ინგლისის “მანჩესტერ იუნატედის” 20 წლის მცველ კრის სმოლინგს ოლდ ტრაფორდელთა შემადგენლობაში მხოლოდ 2 საპრემიერლიგო შეხვედრა აქვს ჩატარებული, თუმცა, ინგლისელთა 21-წლამდელთა ნაკრების წევრს ყურადღება ქვეყნის ეროვნული გუნდის იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომაც მიაქცია და საფრანგეთთან ტესტმატჩის ჩასატარებლად ალბიონელთა უპირველეს ნაკრებში უხმო. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც სმოლინგმა მანჩესტერელთა საკლუბო ჟურნალს Inside United-ს მისცა.
- “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივრები ჯერჯერობით კარგად არ გიცნობენ. როგორ დაახასიათებდით თავს?
- საფეხბურთო მინდვრის მიღმა მოკრძალებული და თავმდაბალი ადამიანი გახლავართ, მაგრამ მატჩის დაწყების წინ ამ თვისებებს გასახდელში ვტოვებ და თამაშისას თამამი ვარ. ამაში თანაგუნდელები მეხმარებიან. “იუნაიტედის” გამოცდილი და სახელოვანი ფეხბურთელები ყოველ¬მხრივ მიწყობენ ხელს, რაც ყოველდღიურ პროგრესში მიწყობს ხელს. “ოლდ ტრაფორდზე” ყოფნით ძალიან კმაყოფილი ვარ.
- სახელოვან კლუბში ყველაზე მეტად რა გხიბლავთ?
- მოთამაშეები და მთლიანობაში გუნდი ყველა მატჩში მხოლოდ მოსაგებად რომ არიან მომართულნი. “მანჩესტერის” ის ფეხბურთელებიც კი, რომლებიც გუნდში ლამის 2 ათეული წელია ირიცხებიან და პრაქტიკულად ნებისმიერი საკლუბო ტიტული მოუგიათ, საწვრთნელ ორმხრივ შეხვედრებსაც კი უდიდესი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ატარებენ და მხოლოდ მოსაგებად ასპარეზობენ. ამის გამო ისინი მუდმივად ტონუსსა და მშვენიერ სპორტულ ფორმაში არიან, ვეტერანების მაგალითი კი დიდად გვეხმარება დაოსტატებაში.
- ისეთი შთაბეჭდილება გვე¬ქმნება, თითქოს “ოლდ ტრა¬ფორდზე” ადაპტაცია არ გიჭირთ...
- მანჩესტერში ბრწყინვალე დახვედრა მომიწყვეს, რამაც ხელი ძალიან შემიწყო. “იუნაიტედთან” ერთად მეტად ნაყოფიერი წინასასეზონო მომზადება გავიარე და ახალი პარტნიორები ახლოს გავიცანი. “ოლდ ტრაფორდზე” ფანტასტიკური სიტუაციაა. “მანჩესტერ იუნაიტედს” საოჯახო კლუბს დავარქმევდი. მიუხედავად იმისა, გუნდში სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთელები რომ არიან თავმოყრილნი, ერთმანეთის ყველას მშვენივრად გვესმის. სწორედ “იუნაიტედში” ჩარიცხვის შემდეგ გავიგე, რაა ამხანაგური სულისკვეთება.
- ვინმეს თქვენთვის ორიოდე წლის წინ რომ ეთქვა, “მანჩესტერის” წევრი გახდებიო, რა რეაქცია გექნებოდათ?
- გულწრფელად გიპასუხებთ – ბავშვობისას ყოველთვის მჯეროდა, საფეხბურთო კარიერას რომელიმე დიდ გუნდში რომ გავაგრძელებდი. თუმცა, რაც ვიზრდებოდი, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, საამისოდ ძალიან ბევრი რომ უნდა მემუშავა და მეც წვრთნის დროს თავს არ ვზოგავდი. საბოლოოდ ჩემმა მონდომებამ თავისი გაიტანა და “მანჩესტერ იუნაიტედის” წევრის რანგში გესაუბრებით. პრესის ფურცლებზე ხშირად იწერება, კრის სმოლინგს გაუმართლაო, მაგრამ გარწმუნებთ, მონდომებისა და შრომის გარეშე “ოლდ ტრაფორდზე” ვერ მოვხვდებოდი. თუმცა, ცხადია, გამართლების ელემენტსაც არ გამოვრიცხავ.
- პირველად როდის შეიტყვეთ, თქვენი გადაბირება “მანჩესტერს” რომ სურდა?
- ყველაფერი სწრაფად და მოულოდნელად მოხდა. “ფულჰემთან” ერთად ბლექბერნში მორიგი საპრემიერლიგო შეხვედრის ჩასატარებლად მივემგზავრებოდით, როცა როი ჰოჯსონმა მითხრა, შენთან შეხვედრა სერ ალექს ფერგიუსონს სურს და ამ მიზნით საღამოს სასტუმროში მოგაკითხავსო. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ გავნერვიულდებოდი. უშუალოდ საუბრის დასაწყისისთვის კი დავმშვიდდი და ფერგიუსონთან კონსტრუქციული, საქმიანი დიალოგი გამომივიდა. სერ ალექსი ჩემი ნომრის სავარძელში პირისპირ მეჯდა და მარწმუნებდა, რომ კარიერაში ნაბიჯს წინ გადავდგამდი, თუკი მისი გუნდის წევრი გავხდებოდი. ჩემთვის ეს შოკისმომგვრელი სიურპრიზი გახლდათ.
- უფრო კონკრეტულად ხომ ვერ გვეტყოდით, რას გეუბნებოდათ შოტლანდიელი სპეციალისტი?
- ფერგიუსონმა მითხრა, უკვე კარგა ხანია გაკვირდებით და იმ დასკვნამდე მივედი, “იუნაიტედისთვის” საჭირო ფეხბურთელად ჩამოყალიბება რომ შეგიძლიაო. სერ ალექსი დამპირდა, რამდენიმე მატჩში ძირითადში გათამაშებ, დანარჩენი კი შენზეა დამოკიდებულიო. ეტყობა, ამ შეხვედრებში ურიგოდ არ გამოვსულვარ, რადგანაც მოგვიანებით სხვა ოფიციალურ ასპარეზობებშიც მომეცა თავის გამოჩენის საშუალება. პროფესიული ზრდის თვალსაზრისით უკეთეს პირობებს ვერც კი ვინატრებდი – ყოველდღიურად უმაღლესი კლასის ფეხბურთელების გვერდიგვერდ ვვარჯიშობ და ვთამაშობ. იმედია, ფერგიუსონის ნდობას სამომავლოდაც გავამართლებ.
- პირველად “ოლდ ტრაფორდზე” “მანჩესტერის” მეტად მნი-შვნელოვან შეხვედრას დაესწარით. იმ დღეს ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში თანაქალაქელ “სიტის” სძლიეთ. კარგად გახსოვთ ის საღამო?
- დაუვიწყარი დღე და თამაში იყო! მაყურებლებით ბოლომდე შევსებულ “ოლდ ტრაფორდზე” წარმოუდგენელი ატმოსფერო სუფევდა. ასეთი მატჩისთვის ტრიბუნიდან თვალის მიდევნება განსაკუთრებული სიამოვნებაა. ასპარეზობის დასრულების შემდეგ მწვრთნელმა გასახდელში შემიყვანა, სადაც “იუნაიტედის” ლეგენდას სერ ბობი ჩარლტონსა და გუნდის ამჟამინდელ მოთამაშეებს შევხვდი. ისინი გულღიად შემხვდნენ. იმ დღის შემდეგ ერთი სული მქონდა, როდის შევუდგებოდი წვრთნას ახალ გუნდში და თავში სულ “ოლდ ტრაფორდის” მინდორზე გასვლა მიტრიალებდა.
- თქვენთან ერთად გუნდში თითქმის ერთდროულად მექსიკელი ხავიერ ერნანდესი და პორტუგალიელი ბებე მივიდნენ. მათთან დამეგობრება თუ მოასწარით?
- კარგია, მხოლოდ მე რომ არ ვიყავი “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეული. ერთმანეთს საკუთარ შთაბეჭდილებებსა და განწყობას ვუზიარებდით, ერთურთისაც კარგად გვესმოდა. ნერვიულობის დაძლევაში ერთმანეთს ვეხმარებოდით და თუკი რომელიმეს მოწყენას ვამჩნევდით, ვამხნევებდით. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ სამივენი უკვე მეგობრები ვართ. თქვენი კითხვის პასუხად კი დავამატებდი, რომ “ჩიჩარიტოს” (ხავიერ ერნანდესი-რედ) ადრეც ვიცნობდი. მექსიკის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლონდონში იასპარეზა და სწორედ მაშინ შევხვდი პირველად ამ ნაკრების ნიჭიერ და სწრაფ ფორვარდს. “ჩიჩარიტოს” განეიტრალება ძალიან გამიჭირდა.
- “მანჩესტერ იუნაიტედში” თქვენი ამპლუის ფეხბურთელები ნემანია ვიდიჩი და რიო ფერდინანდი არიან. ამ ტანდემისგან რას სწავლობთ?
- ორივე მათგანი ჩემთვის სამაგალითო ფეხბურთელია. მათ ოსტატობაზე ახალს ვერაფერს ვიტყვი, ურთიერთქმედება კი სინქრონიზმამდე აქვთ აყვანილი. ყველაზე რთულ მომენტებშიც კი ნემანიაცა და რიოც ოპტიმალურ გამოსავალს პოულობენ. მათ მოწინააღმდეგის შეტევის მოგერიებაც შეუძლიათ, იერიშში ჩართვაც და მისი შედეგიანად დაგვირგვინებაც. ვიდიჩი და ფერდინანდი მინდორზეც და მის ფარგლებს მიღმაც მეხმარებიან. აქვე მსურს აღვნიშნო ჯონი ევანსიც. მისგანაც ბევრს ვსწავლობ.
- უახლოეს პერიოდში რა მიზნის გადაჭრას ისახავთ?
- “ფულჰემში” დაახლოებით 20 შეხვედრა ჩავატარე და კარგი იქნება, თუკი მიმდინარე სეზონში ამდენჯერვე “მანჩესტერის” რიგებშიც გამოვალ. ბედნიერი ვიქნები თუკი ინგლისის ნაკრებშიც ვიასპარეზებ და ჩემპიონთა ლიგის მატჩში ასპარეზობასაც დავაჭაშნიკებ.
გოჩა კაჭარავა