საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, ნუკრი რევიშვილის მომავალი “კრასნოდარში” გაურკვეველია. ამის შესახებ კრანოდარული საფეხბურთო კლუბის გენერალურმა დირექტორმა რუსლან ხაშიგმა განაცხადა.
26 წლის რევიშვილს “კრასნოდართან” კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი სლავოლიუბ მუსლინი ქართველს არ ენდობა და 18-კაციან განაცხადშიც არ შეჰყავს.
“ამჟამად რევიშვილი “კრასნოდარის” მოთამაშეა. მისი მომავლის თაობაზე ჯერ არაფერი გადაგვიწყვეტია. ის ძალიან კარგი, პოზიტიური ადამიანი და მაღალი დონის ფეხბურთელია. პრაქტიკა ნებისმიერ მეკარეს სჭირდება და საწყენია, რომ რევიშვილი არ თამაშობს. თუმცა, პროფესიონალი ფეხბურთელების ბედი ასეთია და მოედანზე მხოლოდ 11 კაცი გადის. ვფიქრობ, ჩვენ სწორ გამოსავალს ვიპოვით”, – იუწყება ხაშიგის სიტყვებს რუსული გამოცემა rsport.ru.