წუხელ, პრემიერლიგის 24-ე ტურის მატჩში “კარდიფმა” “ნორვიჩს” 2:1 სძლია. ახალი მწვრთნელის, ნორვეგიელი ოლე გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით, ეს უელსელთა პირველი გამარჯვება იყო. “ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილი მოთამაშეების ფაქტორიც. ისეთების, როგორიც კრეიგ ბელამია. მან დიდებული მატჩი ჩაატარა. ვფიქრობ, ეს გამარჯვება მომავალი წარმატებების საწინდარი გახდება,” – უთხრა სოლსკიაერმა Sky Sports-ს.
ბელამიმ “ნირვიჩთან” 49-ე წუთზე გაიტანა და პრემიერლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვისაც ამ ტურნირში 7 სხვადასხვა კლუბის მაისურით გაუტანია. 34 წლის უელსელს კარიერის მანძილზე 9 კლუბში: “ნორვიჩში”, “ქოვენთრში,” “ნიუკასლში,” “სელტიკში,” “ბლექბერნში,” “ლივერპულში,” “ვესტ ჰემში,” “მანჩესტერ სიტისა” და “კარდიფ სიტიში” უთამაშია.