ორ-სამ თვეში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია წესებში რამდენიმე ცვლილების შეტანას გეგმავს. ყველაზე სავარაუდო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პერიოდისთვის საჭირო წუთნახევრისთვის ნახევარი წუთის წამატებაა. საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ ამ ჯერაც დაუმტკიცებელი სიახლის დანერგვა უკვე დაიწყო. სპორტკომპლექს “არენაში” გუშინ დაწყებულ საქართველოს ჩემპიონატზე პერიოდის უქულოდ დასრულების შემთხვევაში სპორტსმენები ძველებურად, პარტერში დგებოდნენ, ხოლო თუ პერიოდის განმავლობაში რომელიმე მათგანი თუნდაც ერთ ქულას აიღებდა, პერიოდი ორ წუთს გრძელდებოდა.
ერთი დღით დასკვნის გაკეთება ძნელია, მაგრამ სიახლემ სპეციალისტთა მოწონება ნამდვილად დაიმსახურა. მსაჯების და მწვრთნელების აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებამ ჭიდაობა უფრო დინამიური და საინტერესო გახადა. ოთხი წონითი კატეგორიის წინასწარი შეხვედრები წარმოუდგენლად მცირე დროში, სამიოდ საათში ჩამთავრდა და ფინალურ ბლოკამდე შიდა პირველობისთვის აქამდე არნახული - ლამის ოთხსაათიანი შესვენება გამოცხადდა. პარტერის წესის ნაწილობრივმა გაუქმებამ ზედმეტად გაწელილი შეხვედრები აშკარად შეამოკლა, თუმც აქვე ისიც უნდა დავამატოთ, რომ ამას ხელი მონაწილეთა რაოდენობამაც შეუწყო. 55 კილოგრამში საქმეში მხოლოდ 14 მოჭიდავე ჩაერთო, 120 კილოგრამში კი სულაც - 10.
უმსუბუქეს წონაში პირველ ნომრად ნაკრების მთავარი კანდიდატი ლაშა გოგიტაძე იყო განთესილი. სწორედ ის იყო საქართველოს 2010 წლის ჩემპიონი. ამჯერადაც იფავორიტა - თემურ ცირდავას ბაჩანა ფუტკარაძესა და გოდერძი დავითაძეს ორ-ორ პერიოდში აჯობა. ფინალში პირველ პერიოდში საქმე პარტერამდე მივიდა და ლაშა გოგიტაძემ შანსი გამოიყენა, შემდეგ კი ფინალისტებმა თითო ქულა მიითვალეს. ფრე ისევ გოგიტაძეს აძლევდა ხელს, რადგან ანგარიში სწორედ მან გაათანაბრა. კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ფუტკარაძე და ზურაბ მაჭარაშვილი ავიდნენ. ეს უკანასკნელი შარშან ვერცხლის პრიზიორი გახდა, ამჯერად კი ბრინჯაოს დასჯერდა.
66 კილოგრამში ჩემპიონის ტიტული რევაზ ლაშხმა მოიპოვა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა (60 კილოგრამში) ამჯერად ზედმეტი წონა არ დაიკლო და ერთი წონითი კატეგორიით მაღლაც საკმაოდ იოლად დაამტკიცა თავისი ძალა. საჩემპიონო გზას ზაზა სანიკიძის ძლევით შეუყვა, შემდეგ შმაგი ბოლქვაძეს, მამუკა ხოზრევანიძესა და დავით ტაკაშვილს აჯობა. ფინალში კი იქამდე დამაჯერებლად მოჭიდავე უჩა შავაძეს ზედმეტი ნევიულობის გარეშე მოუმთავრა საქმე.
ამ წონის ფავორიტებად შარშანდელი ფინალისტები: საქართველოს აწ უკვე ექსჩემპიონი არჩილ თურმანიძე და მუხრან მაჭუტაძე იყვნენ მიჩნეული. განთესეს კიდეც, რომ ერთმანეთს ფინალამდე არ დაჭიდებოდნენ, მაგრამ ამჯერად არათუ ოქრო-ვერცხლს, ბრინჯაოსაც ვეღარ შეწვდნენ. მაჭუტაძე მეორე წრეში ტაკაშვილთან სამპერიოდიან შეხვედრაში დამარცხდა, თურმანიძე კი ხალიჩაზე ერთადერთხელ გავიდა - საჩინო დავითაიასთან პერიოდმოუგებლად წააგო. დავითაიამ ნახევარფინალამდე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მერე კი... ოქრო-ვერცხლის შანსი შავაძესთან დაკარგა, ხოლო ბრინჯაოსი – პაატა ბაკურაძესთან. საინტერესოა, რომ ორივე მეტოქესთან ფიზიკურად დაიჩაგრა. ბაკურაძესთან ერთად მესამე ადგილზე ხოზრევანიძე გავიდა.
84 კილოგრამი საქართველოს ნაკრების უმთავრეს კანდიდატად მიჩნეული ვლადიმერ გეგეშიძის გარეშე ჩაჭიდავდა. ეს უკანასკნელი 96 კილოგრამში ცდის ბედს, ოღონდ მხოლოდ საქართველოს პირველობაზე. ქვეყნის 2010 წლის ჩემპიონის არყოფნაში კი შიდა კონკურენციაში ყველას ბრინჯაოს ექსპრიზიორმა რევაზ ნადარეიშვილმა აჯობა. ფინალში მან გიორგი ცირეკიძეს დაძაბულ ბრძოლაში, თუმც მაინც საკმაოდ დამაჯერებლად მოუგო. იქამდე ნადარეიშვილმა თორნიკე ჩიკაბერიძე, ნიკოლოზ კელასოვი და მათე სოფაძე ჩამოიცილა. სოფაძე შარშანდელის მსგავსად ისევ ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ჯონი მინაძესთან ერთად.
მძიმე წონის შიდა კონკურენცია კი საქართველოს შარშანდელი ჩემპიონატის ანალოგიური ფინალით და შედეგით დაგვირგვინდა. გურამ ფერსელიძემ ამჯერადაც მოუგო რევაზ ჭელიძეს. კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე სერგო გოგისვანიძე და რამინ შაქარაშვილი ავიდნენ.
25 დეკემბერს ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ სამ წონაში: 60, 74 და 96 კილოგრამებში გამოვლინდებიან. წინასწარი ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობა ნაკრების გამოცდილ წევრებს: მანუჩარ კვირკველიასა (74 კგ) და რამაზ ნოზაძესაც (96 კგ) უნდა მიეღოთ, მაგრამ აწონვამ მათ გარეშე ჩაიარა და შესაბამისად, ბადეებიც მათ გარეშე შეივსო. განსაკუთრებით მოულოდნელი ნოზაძის გადაწყვეტილება იყო, რომელსაც ახსნა ვერც ნაკრების და პირადმა მწვრთნელმა მოუძებნეს და ვერც ფედერაციის ხელმძღვანელებმა. ათენის ოლიმპიური თამაშების ფინალისტს ამჯერად ტრავმა არ აწუხებს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ხალიჩას სწორედ შიდა პირველობით უნდა დაბრუნებოდა, რათა ლონდონის ოლიმპიადის სამზადისში ჩართულიყო, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი
24 დეკემბერი
55 კგ
1 ლაშა გოგიტაძე (ქუთაისი)
2 გოდერძი დავითაძე (აჭარა)
3 ბაჩანა ფუტკარაძე (აჭარა)
3 ზურაბ მაჭარაშვილი (ოზურგეთი)
66 კგ
1 რევაზ ლაშხი (ბორჯომი)
2 უჩა შავაძე (აჭარა)
3 მამუკა ხოზრევანიძე (აჭარა)
3 პაატა ბაკურაძე (აჭარა)
84 კგ
1 რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი)
2 გიორგი ცირეკიძე (ქუთაისი)
3 მათე სოფაძე (ბაღდადი)
3 ჯონი მინაძე (თბილისი)
120 კგ
1 გურამ ფერსელიძე (აჭარა)
2 რევაზ ჭელიძე (ოზურგეთი)
3 სერგო გოგისვანიძე (ქუთაისი)
3 რამინ შაქარაშვილი (აჭარა)
ოთარ მაღლაკელიძე