“ატლეტიკოს” ურუგვაელი თავდამსხმელი კრისტიან როდრიგესი უთამაშებლობით უკმაყოფილოა და თუ სიტუაცია მომდევნო სეზონშიც არ შეიცვალა, მადრიდული გუნდის დატოვებას გეგმავს.
გასულ სეზონში, “ატლეტიკომ” ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მე-2 ადგილი დაიკავა. 28 წლის ფეხბურთელი აცხადებს, რომ თავს ამ წარმატების თანამონაწილედ ვერ გრძნობს.
“თამაში მინდა. ესპანეთის ჩემპიონიც გავხდი და ჩემპიონთა ლიგის ვერცხლის პრიზიორიც, მაგრამ როდესაც თამაშობ, ტიტულს სხვა გემო აქვს. ვგრძნობ, რომ ეს ტიტულები დიდად არ დამიმსახურებია, რადგან თითქმის არ მითამაშია.
თამაში ყველას უნდა. კარგი იქნებოდა, თუ მოედანზე უფრო მეტ დროს გავატარებდი და სასტარტო შემადგენლობაში მეტ მატჩს დავიწყებდი. ასეთ შემთხვევაში, თავს გუნდის სრულფასოვან წევრად ვიგრძნობდი. თუ სიტუაცია მომდევნო სეზონშიც არ შეიცვალა, “ატლეტიკოს” დატოვება მომიწევს.” – აცხადებს როდრიგესი.
კრისტიან როდრიგესმა, ლა ლიგის გასულ გათამაშებაში, 20 თამაში ჩაატარა, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში ის მხოლოდ 2-ჯერ იყო. მან ერთადერთი გოლი გაიტანა, ისიც პირველ ტურში. ჩემპიონთა ლიგაზე ურუგვაელი მოედანზე 10-ჯერ ვიხილეთ, მაგრამ 9-ჯერ ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.