ჩილეს ნაკრების მეკარე კლაუდიო ბრავო “ბარსელონაში” უახლოესი 4 სეზონის განმავლობაში ითამაშებს. სანტიაგოს “კოლო კოლოსა” და სან სებასტიანის “რეალ სოსიედადის” ყოფილმა გოლკიპერმა კატალონიის დედაქალაქში ჩასვლისა და “ბარსას” გულშემატკივრების წინაშე წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.
- რა რეაქცია მოჰყვა ჩილეში თქვენს “ბარსელონაში” გადასვლას?
- რეაქცია მართლაც შთამბეჭდავია. მთელი ჩილე ამაყობს, მისი ქვეყნის კიდევ ერთი წარმომადგენელი ესოდენ დიდ კლუბში რომ მოხვდა. თანამემამულე გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან ჩემ დებიუტს “ბარსას” შემადგენლობაში.
- პრიმერა დივიზიონთან გაშინაურებული ხართ. კარგა ხნის განმავლობაში ხომ “რეალ სოსიედადის” მეკარე იყავით...
- სან სებასტიანში 8 მნიშვნელოვანი წელი გავატარე. ბასკეთში უცნობი ფეხბურთელის სტატუსით ჩავედი და კლუბის ისტორიაში შესვლა დავისახე მიზნად. როდესაც სან სებასტიანში ჩავედი ქომაგები ყველაზე ხშირად ლუის მიგელ არკონადას სახელს ახსენებდნენ. ძალიან მინდოდა, მისი პოპულარობა გადამეფარა. ვფიქრობ, ეს მოვახერხე. ბასკეთიდან საუკეთესო შთაბეჭდილებითა და მოგონებებით წავედი.
- ბარსელონაზე რა შთაბეჭდილება შეგექმნათ?
- კატალონიის დედაქალაქში ცოტა ხნის წინ ჩამოვედი, მაგრამ აქაურების ყურადღება და სითბო უკვე ვიგრძენი. ეს მხარდაჭერა დამატებით მოტივაციას მძენს და უკეთესი თამაშისკენ მიბიძგებს.
- როდის შეიტყვეთ პირველად თქვენი გადაბირება “ბარსელონას” რომ სურდა?
- პრიმერაში, ბილბაოს “ატლეტიკთან” შეხვედრის მეორე დღეს კამპნოეულთა წარმომადგენელი დამიკავშირდა და საკონტრაქტე პირობებზე დალაპარაკება შემომთავაზა. გითხრათ სიმართლე არ გამკვირვებია, ესოდენ დიდი კლუბი თავისთან რომ მიწვევდა. ამ მომენტისთვის ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი.
- საფეხბურთო კარიერის დასაწყისიდანვე მეკარე იყავით?
- ბავშვობაში თამაში თავდამსხმელის პოზიციაზე დავიწყე. თავიდანვე არ მომწონდა ფორვარდობა, ვიღლებოდი და სხვა ამპლუაში მსურდა თავის გამოცდა. მეკარეობა ძალიან მომწონს. ფორვარდობისას მიღებული გამოცდილება კი “ნასტიკთან” სათასო მატჩისას გამომადგა, როდესაც მეტოქის კარი ჯარიმის შესრულების შედეგად ავიღე.
- ბარსელონელ ქომაგს საკუთარ თავს როგორ დაუხასიათებთ?
- ძლიერი ნებისყოფის ადამიანი ვარ და ლიდერობის ტვირთვაც მიყვარს. ვცდილობ გუნდს შეძლებისდაგვარად დიდი სარგებლობა მოვუტანო როგორც მინდორზე, მატჩის მსვლელობისას, ასევე თანაგუნდელებთან ურთიერთობის დროსაც.
- გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა?
- მის მუშაობას “სელტაში” ვაკვირდებოდი და მეტად კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ჩვენ მინდორზე,“ანოეტაზე” ძალიან გაგვიჭირდა - ვიგოელები ეფექტურად და მეტოქისთვის საშიშად თამაშობდნენ. იგივე განმეორდა ვიგოშიც. “სელტა” რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, მაგრამ მაინც დიდი ძალებით გვიტევდა.
- “კამპ ნოუზე” სტუმარი გუნდის შემადგენლობაში არაერთხელ გიასპარეზიათ, ამჯერად ამ არენაზე “ბარსელონას” მაისურათი გახვალთ სათამაშოდ...
- მოხიბლული ვარ “კამპ ნოუს” აურით, აქაური ქომაგებითა და კლუბით. არაფერს დავიშურებ საიმისოდ, ბარსელონელ გულშემატკივართა საყვარელი ფეხბურთელი რომ გავხდე.