ბათუმის “დინამოს” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა “მსოფლიო სპორთან” საუბარში განაცხადა, რომ მისი მიზანია, გუნდი მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგას დაუბრუნდეს.
- ბათუმის “დინამოს” მთავარ მწვრთნელად როდის დაინიშნეთ?
- ვარჯიშს პირველი ივლისიდან შეუდექით. კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებულები ვართ და უახლოეს დღეებში გავაფორმებთ.
- როგორი მდგომარეობა დაგხვდათ გუნდში?
- ამ მიმართულებით ანალიზს ვაკეთებ. ამჟამად, მეკარეების ჩათვლით, “დინამოში” 18 ფეხბურთელი ვარჯიშობს.
- ასისტენტები ვინ გეყოლებათ?
- ლევან ხომერიკი და ბორის გონჩაროვი დამეხმარებიან. ფიზმომზადების მწვრთნელი კახა ვაჩეიშვილი იქნება, ხოლო მეკარეების – გიორგი ჩიგოგიძე.
- დღესდღეობით სად ვარჯიშობთ?
- ბათუმში, უფრო სწორად - ანგისაში. პირველ ეტაპზე აქცენტს ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ. დღეგამოშვებით სატრენაჟორო დარბაზში ვვარჯიშობთ. ორშაბათიდან დღეში ორჯერად წვრთნაზე გადავალთ. ქობულეთში “ჩელე არენაზე” ბურთებით ვივარჯიშებთ.
- ალბათ, “დინამოს” მიზანი მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა?
- ჩემი მუშაობის პირველივე სეზონში “დინამო” უმაღლეს ლიგაში უნდა დაბრუნდეს. მომავალში კი, გუნდს უნდა დაუბრუნდეს ის სახე, რომლითაც ყოველთვის გამოირჩეოდა და საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე იყო. მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, ბათუმის “დინამო” მაინც რჩება ბრენდად. თუ სწორად ვიმუშავებთ, ჩვენი მიზანი ჯერ ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება იქნება, შემდეგ კი, საქართველოს ჩემპიონობაც. “დინამომ” შემტევი და ლაღი ფეხბურთი უნდა ითამაშოს.
- კლუბს ამის რესურსი აქვს?
- ბათუმში “დინამოს” დირექტორის, სულხან გოგიბერიძის ინიციატივით ჩამოვედი. საქართველოში ის კლუბის ერთდერთი ხელმძღვანელია, რომელმაც სამწვრთნელო კურსები გაიარა და B ლიცენზია მიიღო. შედეგად, მან ქართული ფეხბურთის შიდა სამზარეულოში კარგად ჩაიხედა. მისი მიზანია, “დინამოს” საკუთარი სტადიონი და ბაზა ჰქონდეს. ასევე, კლუბში შეიქმნება ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარების სისტემა, რომელსაც გელა შეყილაძე უხელმძღვანელებს. პარალელურად, ის კლუბის სპორტული დირექტორიც იქნება. თუ კლუბში ბავშვთა ფეხბურთის განვითარების სიტემა არ მუშაობს, მას მომავალი არ აქვს. ჩვენი მიზანია, რომ მოთამაშეები ბათუმის “დინამოსთვის” და საქართველოს ნაკრების აღვზარდოთ. სწორედ, ამ გამოწვევის გამო დავთანხმდი ბათუმში მუშაობას. ყველა მწვრთნელი ვინც პირველ გუნდში მუშაობდა, ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარების სისტემაში დასაქმდება.