გულშემატკივრის სვეტი

20:07 | 7.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

კობას ჩაქაფული

ჩაქაფული ხუთნაირი მაინც არსებობს, ყოველ შემთხვევაში, მეცხვარე კობამ ამ კერძის ხუთნაირად მომზადება იცოდა: დიდ ნაჭრებად დაჭრილი და ჩაუკეპავად მოხარშული, ხბოსა და ცხვრის ხორცის შერევით გაკეთებული, ცხვრის ფერდის ხორცისა და ცოტა მწვანილებით შენელებული, იმერულად – ცოტა ცხარე... მაგრამ კობას, როგორც ჭეშმარიტ თუშს, ყველას მაინც ტრადიციული, ტარხუნით ამოძეძგილი ბატკნის ჩაქაფული ერჩივნა. ერჩივნა და აკეთებდა კიდეც. იმ დღეს, თელავში, ძმაკაცთან ჩასულმა 2 ცხვარი ჩაიყვანა. ერთი ჭედილა გიორგობას დაკალითო, ურჩია კახელებს. მეორე ცხვარი კი უცებ ჩამოატყავა და ხორცის ოსტატურად აქნას შეუდგა. ათ წუთში კალათბურთში საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების თამაში იწყებოდა და მისი მასპინძელი და ძმაკაცი – თელაველი გოგია, დილიდანვე ემზადებოდა ამ თამაშისათვის. კობას კიდევ, ცოდვა გამხელილი სჯობს და, იქამდე კალათბურთი ტელევიზორშიც კი არასოდეს ენახა და აბა, რა გულს დაუდებდა გოგიას აღტაცებულ მონოლოგს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი რამ წყდებოდა იმ დღეს. “ბიჯო, თუ ეს თამაში მავიგეთ, ჯგუფიდანაც გავალთ, გაიგეეე?“ – მალი-მალ იმეორებდა გოგია და თან დაკვირვებით უყურებდა კობას, რომელმაც ჯერ შესანიშნავად, გრამი ხორცის დაუკარგავად გაატყავა ცხვარი, შემდეგ ხორცი თვალსა და ხელს შუა დაამუშავა. საჩაქაფულე ნაჭრები ცალკე, სამწვადე კი ცალკე დააწყო. მერე პატარა და ბასრი დანა ამოაძვრინა თავისი ადამისდროინდელი აბგიდან და ელვის უსწრაფესად დაიწყო ხორცის სათანადო ზომაზე დაჭრა. ამასობაში, გოგიამ ტელევოზირის ელექტროსადენი დააგრძელა, თბილისში მცხოვრები თავისი უმცროსი ბიჭის მიერ ნაჩუქარი “ფილიპსის“ ფირმის ტელევიზორი იქვე, ეზოში გამომავალი ფანჯრის რაფაზე ჩამოდგა, ანტენაც კოხტად შეუერთა და ზუსტად მაშინ ჩართო, როდესაც მსაჯმა თამაშის დაწყების ნიშანი მისცა.
ნერვიული კაცია ეს გოგია. შეუტევენ უკრაინელები, წამოხტება, ფეხებს მიწაზე აბრახუნებს, იგინება...  შეუტევენ ჩვენები და მთელი ხმით ბღავის: “აეგრე რაა, ბიჯო... აეგრე! შაგიძლიათ, ხედავთ და რა ოხრობა გეტაკათ, ვააა“... ყვირის, ბღავის გოგია და თან თავის ძმაკაც თუშს ამუნათებს: “აბა შენა ხარ რაა! ერთხელ ზრდილობი გულითვინ მაინც შახედე, რა ხდება აქა“.
ამასობაში, კობამ ხორცის დამუშავება უკვე მოითავა. დიდ ზედადგარზე ჩაქაფულის ქვაბი შემოდგა, წყალი ჩაასხა, ხორცი, მწვანილი და ახალი ტყემალი ჩააყარა და ახლა მწვადის შამფურზე აგებას შეუდგა. რამდენჯერმე კობამაც შეხედა ტელევიზორს და “ესენი რისი მომგებები არიანო“  - ჩაიბურტყუნა. მორჩა პირველი მეოთხედი, დაიწყო მეორე. კობამ მასპინძლის გასაკვირად პატარა სკამი მიაჩოჩა ტელევიზორთან და თამაშის ცქერა დაიწყო. უყურებს ეკრანს და თან გვერდით ანთებული სამწვადე ცეცხლის ჩანაკვერჩხლებას ელის. შამფურები უკვე აგებულია. ჩაქაფული კი სადაცაა თუხთუხს დაიწყებს. გოგია ეშმაკურად აპარებს თუში მწყემსისაკენ თვალს. ხედავს, რომ ძალიან დააინტერესა კობა ამ კალათბურთმა. ეს კი არა, სტუმარმა გოგიას ცოლს ერთი ხელადა ღვინის გამოტანაც სთხოვა - დავილოცოთო. პატარა სკამებზე ჩამომჯდარი სტუმარ-მასპინძელი გაფაციცებით შესცქერიან თამაშს და სახელდახელოდ მოტანილ ყველს გოგიას შარშანდელ ღვინოს აყოლებენ. ღვინოცაა და ღვინოც. გოგიას რომ ჰკითხოთ, მისი ღვინო ისე გამოირჩევა მისი სოფლის სხვა ღვინოებისაგან, როგორ “ბარსელონა” ევროპის სხვა გუნდებისაგან.
თამაშის მესამე მეოთხედია და გოგიაზე მეტად კობა ანერვიულდა. “მიდი ჰა, რა მოგდისაა!“ - უყვირის ჩვენს კალათბურთელებს და ისეა ჩაფლული თამაშში, რომ რამდენჯერმე, მიწაზე დადგმული თავისი ღვინის ჭიქაც კი გადააყირავა. მაგრამ ამას ვინ დაგიდევთ... ჰა, ჰა, ერთი ხელადა თუ ექნებოდათ დალეული, როცა აშკარა გახდა, რომ საქართველოს ნაკრები ამ თამაშის წამგები არ იყო და როგორც გოგია ამბობდა, უკრაინელები “ჭილყვავებივით სულ ტყუილად დაფუთფუთებდნენ მოედანზე“. თამაშის დასრულებამდეც სულ ორიოდე წუთი იყო დარჩენილი. წამოდგა კობა. “აბა, მოგვიგია ეს თამაში და ახლა საქმეს მივხედოთო - ესა თქვა და ჩაქაფულის ქვაბისკენაც გაიხედა. ნეტა არ გაეხედა.... სანამ სტუმარიცა და მასპინძელიც მთლიანად თამაშში იყვნენ გადავარდნილები, ჩაქაფული ჯერ ამოდუღებულიყო და ქვაბიდან გადმოსულიყო, მერე კი მთელი წყალი ჩაეშრო და როდესაც ფიცხლად მივარდნილმა კობამ ქვაბს წამოხადა, იქიდან ისეთი მწარე ხრაკის სუნი ამოვარდა, ვენახის ბოლოში მცხოვრები მარტოხელა თამარა ბაბოც კი შეაწუხა. წამოხტა გოგიაც. დგანან ასე მოხდილ ქვაბთან თავჩაქინდრულები და ჩასცქერიან დამწვარ ჩაქაფულს. ხმა ბოლოს ისევ კობამ ამოიღო: “ერთი ამის დედაც ვატირე, დღეს ხო მოვიგეთ და ეს ჩაქაფული ჩვენი გამარჯვების ამბავში იყოსო!“. ამ სიტყვებზე გაეცინა გოგიას და “ეგრე იყოს. ჩვენ მწვადიც გვეყოფაო“ – ჩაილაპარაკა. ეყოთ კი არა, კიდეც დარჩათ მწვადი და ვენახის ბოლოში მცხოვრებ თამარა ბაბოსაც კი შეაწოდეს. ისხდნენ დილამდე ეს თუში და კახელი, სვამდნენ გოგიას ნაქებ ღვინოს და დამწვარი ჩაქაფული უკვე აღარც ახსოვდათ. რა დროს ჩაქაფული იყო, როცა მეორე დღეს, საქართველოს ნაკრები ბულგარეთს ხვდებოდა!  

ლევან სეფისკვერაძე

 

0.112426