მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, ინგლისის ეროვნული გუნდი ოქროს მედლების მოგების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლებოდა, მაგრამ ჯგუფში ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ, ფავორიტობას ვინ ჩივის, ბრიტანელების შემდეგ ეტაპზე გასვლაც კი საეჭვოა. ფაბიო კაპელოს შეგირდების უსახურ თამაშს ყველა თავისებურად ხსნის და ბუნებრივია, საინტერესოა, რა პრობლემებს ხედავს ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი კრის უოდლი, რომელმაც 1985-1991 წლებში ქვეყნის ღირსება 62-ჯერ დაიცვა და 6 გოლი გაიტანა. იგი, ბრიტანელთა მიერ მსოფლიოს ჩემპიონატებზე მიღწეული ბოლო წარმატების თანაავტორია, როდესაც 1990 წელს, გუნდი მუნდიალის ნახევარფინალში გავიდა, სადაც პენალტების სერიაში გერმანიასთან დამარცხდა, ხოლო მე-3 ადგილისთვის მატჩი, მასპინძელ იტალიასთან დათმო. ამჟამად, 49 წლის უოდლი ESPN-ზე კომენტატორად მუშაობს და ცხადია, სამხრეთაფრიკულ პერიპეტიებში სრულადაა ჩართული.
- თქვენი ფორმაციის ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2-ფინალამდე მიაღწია (1990 წელს იტალიაში ჩატარებულ მუნდიალზე - რედ.). ამჟამინდელი გუნდი კი, შესაძლოა, ჯგუფიდან ვერ გავიდეს. როგორ ფიქრობთ, მას რა პრობლემები აქვს?
- საქმე თავდაჯერებაშია. უფრო სწორედ, მის დაკარგვაში. ბიჭებს საკუთარი თავის არ სჯერათ. გუნდი, რომელიც საუცხოოდ თამაშობდა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, სადღაც გაქრა. ის არაა, თუმცა ხალხი იგივეა. ყველა ამბობს, რომ ფეხბურთელები დაღლილები გამოიყურებიანო. თუმცა, ამ შემთხვევაში, მთავარი, საკუთარი თავისადმი რწმენის დაკარგვაა. როდესაც თავდაჯერებული არ ხარ, გეჩვენება რომ გადაიღალე, წმინდა ფსიქოლოგიაა. სამწუხაროდ, არ ვიცი გუნდმა თავდაჯერება როგორ უნდა დაიბრუნოს. ამისთვის რაიმე აბის მიღება რომ შეიძლებოდეს, საუცხოო იქნებოდა. თუმცა, ასეთი აბი არ არსებობს. ამიტომ, გუნდმა საკუთარი ძალა უნდა ირწმუნოს. ეს თუ არ მოხდება, მაშინ მომდევნო მატჩის შემდეგ სახლში გაემგზავრება.
- სერიოზულად ფიქრობთ, რომ ინგლისი, შესაძლოა, ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდეს?
- თეორიულად, მას სლოვენიის ნაკრების დამარცხება შეუძლია. თუმცა, განვლილ მატჩებამდეც ასე ვლაპარაკობდით, რომ ინგლისი ამერიკას მოუგებს და შემდეგ ალჟირსაც. მსგავსი რამ არ მოხდა. ახლა კი, სლოვენიალების წინააღმდეგ გუნდს ფრეც არ აწყობს. მითუმეტეს, რომ მეტოქე თავს დიდი ძალებით დაიცავს, რის გაკეთებაც კარგად იცის და ამასთანავე, კონტრშეტევების განხორციელებაც შეუძლია.
- ეთანხმებით მოსაზრებას, რომ დღესდღეობით, აშშ და სლოვენია, ნაჩვენები თამაშის ხარისხით ,ჯგუფიდან გასვლას ინგლისზე მეტად იმსახურებენ?
- დიახ. აშშ და სლოვენია საუცხოო ფეხბურთს აჩვენებენ. მათ სწორედ ის თავდაჯერება აქვთ, რის ინგლისის ნაკრებში არარსებობაზეც მუდამ ვსაუბრობ. ამერიკელებიც და სლოვენიალებიც ისე თამაშობენ, რისი შესაძლებლობაც აქვთ. აშშ-ს თამაშს როდესაც უყურებ, შინაგანად გრძნობ ამერიკელების რწმენას, რომ მატჩის მოგება შეუძლიათ. ისინი წინ “მიქრიან”, ორთაბრძოლებში ბურთს “კბილებით” ეუფლებიან. ეს ყველაფერი თავდაჯერებაა. ალჟირთან მატჩის მსვლელობისას კი, ინგლისის თვითრწმენის დონე ყოველ წუთს იკლებდა.
- მსოფლიოს ჩემპიონატზე არასასურველი შედეგით დასრულებული ორი მატჩის მიუხედავად, თვლით, რომ გუნდის სათამაშო სქემა სწორადაა შერჩეული?
- შეხედეთ – შესარჩევში ჩვენ მშვიდად გავედით რთული ჯგუფიდან, დავტოვეთ რა უკან უკრაინა და ორჯერ დიდი ანგარიშით ხორვატია დავამარცხეთ. ამხანაგურ შეხვედრებში სლოვაკეთსა და სლოვენიასაც მოუვგეთ. მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ეგვიპტესაც ვაჯობეთ და კიდევ ბევრს. შემდეგ ფინალური ტურნირი დაიწყო და ...
- მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ ალჟირის წინააღმდეგ, ინგლისს გუნდური სულისკვეთება არ ჰყოფნიდა...
- ეს სრულიად არ ეწინააღმდეგება ჩემს სიტყვებს თავდაჯერების შესახებ. რუნი და ჯერარდი, ამჟამად, რაღაც დაბალ ფსიქოლოგიურ ნიშნულზე არიან. ინგლისის ნაკრების თამაში კი, დიდწილად მათზეა დამოკიდებული.
- თუმცა, ამ ფეხბურთელებს, ისევე, როგორც ნაკრების მთავარ მწვრთნელს, დიდ საკლუბო ტურნირებზე მონაწილეობისა და გამარჯვების კოლოსალური გამოცდილება აქვთ...
- გეთანხმებით. ავიღოთ თუნდაც ჩემპიონთა ლიგა, რომელიც რუნიმ “მანჩესტერ იუნატედთან”, ხოლო ჯერარდმა “ლივერპულთან” ერთად მოიგო. ტურნირზე გუნდი ერთ-ერთ ფავორიტად ჩამოვიდა და ირგვლივ ყველა იძახდა, რომ ინგლისი მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებდა. სხვათა შორის, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ასე ხდება. შედეგად, ფეხბურთელები ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ უძლებენ.
- კაპელოს, თავისი ტიტულებითა და გამოცდილებით, რატომ არ შეუძლია ფეხბურთელები ნორმალურ მდგომარეობაში მოიყვანოს?
- ამის შესახებ, სჯობს კაპელოს ჰკითხოთ.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ გუნდში ატმოსფერო ჯონ ტერისა და უეინ ბრიჯს შორის მომხდარმა სკანდალურმა ისტორიამ გააფუჭა?
- არ ღირს მიზეზების ძებნა იქ, სადაც ისინი არაა. საქმე მხოლოდ დაკარგულ თავდაჯერებაშია და სხვა არაფერში.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა