ფეხბურთი

21:50 | 12.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილმა გოლის გემო გაიხსენა

ბერლინის "ჰერტამ" II ბუნდესლიგის ბოლოსწინა ტურში სტუმრად 2:1 სძლია "კიოლნს". ლევან კობიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ანგარიში სწორედ მისი გოლით გაიხსნა: 36-ე წუთზე პენალტი გაიტანა. ეს კობიაშვილის პირველი გოლია სეზონში - როგორც იცით, ლევანს დისკვალიფიკაცია ჰქონდა და იანვრამდე ვერ თამაშობდა.

კობიაშვილს 2012 წლის 31 მარტის შემდეგ ("ჰერტა"-"ვოლფსბურგი" 1:4) ოფიციალურ მატჩში გოლი არ ჰქონდა გატანილი. როგორც იცით, "ჰერტას" უკვე მოპოვებული აქვს I ბუნდესლიგის საგზური.

ჰოლანდიაში ბოლო ტური გაიმართა და "ვიტესმა" შინ 0:1 წააგო "ვენლოსთან", თუმცა მე-4 ადგილს ისედაც ვერავინ წაართმევდა. გურამ კაშიას დისკვალიფიკაცია ჰქონდა, ვაკო ყაზაიშვილი კი სათადარიგო გახლდათ და მინდორზე არ შეუყვანიათ.

უკრაინის პირველ ლიგაში "სევასტოპოლმა" შინ 3:0 აჯობა "პოლტავას" და თითქმის განაღდებული აქვს უმაღლესში გადასვლა. მოგებულთაგან შეუცვლელად ითამაშა მათე ღვინიანიძემ. "სევასტოპოლი" მეორე პოზიციაზეა, თუმცა ერთ ქულას აგებს ლიდერთან და 3 მატჩი გამოტოვებული აქვს. უმაღლესში ისედაც 2 გუნდი გადადის და ღვინიანიძის გუნდს ერთი მოგებაღა სჭირდება.  

სომხეთში შოთა ჯიქიამ გაიტანა, რომლის "ულისესმაც" 4:1 აჯობა "იმპულსეს" და 8 გუნდს შორის მე-6 საფეხურზეა. ჯიქიამ 27-ე წუთზე ანგარიში გახსნა და სეზონში მე-7 ბურთი მიითვალა. ჯიქიას გარდა, "ულისესში" თენგიზ უგრეხელიძემაც ითამაშა. 

ლიტვაში "შიაულაიმ" შინ 1:1 ითამაშა "ჟალგირისთან" და მე-6 ადგილზეა. "შიაულაის" ქართველ ბომბარდირ გიორგი ალავერდაშვილს ამჯერად არ გაუტანია. ეს გუნდები 19 მაისს ლიტვის თასის ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს.


0.112806