ინტერვიუები

14:25 | 24.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

კობა ჟორჟიკაშვილი: “არაბულის არყოფნა დიდი დანაკლისია”

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელიც 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მე-6 ჯგუფში გამოდის, ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებისთვის ბრძოლას ხვალ, ქალაქ ნანტში, “ლე ბოჟუარის” სტადიონზე, ფრანგ თანატოლებთან მატჩით იწყებს.
ქართველი 17-წლამდელები საფრანგეთში გუშინ ჩაფრინდნენ და “მსოფლიოს სპორტმა” გუნდის მთავარ მწვრთნელს, კობა ჟორჟიკაშვილს ინტერვიუ ჩამოართვა.
- რა მდგომარეობაა ნაკრებში და როგორ ემზადებით მომავალი თამაშისთვის?
- გუშინ ჩამოვედით თბილისი-სტამბოლი-პარიზი-ნანტის რეისით და ნანტიდან დაახლოებით 8-10 კილომეტრის მოშორებით მდებარე დაბაში დავბინავდით. მგზავრობა დამღლელი აღმოჩნდა, რადგან ვიდრე ნანტში მიმავალ თვითმფრინავზე გადავჯდებოდით, პარიზის აეროპორტში ლოდინი 7 საათის განმავლობაში მოგვიწია. ლუკას ჰუფნაგელი პარიზში შემოგვიერთდა, ხოლო ნიკა ტარყაშვილი ნანტში დაგვხვდა. გუშინ საღამოს ერთსაათიანი აღდგენითი ვარჯიში ჩავატარეთ, დღესაც ვივარჯიშებთ და ხვალ უკვე თამაში გვაქვს.
- საფრანგეთის ნაკრების თაობაზე რამდენად ინფორმირებული ხართ?
- ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე, საფრანგეთის მიერ კვიპროსზე ჩატარებული სამივე მატჩის ვიდეოჩანაწერი გვაქვს. თბილისში ყოფნისას ფეხბურთელებს ვაჩვენეთ ეს თამაშები, ხოლო ჰუფნაგელი და ტარყაშვილი დღეს ნახავენ. ფრანგები 20 მარტიდან ნანტში შეკრებაზე არიან.
- გიორგი არაბულის ტრავმამ, ალბათ, ის სათამაშო სქემა, რომელსაც მომავალი ტურნირისთვის ამუშავებდით ნაწილობრივ შეცვალა?
- რა თქმა უნდა, არაბულის არყოფნა დიდი დანაკლისია. მის შემცვლელად 4 კანდიდატი გვყავს და ვინც უკეთ შეძლებს ფრანგ მცველებთან გამკლავებას, იმას დავაყენებთ. დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზი არ შეიცვლება.
- არაბულის გარეშე, რომელიც ნაკრების გამოკვეთილი ლიდერი იყო, ჯგუფიდან გასვლის შანსი უფრო ხომ არ შემცირდა?
- თავისთავად შემცირდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შანსი მთლად არ გვაქვს. ჩვენ ვიბრძოლებთ და დანარჩენს უშუალოდ თამაშები გვაჩვენებს.
საფრანგეთი-საქართველოს მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და მთავარი არბიტრი ბერძენი ანასტასიოს სიდიროპულოსი იქნება. იმავე დღეს შედგება მე-6 ჯგუფის კიდევ ორი გუნდის ბელარუსისა და ნორვეგიის დაპირისპირება, რომელიც სეინტ ჰერბლაინის სტადიონზე სტარტს 18:00 საათზე აიღებს. 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ელიტ რაუნდის თითოეული ჯგუფიდან მხოლოდ ერთი გუნდი გადის.


ლაშა თაბაგარი

0.112132