პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ერთ-ერთი ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ, რადიო Cadena SER-ს ეწვია, სადაც გადაცემა EL Larguero-ში მიიღო მონაწილეობა და არა მარტო ჟურნალისტების, არამედ ახალგაზრდა ფეხბურთელების შეკითხვებსაც უპასუხა.
- ყველა ბავშვის ოცნებაა, რომ ფეხბურთი თქვენსავით ითამაშოს...
- მე ეს ასაკი უკვე გავიარე, მათ კი, ყველაფერი წინა აქვთ. მთავარია სწამდეთ, რომ დადგება დრო, როდესაც თავისას მიაღწევენ.
- ამ ბავშვებში საკუთარ თავს ხედავთ?
- დიახ, კარგად მესმის რას განიცდიან ისინი, რაზე ოცნებობენ და ფიქრობენ. ჩემთვის მათთან შეხვედრა წარსულში დაბრუნების ტოლფასია. მათი ოცნებები ჩემის ანალოგიურია.
- თქვენ როგორი ბავშვი იყავით, რაზე ოცნებობდით?
- ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი, რომელსაც ბურთის უფროსებთან გორება უყვარდა. ფეხბურთის თამაშს თავს მხოლოდ მაშინ ვანებებდი, როდესაც დედა დასაძინებლად მეძახდა. ეს ცხოვრების უბედნიერესი წუთები იყო. არაფერზე ვფიქრობდი და მხოლოდ იმას ვამბობდი, რაც გონებაში გამიელვებდა. სწორედ ასეთი ბავშვობის დამსახურებაა ოცნება რომ ავისრულე და მაღალი დონის ფეხბურთელი გავხდი.
- დიდებთან თამაშის დროს ფეხებში უფრო მეტი გხვდებოდათ თუ ახლა?
- ერთნაირად. მაშინაც ვცდილობდი იმ ფინტების გაკეთებას, რომლებიც ახლა კარგად გამომდის. მაგრამ ყოველთვის სწრაფად ვდგებოდი და თამაშს ვაგრძელებდი, იმიტომ, რომ ისინი უფროსები იყვნენ და ზედმეტი რომ მელაპარაკა მცემდნენ კიდეც.
- ალბათ, ძალიან პატარა იყავით.
- დიახ, ძალიან გამხდარი. 13-14 წლის ასაკში ერთბაშად გავიზარდე. ყოველთვის კარგად ვიკვებებოდი, უბრალოდ ასეთი გენეტიკა მქონდა.
- წარმატების საიდუმლო რაში მდგომარეობს?
- ამასთან დაკავშირებით მკაცრად განსაზღვრული აზრი მაქვს. საუბარი მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება, მაგრამ მოცემულ მომენტში ჩემი მიზანი საფეხბურთო კარიერა იყო. ცხოვრებაში აუცილებელია, რომ საკუთარი თავის გწამდეს და შესაძლებლობების გჯეროდეს. თუ ფეხბურთელობა გინდა, თავდაუზოგავი შრომით მიზნის მიღწევა შესაძლებელია. ცხოვრებაში საკუთარი შანსი ყველას ეძლევა. 12 წლის ვიყავი, როდესაც ლისაბონის “სპორტინგში” მოვხვდი და მას შემდეგ ჩემი კარიერა წარმატებულად განვითარდა. ოჯახის მიტოვება მომიხდა და გამუდმებით ვტიროდი, რთული პერიოდი მქონდა, მაგრამ ყველაფრის გადალახვა მოვახერხე.
- 12 წლიდან დაწყებული მარტობა, თქვენს ხასიათზეც აისახა?
- მაშინ ძალიან რთული პერიოდი მქონდა. იმ ხალხის დატოვება მომიწია, რომლებსაც ყველაზე მეტად ვუყვარდი. აბსოლუტურად უცნობ ადგილებში მომიხდა გამგზავრება, მაგრამ ოჯახის მადლობელი ვარ, რომელმაც ამის გაკეთების საშუალება მომცა და საბოლოოდ, იმად ვიქეცი, რაც ახლა ვარ.
- ჟენევაში მესიმ ისევ გაჯობათ...
- მსგავს შეხვედრებს პირად დუელებად არასდროს აღვიქვამ. ასეთი თამაშები ძალიან მიყვარს. მატჩი სანახაობრივი გამოდგა, უბრალოდ, არგენტინას ჩვენზე მეტად გაუმართლა - თერთმეტმეტრიანი 90-ე წუთზე... დაძაბული ბრძოლა იყო.
- მესისთან გასაუბრება მოახერხეთ?
- თამაშის დროს ერთმანეთს ორიდ სიტყვა ვუთხარით, არაფერი განსაკუთრებული.
- ფიქრობთ, რომ თქვენს წინააღმდეგ უფრო უხეშად თამაშობენ, ვიდრე მესის წინააღმდეგ?
- ჩემი ფეხები რომ ნახოთ, თქვენთვის ყველაფერი გასაგები გახდება. მაგრამ ყველაფერი რიგზეა, უკვე შევეჩვიე.
- მას უფრო ცოტა ხვდება იმიტომ, რომ მინიატურულია?
- შესაძლოა. არ ვამტკიცებ, რომ ფეხებში მე უფრო ძლიერად მირტყამენ, ვიდრე მესის. ექსპერტები, რომლებიც მატჩების ანალიზს აწარმოებენ, ყველაფერს უკეთ ხედავენ.
- არ გაწუხებთ ფრანტის იმიჯი?
- სიტყვა “ფრანტს”, ესპანურად სხვაგვარი მნიშვნელობა აქვს და ის პორტუგალიურისგან განსხვავდება. მთლიანობაში ეს მომწონს კიდეც. არ ვაპირებ სულის იმ ადამიანებისთვის გახსნას, რომლებსაც არ ვიცნობ. ჩემთვის სულ ერთია რას იფიქრებენ, რადგანაც ამას მივეჩვიე. რაღაც-რაღაცეები გულს მწყვეტს, მაგრამ ცხოვრება გრძელედება.
- არ გწყინთ როდესაც თქვენი მისამართით სალანძღავ სიტყვებს ისმენთ?
- მე მხოლოდ ასეთი ფრაზები მესმის - “ძალიან კარგია ეს პორტუგალიელი”! სხვა სიტყვები მე არ მეხება.
- შეურაცხყოფები თქვენს მოტივაციას ამაღლებს?
- კარგად თამაშისთვის დამატებითი მოტივაცია არ მჭირდება. ჩემი მიზანია, რომ გუნდს ნებისმიერ შემთხვევაში დავეხმარო, გავიტანო გოლები, შევასრულო საგოლე გადაცემები და ჯარიმები.
- არ გსურთ, რომ სხვაგვარი იმიჯი გქონდეთ?
- არა, ჩემთვის სულერთია. სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად ყვირიან “ეს პორტუგალიელიო”, ყველაზე მეტად ითხოვენ ჩემგან ავტოგრაფებს. მათი აზრი საერთო აზრს არ ემთხვევა, უბრალოდ, ადამიანთა მცირე ჯგუფი დანარჩენს იყოლიებს და დანარჩენებიც ლიდერებს ცხვრებივით მხარს უბამენ.
- რისთვის აკეთებენ ამას? ეს გარკვეული პროვოკაციაა?
- სიმართლე გითხრათ, თავადაც ხშირად მიცდია მათი მოტივების გარკვევა, მაგრამ საბოლოო დასკვნამდე ვერასოდეს მივედი. შესაძლოა, ასე იმიტომ იქცევიან, რომ მე კარგი ფეხბურთელი, სიმპატიური ბიჭი ვარ და მათ ჩემი შურთ...
- საკუთარ თავს კარგ ადამიანად მიიჩნევთ?
- დიახ, კარგი ადამიანი ვარ. ყალბი და ორპირი არ ვარ და თუ რაიმეს ვფიქრობ, მას ყველას პირში ვეუბნები. ამავდროულად, ვცდილობ, ყველასთან კორექტული ვიყო. თუკი ვინმე კარგად მექცევა, ვცდილობ, მეც ანალოგიურად მოვექცე.
- ბავშვის გაჩენამ თქვენი ცხოვრება შეცვალა?
- რა თქმა უნდა. ეს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოვლენაა. თავდაპირველად ყველაფერი უცხოდ მეჩვენებოდა, მერე მომხდარს აცნობიერებ და ბედნიერებას განიცდი. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ბიჭი მყოლოდა.
- ის თქვენ გგავთ?
- დედაჩემი და დები ამბობენ, რომ არა, თუმცა, ზოგი საერთოსაც პოულობს. ის ძალიან ლამაზია.
- ბავშვისთვის იოლ მომავალზე ოცნებობთ?
- მასზე მუდამ იქნება ძლიერი ზეწოლა და ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის “რეალში” მოთამაშე ცნობილი კაცის შვილია და ამას უნდა შეეჩვიოს.
- ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კრიშტიანუ დაიღალა... თავად თუ გრძნობთ დაღლილობას?
- ჯერ არა, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვფიქრობ, ჩემპიონატის მიწურულს უკეთეს ფორმაში ვიქნები, ვიდრე მის დასაწყისში. ახლა უკეთ გამოვიყურები, ვიდრე ორი თვის წინათ. ყველაფერი რიგზეა და თავს იდეალურად ვგრძნობ.
- “ბარსელონას” თამაშებს თუ უყურებთ?
- თუ სახლში ვარ და მათ თამაშს აჩვენებენ, მაშინ ვუყურებ, მაგრამ სპეციალურად არ ვაკვირდები განრიგს, რათა მათი თამაში არ გამომრჩეს. მთლიანობაში, ფეხბურთს არცთუ ხშირად ვუყურებ. საყურებლად სხვა სპორტის სახეობები უფრო მომწონს: კალათბურთი, ჩოგბურთი...
- მუდამ სპორტულ გადაცემებს უყურებთ თუ ფილმებიც მოგწონთ?
- ცოტ-ცოტა ყველაფერი, ისე კი, უმეტესი დროის სახლში გატარება არ მიყვარს.
- თუმცა, შეკრებებზე არცთუ ხშირად ჩანხართ...
- ეგ თქვენ არ იცით, თორემ საკმაოდ ხშირად ვერთობი.
- რას საქმიანობთ, როდესაც სახლში ხართ?
- მიყვარს კითხვა, ვსწავლობ ინგლისურს, რათა ენა არ დამავიწყდეს... განათლების მიმართ ინტერესი 23 წლის შემდეგ გამიჩნდა. მინდა ყველაფერი ვისწავლო, რათა შემდგომში შვილსაც კარგი განათლება მივცე.
- წარმოგიდგენიათ თქვენი თავი ბავშვის მომვლელად?
- რა თქმა უნდა! ვფიქრობ, ეს მომეწონება!
- პამპერსების გამოცვლა იცით?
- დიახ, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს ძალიან მომწონს.
- მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები გაღელვებთ?
- როცა სახლში მივდივარ, ტელევიზორს ვრთავ და საინფორმაციო გადაცემებს ვუყურებ, რათა გავიგო რა ხდება მსოფლიოში. ვცდილობ, მოვლენებს თვალყური ვადევნო.
- ყველაზე მეტად რა ამბები გაღელვებთ?
- ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენები, მანამდე საბერძნეთის სიტუაცია...
- დახმარებას ხშირად გთხოვენ?
- დიახ, მაგრამ ყველასათვის დახმარების გაწევა შეუძლებელია. პირადად მე, კლუბი და ჟორჟე მენდეშის კომპანია, ვცდილობთ, რომ ცოტ-ცოტათი ყველას დავეხმაროთ.
- ბევრ ფულს გთხოვენ?
- სიმართლე გითხრათ, მეგობრებს დახმარების თხოვნით არასდროს მოუმართავთ. მსგავსი თხოვნით წერილებს უფრო უცხო ადამიანებისგან ვიღებთ, რომელთაც ჩვენ სანტა კლაუსები ვგონივართ.
ამის შემდეგ შეკითხვები ბავშვებმა დასვეს
- რატომ ვერ თანხმდებიან მოურინიო და ვალდანო?
- მათ ერთმანეთის ძალიან კარგად ესმით და ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
- თქვენი აზრით, ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი?
- ახლა საუკეთესო ფეხბურთელად მესი დაასახელეს, ასე რომ...
- გამოდის, რომ საუკეთესო კლუბი “ბარსელონაა”?
- “ბარსელონა” საუკეთესოთა შორისაა და მისი დამარცხება ძალიან რთულია.
- რომელი უფრო მოგწონთ - ლა ლიგა თუ ინგლისის პრემიერლიგა?
- ორივე ჩემპიონატი მომწონს. ინგლისში ექვსი წელიწადი გავატარე და იქაურობა ძალიან მომწონდა, მაგრამ ესპანეთის პირველობა მას არაფრით ჩამოუვარდება. ჩემი აზრით, ეს ჩემპიონატები მსოფლიოში საუკეთესოებია.
- გარისკავდით და ფლორენტინო პერესს კითხავდით, გაუგრძელებს თუ არა პეპეს კონტრაქტს?
- კლუბის პრეზიდენტი რომ ვიყო, პეპე კონტრაქტს ხვალ დილითვე გაახანგრძლივებდა. თუ მომიწია პრეზიდენტთან შეხვედრა, ამ კითხვას ხუმრობით მაინც დავუსვამ. ისე, ეს ჩვენი საქმე არაა.
- როგორი ურთიერთობა გაქვთ კასილასთან? თქვენს შორის არსებულ კონფლიქტზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა?
- სრული სიცრუეა. როგორც კასილასთან, ასევე “რეალის” დანარჩენ ფეხბურთელებთან, ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა.
- საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ რის გაკეთებას აპირებთ?
- არ ვიცი. ამაზე ჯერ კიდევ ვფიქრობ. მოსაფიქრებლად ჯერ კიდევ შვიდი-რვა წელიწადი მაქვს, ასე რომ, არსად მეჩქარება.
- ფეხბურთელი რომ არ გამხდარიყავით, რა გზას აირჩევდით?
- საფეხბურთო კარიერა თუ არ მექნებოდა, სწავლას გავაგრძელებდი. კარგი მოწაფე ვიყავი. გამოცდების ჩასაბარებლად იმ მოსწავლეებზე მეტ ხანს ვემზადებოდი, რომლებსაც სათვალეები ეკეთათ (იცინის). დილით და საღამოს ვარჯიშები მქონდა, სწავლა კი ღამით მიწევდა.
- ვინ არის გუნდში თქვენი საუკეთესო მეგობარი?
- თითქმის ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ უფრო მეტად პეპესთან, მარსელოსთან და კაკასთან ვახლობლობ. ჩვენს გუნდში თითქმის ყველა თანატოლია და ამიტომ, დროს ხშირ შემთხვევაში ერთად ვატარებთ.
- რას იტყვით ადებაიორის შესახებ?
- ძალიან კარგი ფეხბურთელია. მისი თამაში ჯერ კიდევ ინგლისში გამოსვლის პერიოდიდან მახსოვს, როდესაც “არსენალის” წინააღმდეგ მიწევდა გამოსვლა. ძალიან მომწონს, სასიამოვნო პიროვნებაა.
- ბენზემა?
- ბენზემა ფენომენალურია. ის სანიმუშო ბიჭი და დიდებული ფეხბურთელია. ამას წინათ კარიმმა ულამაზესი გოლი გაიტანა.
- ვის ნახვას ისურვებდით გუნდში: აგუეროსი, ლორენტესი თუ რუნის?
- ვფიქრობ, “რეალს” ახლა არავინ სჭირდება. ისე კი, სამივე კარგი ფეხბურთელია.
- წარმოიდგინეთ, რომ ფლორენტინომ ტრანსფერზე აზრი გკითხათ. ვის ურჩევდით?
- ადებაიორს.
- რომელი კლუბი უფრო მნიშვნელოვანია: “მანჩესტერი” თუ “რეალი”?
- გულშემატკივრობის კულტურით “რეალი” შეუდარებელია. მსგავსი არსად მინახავს. ორივე კლუბი ნამდვილი გრანდია.
- მადრიდი მოგწონთ?
- ძალიან მოსახერხებელი და კარგი ქალაქია.
- საცხოვრებლად აქ თუ დარჩებოდით?
- დღევანდელი გადასახედიდან, აუცილებლად დავრჩებოდი. ჩემს ოჯახს მადრიდი მოსწონს.
- მოურინიოს შესახებ რას იტყვით?
- ის იდეალურად ესადაგება გუნდს. ჟოზე ექსტრა კლასის მწვრთნელია და მადრიდში ყველაფერი გამოუვა. მოურინიო ზეწოლას უკვე მიეჩვია.
- წასვლას ხომ არ აპირებს?
- არა, ჩვენთან დარჩება.
- რას განიცდიდით “ბარსელონასთან” 0:5 წაგების შემდეგ?
- ჩემს კარიერაში ერთ-ერთი სამწუხარო მარცხი იყო, მაგრამ ასეთი შედეგიდანაც კი, გაკვეთილი უნდა მიიღო. ბევრი რამ ვისწავლეთ, ასე რომ, მომავალში ასეთი შეცდომები აღარ იქნება.
- იცით, როგორ დაამარცხოთ “ბარსელონა?
- მოურინიომ იცის და ნელ-ნელა ჩვენც ვსწავლობთ.
- ესპანეთის თასის ფინალში ყველაფერი სხვაგვარად იქნება?
- მწვრთნელმა იცის, წარმატებისთვის როგორი სტრატეგიაა საჭირო. დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ.
- ალბათ, “ბარსელონას” კარში გოლის გატანა თქვენი უმთავრესი ოცნებაა...
- მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” აუცილებლად გავუტან. შევეცდები, რომ გოლი მათ წინააღმდეგ გამართულ ყველა შეხვედრაში გავიტანო.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა