ფეხბურთი

19:30 | 19.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

კოლო ტურე მანჩინის მხარს უჭერს

“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელები მწვრთნელ რობერტო მანჩინის შესაძლო წასვლის გამო შეშფოთებული ყოფილან. მოგეხსენებათ, “ქალაქელებს” წლეულს კარგი სეზონი ვერ უდგათ. ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფიდან ვერ გავიდნენ, პრემიერლიგაში კი ლიდერ, თანაქალაქელ “იუნაიტედს” 12 ქულით ჩამორჩებიან. კლუბის მეპატრონეებს კი მხოლოდ ჩემპიონობა დააკმაყოფილებს. აფრიკის ერთა თასიდან დაბრუნებული კოტდივუარელი კოლო ტურე მიიჩნევს, რომ იტალიელი სპეციალისტის გუნდში დარჩენის ერთადერთი ვარიანტი არსებობს - თუ “სიტი” ასოციაციის თასს მოიგებს. ახლა მანჩესტერელები ამ ტურნირის მეოთხედფინალში არიან და 6 მარტს დაბალლიგელ “ბარნსლის” შეხვდებიან.
თავის მხრივ, ახალი სეზონიდან მანჩინის გადაბირება თურმე იტალიურ “რომას” სურს და წლიურ გასამრჯელოდ 4,5 მილიონ გირვანქა სტერლინგსაც სთავაზობს. შეგახსენებთ, რომ შარშან ზაფხულს, მას შემდეგ, რაც მანჩინიმ “სიტისთან” ერთად პრემიერლიგაში გაიმარჯვა, “ქალაქელებთან” სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის განმავლობაში 7,5 მილიონი გირვანქა უნდა მიეღო. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ხელშეკრულებას დღეგრძელობა არ უწერია.
რომაელთა გუნდში კი ხელმძღვანელობა შეიცვალა. ახალი სპორტული დირექტორი “ბარსელონას” ყოფილი ვარსკვლავი ჩიკი ბეგირისტაინია. არასახარბიელო შედეგების გამო, თებერვლის დასაწყისში მწვრთნელი ზდენეკ ზემანი გაათავისუფლეს და დროებით, სეზონის ბოლომდე აურელიო ანდრეაცოლი დანიშნეს. ზაფხულიდან “რომას” სახელს პსჟ-ს ამჟამინდელ დამრიგებელს, კარლო ანჩელოტისაც უკავშირებდნენ, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, უპირველესად მანჩინის კანდიდატურას განიხილავენ.
“მანჩინის დიდ პატივს ვცემთ და წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. ასოციაციის თასი ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა, მაგრამ შარშან პრემიერლიგა მოვიგეთ და წლეულსაც გვინდა ტიტულის შენარჩუნება. ვიცით, ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ჩემპიონატი ჯერ არ დამთავრებულა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს”, – ამბობს კოლო ჰაბიბ ტურე.

0.16443