დუნე თამაში უგოლო ფრისკენ მიდიოდა და მომენტის მაგვარიც კი იშვიათი იქმნებოდა, როცა ალეკო გოგობერიშვილმა საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი კოკა მიკუჩაძე ცდილობდა დარტყმას, მაგრამ ილია კანდელაკმა დაქაჩა და მსაჯმა დავით ხარიტონაშვილმა პენალტი დანიშნა. ამას გარდა, კანდელაკს წითელი ბარათი უჩვენა.
მიკუჩაძემ თავადვე ზუსტად დაარტყა პენალტი და “სიონს” მოაგებინა - 1:0.
არადა, კოკა მე-80 წუთზე შევიდა შეცვლაზე: 32 წლის ფორვარდმა მოკლე დროში გადაწყვიტა მატჩის ბედი, ხოლო “ზესტაფონმა” მიჯრით მეორე თამაში წააგო ბოლო წუთებზე: ჯერ “სპარტაკთან” ჩემპიონატში, ახლა კი “სიონთან” თასზე.
ერთი საგულისხმო ფაქტი პენალტის შემდეგაც მოხდა, როცა იმერული გუნდის მწვრთნელმა რატკო დოსტანიჩმა საბა ლომია შეცვალა. არადა, ლომია ისედაც შეცვლაზე იყო შესული და არ გაგვკვირვებია, რომ მოედნიდან გასვლის დროს უკმაყოფილება გამოხატა - ბურთი დაარტყა და გასახდელისკენ წავიდა.
აკი ვთქვით, დუნე თამაში იყოო. მხოლოდ პირველი ტაიმის 20-წუთიან მონაკვეთში ვნახეთ აქტიურობა: “ზესტაფონი” მეტს უტევდა, უპირატესობას ფლობდა და მცველ თორნიკე გრიგალაშვილს არ გაუმართლა - მოჭრილი დარტყმით ძელს მოახვედრა ბურთი. მალევე, “სიონის” გარემარბ გიორგი კახელიშვილს შეექმნა კარგი მომენტი, მცველი ჩამოიშორა და კარისკენ გააგზავნა ბურთი, თუმცა მცველმა თედო გრიგალაშვილმა იყოჩაღა და ვარდნაში მოიგერია.
ტაიმის ბოლოს “სიონის” მეკარე ზურაბ ბათიაშვილი გიორგი ადამიასა და ირაკლი ქობალიას დარტყმულებს გაუმკლავდა. საერთოდ, პირველ ტაიმში “ზესტაფონს” მცირე, მაგრამ უპირატესობა მაინც ჰქონდა.
მეორეში კი თამაში გათანაბრდა, ოღონდ არა “სიონის” გააქტიურების, არამედ სტუმართა მოდუნების ხარჯზე. ბურთი მეტწილად ცენტრში იყო და შეტევები არ გამოსდიოდათ გუნდებს. შეტევას ვინ ჩივის, ორი ზუსტი პასის გადაბმაც იშვიათობა იყო.
მეორე ნახევარში, გოლის გარდა მხოლოდ ერთხელ შეიქმნა ხიფათი. ოღონდ, ეს ასპროცენტიანი მომენტი იყო და სანდრო გურული ვალდებული იყო, გოლი გაეტანა - პირისპირ გავიდა და მეკარე ზურაბ ბათიაშვილმა აუღო დარტყმული. ეს გოლამდე ათიოდე წუთით ადრე მოხდა.
საქართველოს თასი. მერვედფინალი. პირველი მატჩი
“სიონი” (ბოლნისი) - “ზესტაფონი” 1:0 (0:0)
26.09. 16:00.
სიონი: ბათიაშვილი, დაჩი ფოფხაძე, ქემოკლიძე, აბრამიძე, თოთაძე (ბიბილეიშვილი 46), განუგრავა (იმედაშვილი 62), სამხარაძე, გოგობერიშვილი, პარუნაშვილი, კახელიშვილი, მადუბეკე (მიკუჩაძე 80).
მწვრთნელი: გიორგი კიკნაძე.
ზესტაფონი: როინ კვასხვაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, თედო გრიგალაშვილი, რენე ფერეირა, კანდელაკი, აჯურუ, ენდელაძე (კუტალია 78), ჭანტურიშვილი, სანდრო გურული, ადამია (ლომია 46; შარიქაძე 87), ქობალია.
მწვრთნელი: რატკო დოსტანიჩი.
გოლი: 1:0 მიკუჩაძე (86 პენ).
გაფრთხილება: განუგრავა (6), ქობალია (47), ქემოკლიძე (52), ბიბილეიშვილი (88).
გაძევება: კანდელაკი (85).
მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი.
დილა (გორი) _ დინამო (ბათუმი) 1:0 (0:0)
გურია (ლანჩხუთი) _ მერანი (მარტვილი) 1:2 (0:1)
კოლხეთი (ხობი) _ დინამო (თბილისი) 0:9 (0:6)
ლოკომოტივი (თბილისი) _ ჩიხურა (საჩხერე) 0:3 (0:1)
მეტალურგი (რუსთავი) _ კოლხეთი (ფოთი) 2:0 (1:0)
ტორპედო (ქუთაისი) _ სპარტაკი (ცხინვალი) 2:2 (0:1)
მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები 30 სექტემბერს ჩატარდება.