა მოუხდა და გამთამაშებლიდან საყრდენ ნახევარმცველად იქცა, ითამაშა ნახევარდაცვის ფლანგებზეც, თუმცა, ამ ნაბიჯს მაინც მართებულად მიიჩნევს. ახლა, კროოსს კვლავ მოუწევს ჰაინკესთან მუშაობა, რადგან მომავალი სეზონიდან, ჰაინკესი მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცი ხდება. მიუხედავად ზემოთქმულისა, ახალგაზრდა გერმანელი მიიჩნევს, რომ იგი სხვა ფეხბურთელების მსგავს სიტუაციაში იქნება და საკუთარი ძალის დამტკიცება ყველა შეხვედრაში მოუწევს.
- მიუნხენში ბრუნდებით, სწორი ნაბიჯი გადადგით?
- აბსოლუტურად. ჩემი მთავარი ამოცანა იყო, რაც შეიძლება მეტი მეთამაშა, რათა დაბრუნება გამართლებულიყო და ასეც მოხდა. როდესაც მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი იყო, თუ არაფერი მაწუხებდა, მუდამ მოედანზე ვიყავი. წარმატებული სეზონი მქონდა, თუმცა, ყოველთვის რჩება რაღაც, რისი მიღწევაც გინდა.
- ზამთრისწინა შესვენებამდე, სანამ ტრავმას მიიღებდით, ერთი მატჩიც არ გამოგიტოვებიათ. ახლა, ძირითად შემადგენლობაში არცთუ ხშირად ხვდებით. არ წუხხართ ამის გამო?
- სულაც არა. ანდრიას იონკერი განსაკუთრებულ ყურადღებას დაცვას უთმობს, რაც გასაგებია, რადგან ჩვენთვის მთავარი შედეგი იყო. ის მიიჩნევს, რომ ასეთ სიტუაციაში ანატოლი ტიმოშჩუკი ნახევარდაცვაში მეტ სარგებელს მოიტანდა. ამიტომ, სადარდებელი არაფერი მაქვს.
- როდესაც “ლევერკუზენში” გადახვედით, მთავარი შეკითხვა იყო ის, თუ რისი მიღწევა შეგეძლოთ. ისე განვითარდით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზეც მოხვდით, ახლა კი, ისმის კითხვა - რომელ პოზიციაზე უკეთ ითამაშებს ტონი კროოსი?
- ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველაზე კარგად თავს ცენტრალურ - 6, 8 ან 10 ნომრის პოზიციაზე ვგრძნობ. გუნდისათვის უფრო სასარგებლო მაშინ ვარ, როდესაც ბურთს ხშირად ვიღებ. მაგრამ ეს ჩემი ახირება არაა. პირველ წრეში ნახევარდაცვის ყველა პოზიციაზე ვითამაშე, მათ შორის, მარჯვენა და მარცხენა ფლანგზე - ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. “ბაიერნის” შემადგენლობის გათვალისწინებით, მოქნილობა აუცილებელია.
- პოზიციის ასეთი ხშირი ცვლილება სიამოვნებას განიჭებთ?
- კარგია, როდესაც მოედანზე ერთი განსაზღვრული პოზიცია გაქვს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ამდენ თამაშს ვერ ჩავატარებდი. საერთო ჯამში, მნიშვნელოვანია, რომ მოედანზე იყო და გუნდის წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანო.
- ერთხელ თქვით, რომ იმ ფეხბურთელებს არ განეკუთვნებით, რომლებსაც ფეხებში ვარდნის გამოყენება უყვართ...
- თუ აუცილებლობა არ მოითხოვს, ახლაც ვცდილობ, რომ სხვაგვარად ვითამაშო.
- “ათიანის” პოზიციაზე თქვენთვის სამაგალითო ფეხბურთელი ჟოან მიკუ იყო. ახალ პოზიციაზე ვის მიბაძვას ცდილობთ?
- მიკუს მსგავსი ფეხბურთელი, თამამად შეგიძლია ორიენტირად აირჩიო. ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო მთელს ბუნდესლიგაში. მე ჩემი გზა უნდა მოვძებნო, მით უმეტეს, რომ ხშირ შემთხვევაში, ექვს ნომერზე მიწევს თამაში. როდესაც ხავის და ინიესტას უყურებ, ხვდები, რომ ეს მსოფლიო კლასის შემსრულებლები არიან. სწორედ მათ უნდა მივბაძო. ამასთან, მათაც არ უყვართ ფეხებში ვარდნა და სიტუაციებთან უფრო სათამაშო მიდგომა აქვთ. მათი თამაშის სტილი ყურადღებას ყოველთვის იმსახურებს. მათი მოქმედება შთაგაგონებს - უფრო სრულყოფილი “მაგალითები” არ არსებობენ.
- თქვენი აზრით, რა აქვს გასაუმჯობესებელი ტონი კროოსს?
- ახალ პოზიციაზე სტაბილურად პირველად ვითამაშე და ვფიქრობ, ნორმალურად გამოვიყურებოდი. მოსამატებელი ორთაბრძოლებში მაქვს. მთლიანობაში, გუნდი თავს ძალიან ცუდად იცავდა და ამ კუთხით, ძალების მობილიზება ყველას გვმართებს.
- გუნდში ის მწვრთნელი მოდის, რომელმაც “ლევერკუზენში” თქვენს ჩამოყალიბებაზე უდიდესი გავლენა იქონია. რას გიქადით ეს ფაქტი?
- ჰაინკესი ჩემთვის იღბლიანი შემთხვევა იყო. ის იყო პირველი მწვრთნელი პროფესიულ დონეზე, რომელიც მუდამ მენდობოდა. ვფიქრობ, ამით ორივე მხარე მოგებული დარჩა. იმ სეზონის დაწყებამდე, მან ნათლად ამიხსნა, თუ რომელი კომპონენტების გაუმჯობესებაზე უნდა მემუშავა. მე სიამოვნებით შევითვისე იმ მწვრთნელის შეგონებები, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კლუბებში, მსოფლიო დონის ვარსკვლავებს წვრთნიდა. სეზონის ბოლოს მან მითხრა, რომ ჩემით კმაყოფილი იყო. მას სურდა, რომ “ლევერკუზენში” დავრჩენილიყავი, ეს არ გამოვიდა, თუმცა, ახლა ის თავად დაადგა ჩემს გზას (იცინის).
- მიგაჩნიათ, რომ მისი მწვრთნელობისას დამატებითი ბონუსი გექნებათ?
- არა! ის, რაც “ლევერკუზენში” იყო, უკვე წარსულია. აქ სულ სხვა სიტუაცია და შემადგენლობაა. რაც შეეხება “ბონუსს კროოსისთვის ჰაინკესის მწვრთნელობისას”, გეტყვით, რომ ის 0,0 პროცენტის ტოლია.
- რა გავლენას იქონიებს იუპ ჰაინკესის “ბაიერნში” მისვლა გუნდის თამაშზე?
- ძალიან კარგს. ერთი, რომ ის “ბაიერნს” უკვე იცნობს და მეორე - მან ზუსტად იცის, თუ როგორ მოიქცეს სხვადასხვა სიტუაციებში. მასთან ერთად წარმატებები გველის. ჰაინკესი ისეთი მწვრთნელია, რომელიც მუდამ ინარჩუნებს სიმშვიდეს, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში, მკაცრი საუბარიც შეუძლია. ასეთი შერწყმა ფეხბურთელებზე დადებითად მოქმედებს. მასთან მუშაობით სიამოვნებას იღებ, მაგრამ ისიც გესმის, რომ ამით სარგებლობა დაუშვებელია და მოედანზე მუდამ ბოლომდე უნდა დაიხარჯო. მას ძალიან კარგი მიდგომა აქვს ფეხბურთელებთან.

 

მოამზადა ზურა ქსოვრელმა 

0.151643