საქართველოს პირველი საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული თბილისის ძიუდოს კლუბი “შევარდენი 2005” გახდა. შეჯიბრებას გუშინ შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიამ უმასპინძლა და მასში 1998-99 წლებში დაბადებული ძიუდოისტები ჩაერთნენ.
“შევარდენი 2005”-მა, რომელიც გურამ მოდებაძის შეგირდებით იყო დაკომპლექტებული, ფინალის გზაზე თბილისის “ავიატორი”, ზესტაფონის “ფალავანი” და მარნეულის თენგიზ ნავერიანის სახელობის ძიუდოს კლუბი ჩამოიშორა. გადამწყვეტი გამარჯვება კი თბილისის “ლიდერთან” მოიპოვა.
ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით, რეპეშაჟის გარეშე ჩატარდა და საბოლოო მესამე ადგილის დასაკავებლად ერთმანეთს ნახევარფინალში წაგებული გუნდები დაუპირისპირდნენ. ბრინჯაოს მედალს თენგიზ ნავერიანის სახელობის ძიუდოს კლუბი დაეუფლა, „დურმიშხანის“ ძლევით.
საკლუბო ჩემპიონატი „ძიუდოს განვითარების ფონდის“ ხელშეწყობით გაიმართა. საქართველოს ჩემპიონ კლუბს 3 ათასი ლარი გადაეცა. ვერცხლისმედალოსანი 2 ათასით დაჯილდოვდა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი - ათასით.