კლაუდიო მარკიზიო ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. თანდათან იგი გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა, ნახევარდაცვაში ეფექტურად და ეფექტიანად თამაშობს, მცველებსაც ეხმარება და შედეგიანობითაც გამოირჩევა. მარკიზიოს ანგარიშზე 5 გოლია, აქედან 2 ბურთი მან “მილანს” გაუტანა და სწორედ მისი დუბლით მოახერხა სერია A-ს ლიდერმა “ბებერმა ქალბატონმა” მოქმედი ჩემპიონის “მილანის” ძლევა.
- როგორ გგონიათ, “იუვენტუსი” მზადაა სკუდეტოს მოსაპოვებლად?
- ჯერჯერობით, ამაზე გადაჭრით საუბარი არ მსურს. ჩვენ მატჩიდან მატჩამდე ვცხოვრობთ და ყოველ კონკრეტულ მატჩში საასპარეზოდ მინდორზე მოსაგებად გავდივართ. ყოველმხრივ ვცდილობთ, რაც შეიძლება დიდხანს შევრჩეთ სატურნირო ცხრილის მოწინავე პოზიციაზე. ჩემპიონობის უპირველს ფავორიტად კი მაინც “მილანი” მიმაჩნია. “როსონერის” სათადარიგოთა ყველაზე გრძელი სკამი აქვს და მისი ფეხბურთელებიც გამოცდილებით სხვა კონკურენტებს გვჯობნიან.
- “ივენტუსის” საამსეზონო მიზანი დაგვიკონკრეტეთ...
- არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოვცილდეთ მესამე ადგილს. ამასთან, კონკრეტულად მე და მთლიანად კლუბს ჩემპიონთა ლიგაში გუნდის დაბრუნება სურს.
- თქვენი გუნდის რა დამახასიათებელ ნიშნებს გამოარჩევდით?
- ყველანი შეამჩნევდით – ურთულესი მატჩის მიწურულსაც კი, “იუვეს” 4-5 მოთამაშე მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანზე იმყოფება ხოლმე. ჩვენ შეკრული კოლექტივი გვყავს, ერთმანეთს მინდორზეც ვენდობით და მის ფარგლებს გარეთაც. კონკრეტულად ასპარეზობის სტილს რაც შეეხება, უპირატესობას მოკლე პასებს ვანიჭებთ, გარისკვის არ გვეშინია, რადგანაც ზურგს შეუვალი დაცვა გვიმაგრებს.
- თქვენ ტარდელინოს გეძახიან. მარკო ტარდელი თქვენი ბავშვობის დროინდელი კერპია?
- მის და ჩემ სათამაშო სტილს ადარებენ, თორემ ტარდელის ასპარეზობა არც კი მინახავს. ჩემი კერპი კი ყოველთვის ალესანდრო დელ პიერო იყო. აი, ვინაა ნამდვილი საფეხბურთო გენიოსი.
- თქვენი პოზიციის ფეხბურთელებიდან რომელს გამოარჩევდით?
- ბავშვობაში სტივენ ჯერარდს ვეთაყვანებოდი. კარგად მახსოვს “ლივერპულისა” და “მილანის” საჩემპიონთალიგო ფინალი, რომლის პირველი ტაიმი “შავწითლებმა” მოიგეს, მეორეში კი ლივერპულელებმა ანგარიშიც გააყაიმეს და საბოლოოდ თასიც მოიგეს. ის შეხვედრა ჯერარდმა ფანტასტიკურად ჩაატარა. სად და რომელ პოზიციაზე წარმატებით მოთამაშე სტივენს არ შეამჩნევდით. იგი შეტევის წამოწყებაშიც მონაწილეობდა და მის დაგვირგვინებაშიც, დროულად ბრუნდებოდა უკან და დაცვას ეხმარებოდა. იმ ფინალში ჯერარდის თამაში სრულყოფილი გახლდათ.
- თქვენი ასპარეზობა სრულყოფისგან შორსაა?
- ბევრი რამ გამოცდილებაზეა დამოკიდებული. ყოველწლიურად თამაშის გაუმჯობესებას ვლამობ და ვფიქრობ, გარკვეულწილად, ეს გამომდის კიდეც. ხშირად ვუცქერ საკუთარი ასპარეზობის ჩანაწერს. ვცდილობ, ყველა დაშვებული შეცდომა გავაანალიზო და ხარვეზები აღმოვფხვრა. კარიერის განმავლობაში არაერთ პოზიციაზე მითამაშია, რაც, ჩემი აზრით, პროგრესის წინაპირობაა. ამჟამად ჩემთვის იდეალურ ადგილას გამოვდივარ, ყველაზე მეტად კი ის მახარებს, რომ დაცვის ფაზაში თამაში აშკარად გავაუმჯობესე.
- პირლო, ვიდალი, მარკიზიო – ეს საუკეთესო ნახევარდაცვის ხაზია?
- ამის დაბეჯითებით მტკიცებას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როდესაც “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში წარმატებით გამოვა. პოტენციურად ჩვენი ტრიო ძალიანაც ძლიერია, დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ისე, ნუ დავივიწყებთ მიკელე პაციენცასა და ლუკა მარონესაც. მიკელე ყოველთვის მზადაა, აქტიურად ჩაერთოს მატჩში, ლუკა კი უაღრესად პერსპექტიული ფეხბურთელია.
- ამბობენ, სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ, “ფიორენტინადან” რიკარდო მონტოლივო “იუვენტუსში” გადმოვა...
- ტრანსფერებზე საუბარი არ მსურს. ეს ჩემი საქმე არაა, თანაც, ჩვენი შემადგენლობა ისედაც ძლიერი და კონკურენტუნარიანია. გაძლიერება მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შემდეგ დაგვჭირდება.
- პარტნიორთაგან ყველაზე ძლიერ მოთამაშედ რომელ პარტნიორს მიიჩნევთ?
- არ მსურს, ვიყო ბანალური, ამიტომაც ანდრეა პირლოს არ დავასახელებ. ანდრეა ბარძალის გამოვყოფ – მიმდინარე სეზონში ის უშეცდომოდ თამაშობს!
- არტურო ვიდალი?
- მისი თამაშითაც მოხიბლული ვარ. ჩილელი ისე დაქრის მინდორზე, შიგადაშიგ ზედმეტი აქტიურობაც გამოუდის. არტუროს ხანდახან ვეხუმრები ხოლმე, ენერგიას გაუფრთხილდი, სეზონი ძალიან გრძელი და მომქანცველია.
- რა თვისებები აქვს ანტონიო კონტეს, რომლებიც “იუვენტუსის” ბოლოდროინდელ დამრიგებლებს აკლდათ?
- კონტეს უპირველესი დამსახურება ისაა, რომ მან მოთამაშეებს შიში დაგვაძლევინა და საკუთარი ძალის რწმენა გაგვიმაგრა. სინიორ ანტონიო ძლიერი ხასიათის, მიზანმიმართული პიროვნებაა, რაც სამწვრთნელო საქმიანობისთვის აუცილებელია. ვერც ჩირო ფერარაზე ვიტყვი რაიმეს ცუდს. მის დროსაც კარგად ვთამაშობდით, ვიმარჯვებდით... თუმცა, ფეხბურთში იღბალი ბევრს ნიშნავს და კონტეს ფერარაზე მეტად უმართლებს.
- მოდით, სანაკრებო თემაზეც ვისაუბროთ. რა მიზანი აქვს “სკუადრა აძურას” პოლონეთსა და უკრაინაში ჩასატარებელ კონტინენტის პირველობაზე?
- მხოლოდ ჩემპიონობის მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ. უმთავრეს კონკურენტებად გერმანიასა და ესპანეთს ვთვლი.
გოჩა კაჭარავა