მადრიდის ”რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავი – კრიშტიანუ რონალდუ არამხოლოდ მოდელებს, მსახიობებსა და სხვა ამგვარი კეკლუცი პროფესიის წარმომადგენელ გოგონებს, თვით ფეხბურთელებსაც კი მოსწონთ და უყვართ. ცუდი არაფერი იფიქროთ. რონალდუზე მართლაც ყოფილა შეყვარებული ერთ-ერთი ფეხბურთელი, მაგრამ ეს ფეხბურთელი ქალია და ბრაზილიის ქალთა ნაკრებში ირჯება. საუბარია ცნობილ ბრაზილიელ ქალ ფეხბურთელზე – კრისტინაზე, რომელმაც ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ მას რონალდუ ისე იზიდავს, როგორც მამაკაცი და აღფრთოვანებულია მისი გარეგნობით.
კრისტინა ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობს, რომელიც ამჟამად გერმანიაში იმართება. ბრაზილია ამ ტურნირზე ტრადიციულად ფავორიტია, რაც, არავისთვის არაა უცხო. თუმცა, როდესაც გუნდს ყურებამდე უიმედოდ შეყვარებული ლიდერი ჰყავს, შესაძლებელია გარკვეული პრობლემები ამის გამოც შეექმნას. სხვათა შორის, კრისტინა აქამდე არასოდეს ყოფილა ოფიციალურად გათხოვილი და როგორც ჩანს, მთელი სიყვარული თავის ნახევრადსეხნიას მიუძღვნა.
უნდა ითქვას, რომ თითზე ჩამოსათვლელია ისეთი შემთხვევა, როდესაც ფეხბურთელ მამაკაცს ცოლად ფეხბურთელი ქალი მოუყვანია. ამას მთელი რიგი თავისი ფსიქოლოგიური მიზეზებიც აქვს, მაგრამ ალბათ, უპირველესი მიზეზი მაინც ისაა, რომ ჩვენს პლანეტაზე ჯერ კიდევ ფესვგადგმულია წარმოდგენა იმის შესახებ, თითქოს ფეხბურთი ქალების საქმე არაა და ბურთს მწვანე მინდორზე მხოლოდ მამაკაცები უნდა დააგორებდნენ.