ინტერვიუები

9:43 | 21.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

კოკა მიკუჩაძე: “ჩემი ბომბარდირობა უმაღლესის გარანტიაა”

ისრაელის ლეუმით ლიგის (რანგით მეორე) ბომბარდირი, ბატ იამის “ირონის” ფორვარდი კოკა მიკუჩაძე გახდა, რომელმაც სეზონი 18 გოლით დაასრულა, ხოლო ყველა ტურნირზე ერთად აღებული, 22 ბურთი შეაგდო და 14 საგოლე პასი მიითვალა. მართალია, კოკას გუნდი ლიგატ ალ-ში (უმაღლესი) ვერ გადავიდა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი, მომავალი სეზონიდან, სავარაუდოდ, სწორედ იქ გააგრძელებს კარიერას. საინტერესოა კოკას უცნაური სტატისტიკაც: ის ტექნიკური, რბილი მანერის ფორვარდია და სეზონში 15 ყვითელი ბარათი მოუგროვდა, რასაც ფეხბურთელი მსაჯებს აბრალებს – მიკარებაზე მაფრთხილებენო.   
“მსოფლიო სპორტი” მიკუჩაძეს ისრაელში დაუკავშირდა:
- შენი გუნდი ცხრილში ერთხანს ლიდერობდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ, მეექვსე ადგილზე გახვედით. რატომ ჩაგივარდათ სეზონის ბოლო?
- რამდენიმე მიზეზია. ჯერ ერთი, ბატ იამის “ირონი” შარშან გადმოვიდა ამ ლიგაში, სადაც 10 წელიწადზე მეტია, არ ყოფილა. ისევ გავარდნას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ სულ ლიდერთა ჯგუფში ვიყავით და ხალხი გაოცებული იყო. ეტყობა, “პატარა გუნდის” სახელმა იმოქმედა, ასევე გამოუცდელობამ და მსაჯებმა. ერთი თვე ჩაგვივარდა  და სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ უმაღლესში ვეღარ გადავიდოდით.
- მსაჯებმაც “პატარა გუნდის” სახელის გამო ამოიჩემეს “ირონი”?
- ეტყობა. ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობა გამოუცდელია, ფეხბურთის ცოდნაში მოიკოჭლებენ. რა თქმა უნდა, ფულის აღებ-მიცემობას არ ვგულისხმობ. არის ნიუანსები, როდესაც სწორი მენეჯმენტი მწვრთნელებს და ფეხბურთელებს ეხმარება, ჩვენთან კი ასე არ იყო. ჩვენთან ასე გამართულად არაა საქმე. მსაჯებმა კი არაერთხელ დაგვჩაგრეს. განსაკუთრებით გავმწარდით ერთ შეხვედრაში - ბოლო წუთებზე 2:2 იყო და სუფთა გოლი შევაგდეთ, მაგრამ არ ჩაგვითვალეს, მეტოქემ კი, მსაჯის დამატებულ წუთებზე, წესების დარღვევით გაგვიტანა. არადა, ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩი იყო.
- რადგან მსაჯებზე ვსაუბრობთ, ამდენ ყვითელ ბარათს რატომ იღებდი? ქართულ გუნდებში თამაშისას, იშვიათად გაფრთხილებდნენ.
- ალბათ, უხეში გავხდი... თუმცა ყველამ იცის, რომ უხეში არ ვარ. რამდენიმე ყვითელი, სიმულაციისთვის მომცეს.
- პირადად შენთვის, სეზონი მშვენიერი გამოვიდა...
- ბევრი გოლი გავიტანე და საგოლე პასებიც დამიგროვდა. თამაშიც კარგად წამივიდა და ამის გამოც არის, ლიგატ ალ-ის რამდენიმე კლუბი რომ დაინტერესდა ჩემით.
- კერძოდ?
- ფეთაჰ თიკვას “მაკაბი”, ნეთანიას “მაკაბი” და ჰაიფას “ჰაპოელი”, სადაც ბოლოს ლევან ხმალაძე იყო. ამ სამ კლუბზე ნამდვილად ვიცი, რომ ჩემით არიან დაინტერესებულნი. ახლა უკვე არდადაგები მაქვს და თბილისში შემიძლია წამოსვლა, მაგრამ ამიტომაც არ მოვდივარ, რომ მოლაპარაკებები დაიწყება და აქ მინდა ვიყო.
- ისრაელის მიღმა, გაქვს რამე ვარიანტი?
- მენეჯერმა მითხრა, კვიპროსის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში შემიძლია წაგიყვანოო.
- ანუ, ბატ იამის “ირონიდან” წასვლა გადაწყვეტილი გაქვს?
- წინასწარ არ მინდა თქმა, მაგრამ ძალიან მეეჭვება, რომ აქ დავრჩე. გუნდში ყველა მაფასებს და მათგან სიყვარულს ვგრძნობ, მაგრამ უმაღლესში თამაში მინდა.
- რანგით მეორე ლიგის საუკეთესო ბომბარდირს, უმაღლესში არ უნდა გაგიჭირდეს...
- ამას ვგრძნობ. მითამაშია ლიგატ ალ-ის კლუბებთან და ვიცი, რომ დიდი განსხვავება არაა. ეგაა, ზურაბ მენთეშაშვილის თელ-ავივის “ჰაპოელი” და ლადო დვალიშვილის ჰაიფას “მაკაბი” სხვებზე გაცილებით მაღლა დგანან. მენთეშაშვილს ჩემპიონობა მივულოცე და ავსტრიაში გავაცილე კამერუნთან ნაკრების თამაშზე.
- ალბათ, შენც სიამოვნებით წამოჰყვებოდი...
- ნაკრები ყოველთვის ჩემი ოცნება იყო და სამწუხაროდ, ოცნებად რჩება. ვიცი, ისრაელის მეორე ლიგა სასწაული დონე არაა, მაგრამ რაც უნდა იყოს, საუკეთესო ბომბარდირი გავხდი. ვფიქრობ, ერთხელ მაინც ვიმსახურებ გამოძახების, უბრალოდ, გამოცდის შანსს.

ილია ნანობაშვილი


 

0.117952