ჩოგბურთი

12:18 | 29.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

კრის ევერტი: “ფედერერს კიდევ ერთი სადიდსლემო ტურნირის მოგების მშვენიერი შანსი აქვს”

 ქალთა ერთეულთა თანრიგში სადიდსლემო ტურნირების 18-გზის ჩემპიონმა ამერიკელმა კრის ევერტმა The New York Post-ს ინტერვიუ მისცა და ამერიკის ღია პირველობის მიმდინარე შეჯიბრების საკუთარი პროგნოზი შესთავაზა მკითხველს. აშშ-ის ღია ჩემპიონატის 6-გზის გამარჯვებულ (1975, 1976, 1977, 1978, 1980, 1982) ევერტს წლევანდელი შეჯიბრების ფავორიტებად როჯერ ფედერერი და სერენა უილიამსი მიაჩნია. 

- რამდენად ლოგიკურად თვლით იმ ფაქტს, რეიტინგსიის ლიდერ სერენა უილიამსს წლეულს სადიდსლემო შეჯიბრება ჯერჯერობით რომ არ მოუგია?

- ეს ამბავი ჩემთვის მართლაც მოულოდნელობაა. ყოველთვის ვთვლიდი და ამჯერადაც ასე მიმაჩნია, რომ სერენამ ყოველსეზონურად მინიმუმ 2 სადიდსლემო შეჯიბრებას უნდა იგებდეს. ვფიქრობ, მომავალ სეზონში ასეც იქნება. ამის თქმის საფუძველს იმ მაძლევს, სერენა კვლავინდებურად მოტივირებული რომაა და ბევრსაც შრომობს. მის თამაშს ცინცინატიშიც მივადევნე თვალი და ძალიან მაღალი შთაბეჭდილება შემექმნა. თუკი სერენამ ნიუ იორკშიც ამ დონეზე იასპარეზა, ჩემპიონი გახდება.

- სერენას კვლავინდებურად უძლიერეს ქალ ჩოგბურთელად მიიჩნევთ?

- დიახ, ასეა, მიუხედავად იმისა, რომ წლეულს იგი პერიოდულად დამაჯერებლად ვერ თამაშობდა. ვფიქრობ, სადღეისოდ ბევრმა ჩოგბურთელმა სერენას რიდი დაკარგა და მის წინააღმდეგ უფრო თავისუფლად თამაშობენ. არავინ თვლის, რომ სერენა დაუმარცხებელია, მაგრამ თუკი უილიამს-უმცროსი თავის რეალურ თამაშს უჩვენებს მაყურებელს, ნებისმიერ მის მოწინააღმდეგეს მისთვის ჯეროვანი წინააღმდეგობის გაწევა ძალიან უჭირს.

- ნიუ იორკში სერენას უმთავრეს კონკურენტებად ვის თვლით?

- უპირველესად სიმონა ჰალეპს დავასახელებ. მეტი შეუძლია მარია შარაპოვასაც. ამასტან თუკი ეჟენი ბუშარმა იმ თამაშს მიაგნო, როგორც რამდენიმე ხნის წინათ ასპარეზობდა, სერენას რეალურ კონკურენციას გაუწევს.

- მამაკაცთა ერთეულთა ტურნირზე რას გვეტყვით? უპირველეს ფავორიტად ნოვაკ ჯოკოვიჩს თვლით თუ როჯერ ფედერერს?

- როჯერს კიდევ ერთი სადიდსლემო ტურნირის მოგების მშვენიერი შანსი აქვს. ჯოკოვიჩმა უიმბლდონი მოიგო, შემდეგ იქორწინა, მალე მამა გახდება. ყოველივე ეს ისეთ პროფესიონალსაც კი უშლის ხელს, როგორიც ჯოკოვიჩია. ვერ გეტყვით, ფედერერი 100 პროცენტით მზადაა თუ არა, მაგრამ კარგი შესაძლებლობა აქვს მეთვრამეტედ მოიგოს მეიჯორის ერთ-ერთი შეჯიბრება.

- ლეგენდარულ ვეტერან ჩოგბურთელთა უმრავლესობა ფედერერის მიმართ სიმპათიითაა განწყობილი. თქვენი აზრით, რით აიხსნება ეს მომენტი?

- როჯერი ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ჩემპიონია. იგი გულშემატკივრებსაც ძალიან უყვართ. ვისურვებდი ფედერერმა კიდევ დიდხანს ითამაშოს.

0.122047