სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

23:24 | 12.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

კობახიძემ რამოსს გოლი აჩვენა, "დიორი" უნგრეთის ჩემპიონი გახდა

სანდრო კობახიძემ, რომელსაც "დნიპროს" ესპანელი მწვრთნელი ხუანდე რამოსი იშვიათად ათამაშებს, "კარპატის" ლამაზი გოლი გაუტანა. ლვოვში გამართული მატჩი "დნიპრომ" 4:2 მოიგო და მე-4 ადგილზეა, ხოლო ლვოველები ისევ მე-13 პოზიციაზე არიან, მაგრამ თითქმის დარჩნენ პრემიერლიგაში. მხოლოდ 2 ტურია სათამაშო და "კარპატი" 5 ქულით უსწრებს ბოლოადგილოსან კლუბს.

ლვოველთაგან ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ლევან ყენია კი 59-ე წუთზე შეცვალეს.

"დნიპროდან" ჯაბა კანკავამ სრულად ჩაატარა მატჩი და მეორე ნახევარში გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა ძელს მოარტყა ბურთი. ჯაბამ მე-80 წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო დაუშვილის წაქცევისთვის.

რაც შეეხება კობახიძეს, ის 63-ე წუთზე შევიდა მინდორზე და გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანა. სანდრომ ფლანგიდან საჯარიმოში გააკეთა პასი, საიდანაც ისევ მას დაუბრუნდა ბურთი და ქართველმაც მარჯვენა ფეხით, დაახლოებით 13-14 მეტრიდან ზუსტად დაარტყა. ეს კობახიძის მე-3 გოლია მიმდინარე პრემიერლიგაში, თუმცა აქედან 2 კიევის "არსენალში" აქვს გატანილი.

მთლიანობაში, ამ მატჩში ოთხივე ქართველმა კარგად ითამაშა.

უნგრეთში ჩემპიონობა გაინაღდა რატი ალექსიძისა და გიორგი ქვილითაიას "დიორმა" - თანაც, 3 ტურით ადრე. დიორელებმა შინ 1:0 აჯობეს "ფერენცვაროშს" და 10-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვეს. ქართველებს არ უთამაშიათ და განაცხადშიც არ ყოფილან (ქვილითაიას ტრავმა აქვს).

ალექსიძემ ამ სეზონში 6 მატჩი ჩაატარა, ქვილითაიამ კი - 1.

"დიორი" ისტორიაში მეოთხედ გახდა უნგრეთის ჩემპიონი. 1983 წლის შემდეგ, პირველად. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ბევრი მატჩი არ ჩაუტარებიათ, ჩემპიონობა ჩემპიონობაა და ვულოცავთ რატისა და გიორგის.   


კობახიძის გოლი

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=9C92WLctfCw  

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115233