ფეხბურთი

12:45 | 6.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

კობა წიტაიშვილი: "ზუგდიდი" ჭეჟიას გამო დავტოვე”

 

საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდში" გაურკვევლობა გრძელდება, “მსოფლიო სპორტმა” გუშინ გაუწყათ, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაანთავისუფლეს კობა წიტაიშვილი, საკუთარი ინიციატივით კლუბიდან წავიდა რამდენიმე ფეხბურთელი.

 თუ რა ხდება ამჟამად "ზუგდიდში" და რატომ გაუშვეს გუნდიდან არცთუ ისე დიდი ხნის წინათ დანიშნული მწვრთნელი, ამ თემაზე თავად კობა წიტაიშვილს ვესაუბრეთ.

 _ გუნდიდან თქვენს წასვლას აჟიოტაჟი მოჰყვა, რის საფუძველზე გაგანთავისუფლეს?

_  მე ვარ ზუგდიდელი, ამ ქალაქში დავიწყე ჩემი კარიერა და მადლობა უფალს, რომ აქაური ვარ. სწორედ იმიტომ ჩამოვედი, რომ მშობლიური გუნდი კრიზისული მდგომარეობიდან გამომეყვანა. ვიცოდი, რომ ცუდი სიტუაცია იყო მაგრამ, რაც აქ დამხვდა, მოლოდინს გადააჭარბა.

_ ალბათ პირობებს გულისხმობთ?

_ რა თქმა უნდა. 21 -ე საუკუნეში უმაღლეს ლიგაში მოთამაშე გუნდისთვის ფორმები რომ არ გაქვს, შეკრებას ვერ გაივლი და ელემენტარული სავარჯიშო მოედანი არ არის, რომელ შედეგზეა საუბარი. ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს ვითხოვდი, მაგრამ ამით არავინ დაინტერესებულა.

 ამ თემებზე გვქონდა სულ კამათი კლუბის დირექტორ მალხაზ ჭეჟიასთან, მის მიმართ პიროვნულად არანაირი პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ, საფეხბურთო ენაზე ძნელია მას არსებულ პრობლემებზე ესაუბრო. ერთადერთი რაც ვუთხარი, ბოლოს ის იყო - გუნდი არ უნდა გავარდეს უმაღლესი ლიგიდან, საამისოდ პირობები გვჭირდება და ხელი შეგვიწყვეთ-მეთქი, თუმცა ვხედავდი, რომ არაფერი გამოდიოდა. სწორედ ჭეჟიას გამო წამოვედი გუნდიდან.

 სხვათა შორის, მე პირველი არ ვარ ვისთანაც ჭეჟიას უთანხმოება ჰქონია. თავის დროზე გაბელია წავიდა გუნდიდან იმის გამო, რომ საერთო ენა ვერ გამონახა მასთან, შემდეგ ქომეთიანი.

 _ როგორც შევიტყვეთ, "ზუგდიდი" რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმაც დატოვა, ეს თქვენს გუნდიდან წასვლას უკავშირდება თუ არსებულ პირობებს?

 _ ალბათ, პირობების გამო, რადგან ძნელია მოემზადო თამაშისთვის, როცა სავარჯიშო მოედნის მოძებნაზე გიწევს ფიქრი.

 რას აპირებთ სამომავლოდ, დარჩებით საქართველოში თუ უცხოეთში გაგრძელებთ კარიერას?

 _ მე არსად ვაპირებ წასვლას, ზუგდიდში იმიტომ ჩამოვედი, რომ ჩემი ქალაქის გუნდი გავხადო ისეთი ბრძოლისუნარიანი და მაღალი დონის, როგორიც ამ ქალაქს და ხალხს შეეფერება, აქ ძალიან უყვართ ფეხბურთი. ზუგდიდელი ქომაგების აქტიური მხარდაჭერა თამაშებზე, უფრო მეტს სტიმულს მაძლევს იმისთვის, რომ დასახული მიზნებისთვის მომავალშიც ვიბრძოლო.

 

ედემი ელერჯია

       

0.116683