ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალური მატჩის წინ “ნაიკის” ახალი ბუცის, Nike Mercurial Superfly II-ს ოფიციალურ პრეზენტაციაზე მადრიდის “რეალის” და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ აღნიშნული ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, რომლის დროსაც საკუთარ შესაძლებლობებზე და მადრიდულ ყოფაზე ისაუბრა.
- საფეხბურთო მოედანზე თქვენი მთავარი იარაღი მაღალი სისწრაფეა?
- დიახ, ვცდილობ ბურთი რაც შეიძლება სწრაფად ვატარო. სისწრაფე ჩემი პრიორიტეტია და მსურს იგი სრულყოფილებამდე განვავითარო.
- წარსულში ცნობილი, ან დღეს მოთამაშე რომელი ფეხბურთელისგან ისურვებდი რჩევის მიღებას და მისი თამაშიდან რაიმე დეტალის გადმოღებას?
- ბევრ ფეხბურთელს ვცემ პატივს და ბევრის თამაშის ყურება მსიამოვნებს, მაგრამ არასდროს მსურდა ვინმესთვის მიმებაძა. არ მსურს რომელიმე ფეხბურთელისგან რაიმეს კოპირება, რადგან ვთვლი, რომ ყველა მოთამაშე უნდა იყოს ინდივიდუალური და აკეთოს ის, რაც თავად სურს. მიხარია, რომ არასდროს არავისთვის მიმიბაძავს.
- შევეხოთ პორტუგალიის ნაკრებს – რა პასუხისმგებლობა ეკისრება გუნდის კაპიტანს?
- ვფიქრობ, იგი არ უნდა შეიცვალოს. პასუხისმგებლობა იმაზე არაა დამოკიდებული, კაპიტანი ვარ თუ არა. ვცდილობ ვიყო ისეთი, როგორიც ვარ, დავეხმარო თანაგუნდელებს. მოედანზე თავისი საქმე ყველამ იცის და მე ყოველთვის მზად ვარ მათ დასახმარებლად გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია.
- როგორ გსურთ დაგიმახსოვროთ ხალხმა – რონალდუ უბრალოდ ნახევარმცველი, თუ რონალდუ რეკორდსმენი?
- ვფიქრობ ორივე მათგანი მნიშვნელოვანია. არაერთხელ მითქვამს, რომ მსურს შევიდე ისტორიაში და გავხდე ლეგენდარული ფეხბურთელი. ამიტომ ჩემს მიერ გასავლელი გზა ძალიან გრძელია. საჭიროა ფეხბურთელების მოტყუება, გოლების გატანა და შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმის გაკეთება როგორც ვარჯიშზე, ასევე თამაშის დროს. მინდა კარიერის დასრულების შემდეგ ხალხმა ჩემს დანახვაზე თქვას – “კრიშტიანუ, შესანიშნავი მისაბაძი მაგალითი. იგი ფანტასტიკური ფეხბურთელია”.
- ყველაზე მეტად რომელი მიღწევით ამაყობთ?
- ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ჯილდოების მოგება, მაგრამ პრიორიტეტული ყოველთვის მაინც გუნდია. ინდივიდუალური ჯილდოს მიღება რაღაც განსაკუთრებული გრძობაა, ამ დროს სიამაყის მიზეზი გაქვს. განსაკუთრებით სასიამოვნოა “ოქროს ბუცის”, “ოქროს ბურთის”, ან ფიფას პრიზის მოგება. ეს ჯიდლოები ერთხელ უკვე მოვიგე, მაგრამ იგივე წარმატების მიღწევა კვლავ მსურს. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და ვთამაშობ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერეს კლუბში, მაგრამ მსურს ოდესმე კიდევ ვიასპარეზო “მანჩესტერ იუნაიტედში”, თუკი ეს შესაძლებელი იქნება. ვფიქრობ, ამის შანსი მექნება, რადგან “მანჩესტერი” არის შესანიშნავი კლუბი, რომელშიც არაერთი ასაკოვანი ფეხბურთელი თამაშობს. მოუთმენლად ველი იმ დროს, როდესაც “მანჩესტერთან” ერთად კვლავ ვიზეიმებ გამარჯვებას.
- ვინ იქონია გავლენა თქვენს მიერ ასეთი წარმატებების მიღწევაში?
- ჩემმა ძმამ, დედამ და დებმა. დედა ყოველთვის თავდაჯერებულობას მმატებდა. სწორედ მან შემძინა ის ყველაფერი, რის გამოც დღეს ვამაყობ. ყველას, ვინც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დამეხმარა, დიდ მადლობას ვუხდი. მათ მხარდაჭერას დიდად ვაფასებ.
- შეგიძლიათ გაიხსენოთ ისეთი რჩევა, რომელიც ვინმეს ოდესმე მოუცია და რომელიც დღემდე გეხმარებათ?
- სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს. 15-16 წლის ასაკში ზუსტად არც კი იცი, გახდები თუ არა პროფესიონალი ფეხბურთელი. მაგრამ მე საკუთარი თავის ყოველთვის მჯეროდა და როდესაც პირველ გუნდში მოვხვდი, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ შემეძლო კარგი ფეხბურთელი გამოვსულიყავი.
- უკვე იგრძენით განსხვავება ინგლისურ პრემიერლიგასა და ესპანეთის ჩემპიონატს შორის? როგორ გექცევიან მსაჯები, მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და გულშემატკივრები?
- ესპანურ ლა ლიგაში ყველაფერი პრემიერლიგას ჰგავს. განსხვავება ისაა, რომ ინგლისში უფრო სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ და ფეხბურთელები იქ ფიზიკურად უკეთ არიან მომზადებულნი. ესპანეთში უფრო ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ. ჩემი აზრით, ორივე ლიგა უმაღლესი დონის და საკმაოდ რთული სათამაშოა. მადრიდში არცთუ დიდი ხანია რაც ვცხოვრობ, მაგრამ გარკვეული გამოცდილება უკვე მივიღე და სიმართლე გითხრათ, აქ თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მსურს, რაც შეიძლება მეტ მატჩში მივიღო მონაწილეობა და კიდევ უფრო კარგად დავინახო განსხვავება ინგლისის და ესპანეთის ჩემპიონატებს შორის.
- როგორ გექცევიან მეტოქე გუნდების გულშემატკივრები?
- ჩემთვის ეს პრობლემა არაა. ინგლისში, ყველგან არა, მაგრამ უმეტეს სტადიონებზე, გულშემატკივრები იწყებდნენ სტვენას, როდესაც ბურთს ვიღებდი. მაგრამ ამას აკეთებდნენ სანამ მიხვდებოდნენ, რომ შედეგად უკეთ ვთამაშობდი. ესპანეთშიც მსგავსი სიტუაციაა.
- ერთხელ ასეთი რამ განაცხადეთ – “ვისაც ფეხბურთი უყვარს, მას მეც ვუყვარვარ”. რისი თქმა გსურდათ ამით?
- ამის თქმის მიზეზი ის იყო, რომ ჩემის აზრით შოუს ვდგამ. ფეხბურთს უნდა უყუროთ როგორც გასართობს და მე ვცდილობ იგი ასეთად ვაქციო. ვთვლი, რომ ნორმალურ ადამიანებს, რომლებსაც ფეხბურთი უყვართ, მეც ვუყვარვარ.
- რისი გაუმჯობესება გსურთ საკუთარ თამაშში?
- ბევრი რამის. მეჩვენება, რომ სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ ბევრი მიკლია. თუ ფიქრობ, რომ ყველაფერი იცი, ესე იგი ცდები. ასეთ დროს არაფერიც არ იცი. მე მოვხვდი ისეთ კლუბში, სადაც ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი. ვარჯიშებზე და თამაშებზე ისეთივე მონდომებული ვარ, როგორც კარიერის დასაწყისში, როდესაც ფეხბურთის თამაშს ვსწავლობდი. ახლაც იგივეს ვაკეთებ, რადგან სრულყოფილებამდე მიღწევის შანსი მაქვს.
- რომელი არის თქვენს მიერ დაშვებული ყველაზე დიდი შეცდომა?
- რთული კითხვაა. ასეთი ბევრია. ზოგიერთი თვლის, რომ ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი, როდესაც გატანილი გოლის შემდეგ მაისური გავიხადე და ამის გამო ყვითელი ბარათი მივიღე. ასეთი რამ აღარ უნდა გავაკეთო.
- რატომ?
- ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ამჟამად მადეირაში სერიოზული პრობლემებია. მაისური ამ ქალაქის მხარდასაჭერად გავიხადე. ამ ქალაქში ვარ დაბადებული ისევე, როგორც ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები. არავის უხარია სხვისი სიკვდილი ვინც არ უნდა იყოს იგი. ეს მთელი მსოფლიოსთვის დიდი ტრაგედიაა. მაგრამ ცხოვრება ასეთია და ხალხმა უნდა იცოდეს, რომ რამდენიმე თვეში, ან წელიწადში მადეირა ისეთივე მშვენიერი იქნება, როგორც კატასტროფამდე იყო.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა