მადრიდის ”რეალის” პორტუგალიელ ვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს ახალი ძვირადღირებული იახტის შეძენა ჰქონია გადაწყვეტილი. პორტუგალიელ ფეხბურთელს ერთი იახტა უკვე აქვს - 2009 წელს შეიძინა, მაგრამ ეტყობა, რონალდუს სულ სხვა შესაძლებლობისა და ხარისხის იახტა სჭირდება.
დღეს სპეციალური შეკვეთით ფეშენებელურ იახტებს სულ რამდენიმე საზღვაო კომპანია აწარმოებს და მათი უმეტესობა იახტას პატრონს შეკვეთიდან დაახლოებით 2-3 წლის შემდეგ აბარებს. იახტების წარმოება, მოგეხსენებათ, საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა. თუმცა, სულსწრაფ რონალდუს ახალი იახტით განავარდება სულ რაღაც რამდენიმე თვეში სურს და მისი ამ ახირების დაკმაყოფილება საკუთარ თავზე ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ მას შემდეგ აიღო, რაც გაირკვა, რომ რონალდუ იახტაში 50 მილიონი ევროს გადახდაზე იყო ყაბულს.
იახტა ორსართულიანი და რასაკვირველია, კეთილმოწყობილი იქნება. მასზე განთავსდება რვა პერსონალური კაიუტა, რომელთაგან მხოლოდ ორი იქნება გემის ეკიპაჟის განკარგულებაში. დანარჩენი კაიუტები კი, რონალდუს სურვილისამებრ, სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება. ახალი იახტა, რომელსაც ჯერ სახელიც კი არა აქვს შერჩეული, მადრიდელ ფეხბურთელს ოთხ თვეში ჩაბარდება.