ფეხბურთი

10:37 | 19.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

კობა შალამბერიძე – “გურიას” რჩეული ფეხბურთელი

ლანჩხუთის „გურიას“ ქომაგებმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების პირველი (საშემოდომო) ეტაპის გამორჩეული ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა. გამოკითხვაში მონაწილეობის მსურველს უნდა დაესახელებინა „გურიას“ სამი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც შეფასდებოდნენ ქულებით (განცხადებაში მიმითებული გვქონდა მობილურის ნომერი, რომელზეც დარეკვის საშუალება ჰქონდა ყველა გულშემატკივარს). გვინდა აღვნიშნოთ, რომ გამოკითხვამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს: გაზეთმა „ლელომ“ და სპორტულმა ინტერნეტ საიტებმა „მსოფლიო სპორტმა“ და „geosports.ge”-მ, რადიო „STAR FM”-მა, ადგილობრივმა მედია-საშუალებებმა: „ლანჩხუთი პლუს”-მა და „ჰო და არამ“, გურიის ფეხბურთის ფედერაციამ, მწვრთნელებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ფეხბურთის სპეციალისტებმა და რიგითმა გულშემატკივრებმა.

150-მდე გამოკითხულის ხმები 17 დეკემბერს დაითვალა. დათვლის პროცესში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა გაზეთ „ლანჩხუთის პლუს”-ის სპორტულმა ჟურნალისტმა. ხმის დამთვლელმა კომისიამ აღმოაჩინა, რომ ხმა მიიღო ყველა ფეხბურთელმა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გულშემატკივრს მთლიანი „გურიას“ შემადგენლობა ძალიან უყვარს და აფასებს მათ თავდადებასა და თამაშს.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით პირველი ადგილი დაიკავა გუნდის ნახევარმცველმა კობა შალამბერიძემ, მეორე და მესამე პოზიციაზე გავიდნენ ალექსანდრე კოშკაძე და მინდია ბობღიაშვილი. ქომაგი ქალბატონების პრიზი დაიმსახურა გუნდის კიდევ ერთმა ლიდერმა თენგიზ ჩიკვილაძემ.

ს/კ ლანჩხუთის “გურიას” პრესსამსახური

0.134529