ინტერვიუები

10:33 | 17.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ: "მუნდიალზე არბიტრებს სწრაფ რიტმში მუშაობა უჭირთ"

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მუნდიალზე გულშემატკივართა შორის ყველაზე პოპულარული ფეხბურთელია. მას ყურადღება არც ჟურნალისტთა მხრიდან აკლია, კოტ დ’ივუართან შეხვედრის შემდეგ კი, პორტუგალიელ ვარსკვლავს ესპანური გამოცემა  AS-ის კორესპონდენტი დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა სთხოვა.
- ცხელ გულზე რა კომენტარს გაუკეთებდით კოტ დ’ივურთან ჩატარებულ შეხვედრას?
- ანალიზის დრო ჯერ არ დამდგარა, ემოციას რაც შეეხება, მსაჯობით ვარ უკმაყოფილო. თანამედროვე ფეხბურთი ძალიან სწრაფი გახდა, ასევე სწრაფად დარბიან და იღებენ გადაწყვეტილებას მოთამაშეები და არბიტრებს ამგვარ რიტმში მუშაობა უჭირთ. ხშირად ისინი ვერ ანსხვავებენ, როდის ხდება მცველთა მხრიდან წესის დარღვევა და როდის სიმულანტობენ ფორვარდები. აქედან გამომდინარე, მსაჯების გადაწყვეტილება ზოგჯერ ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელიცაა. ავიღოთ პირველი ტაიმის ეპიზოდი, როცა ჩემს წინააღმდეგ თამაშისას აფრიკელმა მცველმა წესი დაარღვია, შემდეგ მხარიც გამკრა, მსაჯმა კი ორივეს გვიჩვენა ყვითელი ბარათი. ჩემი ღრმა რწმენით, გაფრთხილებას არ ვიმსახურებდი. მიღებული ბარათი მეტი სიფრთხილისკენ მიბიძგებს და მომდევნო მატჩებში არაფერს დავიშურებ პორტუგალიის ნაკრებისთვის.
- მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელეს. ამ ფაქტმა არ გაგახარათ? მინდორზე ხომ ორივე გუნდის შემადგენლობაში კარგი ფეხბურთელების ნაკლებობა ნამდვილად არ იგრძნობოდა...
- უძლიერესად აღიარება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, მოგვეგო და 3 ქულა აგვეღო. ინდივიდუალურ აღიარებაში კი მთლიანობაში, გუნდისთვის სახეირო ბევრი არაფერია. თუმცა, აფრიკელებთან ვერმოგებაში საგანგაშოსაც ვერაფერს ვხედავ – პირველ ტურში ვერც ინგლისმა მოიგო და ვერც იტალიამ, ჯგუფური ეტაპის მომდევნო ასპარეზობებში კი უკეთ გამოსვლა შეეძლებათ. იგივეს ვიტყვი პორტუგალიაზეც. ჩრდილოეთ კორეასთან უფრო მეტი მობილიზებით ვითამაშებთ და ფლეი ოფისკენ ნაბიჯის გადადგმასაც შევეცდებით.
- რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ის ამბავი, რომ სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მუნდიალზე პორტუგალიის ნაკრებიც გაიბ-რწყინებს და მისი კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუც?
- ფეხბურთში უკვე ბევრს მივაღწიე და არავისთვის არაფერი მაქვს დასამტკიცებელი. მიზანი კი ყოველთვის ერთი მაქვს – კარგად ჩავატარო ტურნირი, პორტუგალიის ნაკრებს წარმატებით გამოსვლაში დავეხმარო და მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე.
- 2 წლის წინ ავსტრია-შვეიცარიაში ჩატარებულ ევრო-პირველობაზე ტრავმის გამო ვერ გაიბრწყინეთ. ამჯერად ნაყოფიერი და სრულყოფილი წინასამუნდიალო მომზადება გაიარეთ. ფორმის პიკს მიაღწიეთ?
- საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ ოპტიმალურ ფორმაში თანდათან შევდივარ. სადღეისოდ გაცილებით უკეთ ვარ მომზადებული, ვიდრე სამიოდე კვირის წინ, მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას კიდევ მოვუმატებ. არ მადარდებს, დიდი ხანია გოლი რომ არ გამიტანია. ღმერთი დახმარების ხელს ყოველთვის იმას უწვდის, რომელიც დაუღალავად შრომობს.
- ცოტა ხნის წინ “ჯაბულანს” აკრიტიკებდით. თქვენ და თქვენი პარტნიორები მსოფლიოს ჩემპიონატის ბურთს თუ შეეჩვიეთ?
- “ჯაბულანის” გაკონტროლება თავიდან გვიჭირდა, მაგრამ მას თანდათან მივეჩვიეთ. ამ ბურთს იდეალურს ნამდვილად ვერ ვუწოდებ, მაგრამ თუკი დარტყმა ან გადაცემა ზუსტი არ გამოვიდა, არამართებული იქნება უზუსტო თამაში “ჯაბულანს” დავაბრალოთ. თანაც, ყველა ფეხბურთელი ხომ ერთნაირ პირობებშია.
- წინასამუნდიალოდ პროგნოზების ნაკლებობა არასდროს იგრძნობა. გულშემატკივრები და სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, თქვენი გუნდი ხელწამოსაკრავი რომ არაა, მაგრამ ცოტა ვინმე თუ ვარაუდობს პორტუგალიის ნახევარფინალში გასვლას. თუკი ეს მოახერხეთ, თქვენთვის ეს დიდ მიღწევად ჩაითვლება?
- რა დროს ნახევარფინალზე ფიქრია! ჩვენთვის მთავარი ამოცანა ფლეი ოფში გასვლაა. ეს ადვილი რომ არ იქნება, კოტ დ’ივუართან მატჩმაც დაადასტურა. ჯგუფიდან გასასვლელად ვიბრძვით, შემდეგ კი პორტუგალიისგან ყველაფერია მოსალოდნელი.
- შესაძლოა, მერვედფინალში ევროპის ჩემპიონ ესპანეთთან მოგიწიოთ შებმა...
- არაფერს დავიშურებთ საიმისოდ, რათა ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეთ და პირენელ მეზობელთან დაპირისპირებას ავცდეთ (ინტერვიუ ესპანეთი-შვეიცარიის მატჩამდეა ჩაწერილი-რედ). ესპანეთი მუნდიალის მოგების ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია, ვისენტე დელ ბოსკეს განკარგულებაში უმაღლესი კლასის ათეულზე მეტი ფეხბურთელია, თუმცა, ჩვენ არავისი გვეშინია და შეხვედრის შემთხევევაში, ესპანელებთანაც ტოლ-სწორად თამაშს ვაპირებთ და ნურც ჩვენს მოგებას გაიკვირვებთ.
- მუნდიალის სასტარტო შეხვედრებში ყველაზე მეტად რომელი ნაკრები მოგეწონათ?
- სამხრეთ კორეა. ჩემი აზრით, აზიელებს მსოფლიოს ჩემპიონატის აღმოჩენა შეგვიძლია ვუწოდოთ. ისე კი, მუნდიალზე ძირითადად თანაბარი ძალის გუნდებია, ამიტომაც იოლი მეტოქე არცერთია.
- მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ბევრი ამბობდა, რომ ტურნირი კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის დუელი იქნება. არგენტინელთა სადებიუტო შეხვედრა თუ მოგეწონათ?
- თქვენი კითხვის პირველ ნაწილში გამოთქმულ თვალსაზრისს კატეგორიულად არ დავეთანხმები. მესის მოწინააღმდეგედ კი არა, ამხანაგად ვთვლი. ჩვენ ხომ მინდორზე იდენტური დანიშნულება გვაქვს – ყველაფერი გავიღოთ საკუთარი გუნდის საკეთილდღეოდ. ლეო ძალიან ვაფასებ და მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ისევე, როგორც მთლიანობაში არგენტინის ნაკრებს. ამ გუნდში ხომ ჩემი რამდენიმე მეგობარი თამაშობს, მაგალითად, გაბრიელ ჰაინცე.
- ინგლისმა ყველასთვის მოულოდნელად ამერიკასთან 2 ქულა დაკარგა. ფაბიო კაპელოს გუნდმა იმედი გაგიცრუათ?
- ალბიონელთა ეროვნულ გუნდში ჩემი ყოფილი თანაგუნდელები თამაშობენ, ამიტომაც ბრიტანელთა წაფორხილებამ გული დამწყვიტა. ისე კი, ინგლისელებს ცუდად არ უასპარეზიათ, რასაც აშშ-ს ნაკრების კართან შექმნილი სახიფათო მომენტები ადასტურებენ.
- ინგლისელთაგან გოლი სტივენ ჯერარდმა გაიტანა. “მარკას” თუ ვერწმუნებით, დიდი შანსია მან “ლივერპული” მადრიდის “რეალზე” გაცვალოს და თქვენი თანაგუნდელი გახდეს...
- სტივის წინააღმდეგ ინგლისურ პრემიერლიგაში არაერთი მატჩი ჩამიტარებია და მშვენივრად ვიცი მისი შესაძლებლობები. ჯერარდი უდიდესი ფეხბურთელია. მაგრამ, მოდით, ჯერჯერობით, “რეალის” ტრანსფერებზე ნუ ვისაუბრებთ, მითუმეტეს, ეს კლუბის პრეზიდენტის და გუნდის მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა.  
- ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში კაკას პირისპირ მოგიწევთ გამოსვლა. ბრაზილიელს არცთუ წარმატებული საკლუბო სეზონი ჰქონდა. მუნდიალზე კაკა ამის კომპენსაციას ხომ არ მოახდენს?
- ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია, დაივიწყოს წარუმეტებლობა და მომავალზე იფიქროს. კაკას პრიმერაში ნაკლებად გაუმართლა, რისი მიზეზიც ტრავმა გახლდათ. თანაც, მადრიდში მას საადაპტაციოდ დროის გარკვეული პერიოდი დასჭირდა. დარწმუნებული ვარ, მუნდიალზე კაკა გაიბრწყინებს. ჩემთვის კი ძალიან დიდი პატივია მისი პარტნიორობა. მაღალი დონის ფეხბურთელია ბენზემაც. “რეალში” გატარებული პირველი წელი მისთვისაც ნაკლებად დამაჯერებელი შეიქნა. არაუშავს – მე, კაკასა და ბენზემას წინ კიდევ ბევრი სეზონი გველის “სანტიაგო ბერნაბეუზუ” და “რეალის” სახელოვანი ისტორიის შემადგენელი ფეხბურთელები გავხდებით.
- მოდით, მუნდიალს მივუბრუნდეთ. იშვიათია, მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს მომდევნო ტურნირის ფავორიტად რომ არ მიიჩნევენ. ეს თვალსაზრისი იტალიის მიერ პარაგვაისთან ჩატარებულმა მატჩმაც თითქოს დაადასტურა. თქვენც ეჭვის თვალით უმზერთ “სკუადრა აძურას” საჩემპიონო ამბიციას?
- არა. ჩემთვის იტალია ერთ-ერთი ფავორიტია. იტალიის ნაკრებს ყველა პატივს სცემს. სხვანაირად არც შეიძლება იყოს – აპენინელებს ხომ ბრწყინვალე ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავთ.

გოჩა კაჭარავა


0.117031