ინტერვიუები

10:14 | 21.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ: “დაველოდოთ მსოფლიოს ჩემპიონატს”

პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუსა და არგენტინელი ლიონელ მესის შედარება ბოლო წლებში ერთობ აქტუალურ თემად იქცა. გასაკვირი არცაა, ვინაიდან სწორედ ეს ფეხბურთელები ხდებოდნენ მორიგეობით ევროპასა თუ მსოფლიოში საუკეთესონი. მიმდინარე წელსაც ალბათ, სწორედ მათ შორის მოუწევს საფეხბურთო სამყაროს არჩევანის გაკეთება. ერთნი თვლიან, რომ ჯერჯერობით, მესი აღნიშნულ პაექრობაში უდავო ლიდერია, თუმცა მეორენი მსოფლიო ჩემპიონატამდე მოცდასა და დასკვნების შემდეგ გაკეთებას ამჯობინებენ. მათ რიცხვს მიეკუთვნება თავად რონალდუც, რომელმაც საკუთარი პოზიცია ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემასთან საუბრისას გაამხილა.  
- კრიშტიანუ, თქვენ გამუდმებით ლეო მესის გადარებენ. ამის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- ზოგიერთ ადამიანს ჩვენი შედარება ხელობად აქვს გადაქცეული. მესი დაუჯერებლად ძლიერად თამაშობს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ “ბარსელონა” დიდი ხანია დაახლოებით ერთი და იმავე შემადგენლობით გამოდის, რის გამოც, მისთვის გაცილებით ადვილია საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა. კატალონიელებს ფანტასტიკური გუნდი ჰყავთ.
- თავად რას იტყვით – მესი თუ რონალდუ?
- გასულ წელს “ბარსელონამ” ყველა ტურნირი მოიგო რომელშიც მონაწილეობდა, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების შანსი წელსაც აქვს. მიღწეულში მესის როლი უდიდესია, მაგრამ არც მისი პარტნიორები უნდა დაგვავიწყდეს. დაველოდოთ მსოფლიოს ჩემპიონატს, რომ ჩვენი შედარებისთვის უკეთესი შანსი მიეცეთ. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების რიცხვში შევდივართ და ვნახოთ, სამხრეთ აფრიკაში თავს როგორ გამოვავლენთ.
- მომავალი მსოფლიო პირველობის ფავორიტად ვის თვლით?
- ვფიქრობ, ინგლისს საუცხოო შანსი აქვს. რა თქმა უნდა, ბრიტანელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი ეყოლებათ. ჩემი აზრით, მათ სამხრეთ აფრიკაში ბევრის მიღწევა შეუძლიათ.
- ინგლისელებს ძლიერი ფეხბურთელები ყოველთვის ჰყავდათ, მაგრამ დიდ საფეხბურთო ფორუმებზე წარმატების მიღწევა უჭირდათ. ამჟამინდელ ნაკრებს წინამორბედებისგან რა განასხვავებს?
- ბუნებრივია, მთავარი მწვრთნელი. ფაბიო კაპელოს თავკაცობით ინგლისელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი უპრობლემოდ განვლეს და ამასთანავე, საუცხოო თამაშს აჩვენებდნენ. მსურს ამ გუნდს წარმატება ვუსურვო, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მის შემადგენლობაში ბევრი ჩემი მეგობარი თამაშობს.   
- თქვენ რას იზამდით, რომ განმეორებულიყო ეპიზოდი, რომელიც 2006 წლის გერმანიის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხდა, როდესაც რუნი გააძევეს? მის მსგავსად წაიქცეოდით?
- სიმართლე გითხრათ იგივეს გავაკეთებდი, რადგან საკუთარი ქვეყნის ღირსებას ვიცავ და ამას ისე ვაკეთებ, როგორც შემიძლია. მსგავსი ეპიზოდის მიმართ დისკომფორტს არ ვგრძნობ.
- ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ, რომ მანუელ პელეგრინის გუნდიდან გაუშვებენ. ვის მიიჩნევთ “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების კანდიდატად?
- ახლა ამ თემის განხილვა არ ღირს. დღესდღეობით, პელეგრინი ჩემი მწვრთნელია, რითაც კმაყოფილი ვარ.
- მაგალითად, თუ გუნდის თავკაცი ფაბიო კაპელო გახდა?
- კაპელო ძალიან ძლიერი სპეციალისტია - მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. ის საუცხოოდ ართმევს თავს ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობას და როგორც იტალიაში, ასევე ესპანეთში, არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია. აქედან გამომდინარე, რატომაც არა?
- ფიქრობთ, რომ შესაძლოა მომავალში “რეალში” მუშაობა ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით მოგიწიოთ?
- ის ბრწყინვალე მწვრთნელია, რომლის სახელს ყოველთვის ახსენებენ, როდესაც ამა თუ იმ დიდ კლუბს თავკაცი სჭირდება. თუმცა, მსურს კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ამჟამად პელეგრინი გვწვრთნის და მის გვერდით ყოფნისას თავს ნორმალურად ვგრძნობ.
- მოურინიოს როგორ დაახასითებდით? მასთან მუშაობას შეძლებდით?
- მისი ხასიათით ბევრი არაა აღფრთოვანებული, მაგრამ ჟოზეს ძალიან კარგად ვიცნობ. ის მართლაც განსაკუთრებული ადამიანია, რომელსაც გამარჯვებულის სულისკვეთება აქვს. სწორედ ამიტომ არ მოსწონს ის ხალხს. მოურინიო თავისი ნატურით გამარჯვებულია.   
- ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში ერთმანეთს მილანის “ინტერი” და “ბარსელონა” დაუპირისპირდნენ. ფინალში გასვლის ვის უფრო მეტი შანსი აქვს?
- პროგნოზს არ გავაკეთებ. მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ ფინალში უძლიერესი მოხვდება.
- ცოტა ხნის წინ, სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიმართეთ და ამის მთავარი მიზანი რა იყო?
- ზოგჯერ ფეხბურთის თამაში და დაოსტატება საკმაოდ რთულია. შესაძლოა, რაღაც იმიტომ არ გამოგდის, რომ პრობლემებია ქვეყანაში სადაც ცხოვრობ და არც საფეხბურთო სისტემაა განვითარებული, მაგრამ ხელების ჩამოშვება არ შეიძლება. მთავარია, რომ უკეთესი მომავლის გჯეროდეს და შრომა განაგრძო. ბავშვობაში პროფესიონალ ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი, რასაც მივაღწიე კიდეც. როდესაც ათასიდან ერთი შანსი გეძლევა, უნდა გამოიყენო. ძალიან ბევრის მიღება შეიძლება, როდესაც ოცნების ასრულებისკენ მიისწრაფვი.

მოამზადა ლაშა თაბაგარმა


 

0.115668