თვენახევრის წინათ კრიშტიანუ რონალდუმ “მარსელთან” საჩემპიონთალიგო ასპარეზობისას ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც “რეალის” ქათქათა მაისურით მინდორზე გასვლას ვერ ახერხებს. ეს პერიოდი კი მადრიდელთათვის რთული აღმოჩნდა - “სამეფო კლუბი” პრიმერა დივიზიონში “სევილიასთან”, ჩემპიონთა ლიგაში “მილანთან” (საკუთარ “სანტიაგო ბერნაბეუზე”) დამარცხდა, ესპანეთის თასის პირველ მატჩში კი, მე-3 დივიზიონის ბინადარ “ალკორკონთან” 0:4 განადგურდა. “რეალმა” ვერც განმეორებით სათასო პაექრობისას აჩვენა ის თამაში, რასაც მისგან მილიონობით ქომაგი მოელის და “სამეფო თასის” გათამაშებას ჩამოშორდა. ერთი სიტყვით, პორტუგალიელი ვინგერის არყოფნა “რეალისთვის” მეტად პრობლემატური აღმოჩნდა. გუნდის მწვრთნელებისა და გულშემატკივართა გასახარად, კრიშტიანუ რონალდუმ აღდგენითი პროცესი უკვე გაიარა და წესითა და რიგით, დღეიდან თანაგუნდელებთან ერთად სრულფასოვან მზადებას უნდა შეუდგეს. ყველა იმედოვნებს, რომ 29 ნოემბრისთვის პორტუგალიელი საბრძოლო ფორმის სრულად აღდგენას მოახერხებს. ამ დღეს ხომ კატალონიის დედაქალაქის “კამპ ნოუს” არენაზე ერთმანეთის პირისპირ პრინციპული მოწინააღმდეგეები - “ბარსელონა” და “რეალი” წარსდგებიან.
- თავს როგორ გრძნობთ? აღდგენითი პროცესი ბოლომდე მიიყვანეთ?
- სარეაბილიტაციო პროცესმა კარგად ჩაიარა, უკვე დავრბივარ, ამ კვირიდან კი, ვიმედოვნებ, ბიჭებთან ერთად სრულფასოვან წვრთნას შევუდგები. ერთი სული მაქვს როდის დადგება მომენტი, როცა “რეალის” შემადგენლობაში მინდორზე გავალ.
- დაბრუნების კონკრეტული ვადა უკვე დაზუსტებულია?
- საბოლოო სიტყვა ექიმებმა უნდა თქვან, მე კი მხოლოდ ისღა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ყოველდღიურად თავს სულ უფრო და უფრო უკეთ ვგრძნობ. ეს ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს.
- მიმდინარე თვის ბოლოს მორიგი ესპანური “ელ კლასიკო” ჩატარდება. “ბარსელონას” წინააღმდეგ “რეალის” თამაშისას მინდორზე გიხილავთ?
- კატალონიელებთან დაპირისპირებამდე არანაკლები მნიშვნელობის შეხვედრების გვაქვს ჩასატარებელი სანტანდერის “რასინგსა” და “ციურიხთან”. ამიტომაც, “რეალის” რიგებში თამაში “ბარსასთან” პირისპირ წარდგომამდე მსურს.
- ამას მოუთმენლად “სამეფო კლუბის” გულშემატკივრებიც ელიან. გუნდი ბოლო ხანს მაინცა და მაინც დამაჯერებლად არ გამოიყურება და თქვენი დაბრუნება “რეალს” სასიკეთოდ წაადგება...
- სასწაულმოქმედი არ ვარ. უბრალოდ, დიდი სურვილი მამოძრავებს პარტნიორებსა და მთლიანად გუნდს დავეხმარო. იმედია, ამის მოხერხებას შევძლებ.
- თქვენს არყოფნაში “რეალმა” “სამეფო თასზე” სამარცხვინო მარცხი იწვნის მესადივიზიონელ “ალკორკონთან”...
- რაც მოხდა, მოხდა. დროს უკან ვეღარ დააბრუნებ. გუნდს პრიმერა დივიზიონსა და ჩემპიონთა ლიგაში უმნიშვნელოვანესი შეხვედრების ჩატარება მოუწევს და მათთვის მთელი სერიოზულობით უნდა მოვემზადოთ. “რეალს” ორივე ტურნირის მოგება სავსებით ხელეწიფება.
- პორტუგალიის ნაკრებს მეტად მნიშვნელოვანი პერიოდი უდგას. თქვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი ხომ მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის ფლეი-ოფის მატჩებს ატარებს. ასეთ დროს მხოლოდ მაყურებლის სტატუსით დაკმაყოფილება არ გიჭირთ? შეძლებს პორტუგალია ბოსნიის ბარიერის დაძლევას?
- მუნდიალის საფლეიოფე მეორე შეხვედრას აუცილებლად დავესწრები და ბიჭებს მორალურად გავამხნევებ. თანანაკრებელების მაღალი შესაძლებლობების მწამს და ისიც მჯერა, სამხრეთ აფრიკის ტურნირის საგზური წილად რომ გვხვდება. პორტუგალია ფლეი-ოფს უჩემოდაც მოიგებს, მუნდიალზე კი ყველანი ერთად წარმატებისთვის ვიბრძოლებთ.
გოჩა კაჭარავა