29-30 იანვარს, თურქეთსა და საფრანგეთში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საერთაშორისო ტურნირები გაიმართება. საქართველოს ნაკრების კანდიდატები ორივე შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას. სტამბოლში, “ვეჰბი ემრეს” სახელობის 29-ე საერთაშორისო ტურნირზე, ხალიჩაზე 15 ქართველი გავა, ხოლო კრეტეიში – 3.
ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთში იჭიდავებენ: ზურაბ მაჭარაშვილი (55 კგ), ირაკლი ჭოჭუა (60 კგ), არჩილ თურმანიძე, მუხრან მაჭუტაძე, რევაზ ლაშხი (სამივე 66 კგ), გიორგი დათუნაშვილი, ილია გულბათაშვილი, ანტონ მამაგეიშვილი (74 კგ), მათე სოფაძე, გიორგი ცირეკიძე (84 კგ), სოლომონ გიკაშვილი, სოსო ჯაბიძე, ვლადიმერ ქარჩავა (96 კგ), გურამ ფერსელიძე და რევაზ ჭელიძე (120 კგ).
სტამბოლში, ნაკრების კანდიდატებს, მთავარი მწვრთნელი, ბეგი დარჩია და მწვრთნელები, აკაკი ჩაჩუა და ოთარ ტატიშვილი დაარიგებენ. თემურ ყაზარაშვილი კი, ორგანიზატორებმა მსაჯად მიიწვიეს. წინასწარი ინფორმაციით, სათურქეთო განაცხადში მანუჩარ ცხადაიაც იყო შეყვანილი, მაგრამ მცირე ტრავმის გამო, იგი დათუნაშვილით ჩაანაცვლეს.
კრეტეის საერთაშორისო ტურნირში, მანუჩარ კვირკველია (74 კგ), რამაზ ნოზაძე (96 კგ) და დიმიტრი ჯავახიშვილი (120 კგ) ჩაერთვებიან. სამეულს საფრანგეთში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, კახა გეწაძე ჩაიყვანს.
ოთარ მაღლაკელიძე