სერბეთის ეროვნული ნაკრებისა და ინგლისის “მანჩესტერ სიტის” მცველი ალექსანდრ კოლაროვი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კლუბის გამოცვლაზე სერიოზულად ფიქრობს.
27 წლის ფეხბურთელმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება იმით, რომ სასტარტო შემადგენლობაში იშვიათად ჩნდება (გასულ სეზონში პრემიერლიგის 11 მატჩში, სულ კი, 20 თამაშში მიიღო მონაწილეობა). The Guardian-ის ინფორმაციით, ახლა მან პირდაპირ განაცხადა, რომ გუნდის დატოვება უნდა.
“მანჩესტერში ბედნიერი ვარ, მაგრამ მსურს, მოედანზე რეგულარულად გავდიოდე. ჩემს პირად აგენტთან მუდმივი კონტაქტი მაქვს. შევხედავ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩემს ცხოვრებაში ფული უმთავრესი არ არის, რადგან ამ კუთხით პრობლემები სულაც არ მაქვს. უბრალოდ, მსურს, რომ მუდმივად ვთამაშობდე და თუ ამისთვის აუცილებელია “სიტის” დატოვება, ამისთვისაც მზად ვარ”, - განაცხადა კოლაროვმა.
ინგლისური პრესის მტკიცებით, სერბის შეძენის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი ტურინის “იუვენტუსია”, რომელმაც იმავე “სიტიდან” ცოტა ხნის წინ კარლოს ტევესი შეიძინა. მოცემული მომენტისთვის მთავარი პრობლემა ისაა, რომ “ბებერი ქალბატონი” კოლაროვის განათხოვრების წესით აყვანაზეა თანახმა, “სიტის” თავკაცებს კი მისი გაყიდვა სურთ.