ნოემბრის ბოლოს, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კანდიდატები ერთდროულად ორ საერთაშორისო ტურნირზე იჭიდავებენ. ერთს ბელარუსი უმასპინძლებს, მეორეს - საფრანგეთი.
26 ნოემბერს, მინსკში, ოლეგ კარავაევის სახელობის ტრადიციულ გუნდურ პირველობაზე ქართული ნაკრები თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ჩავა. მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია და მისი ასისტენტი აკაკი ჩაჩუა თან ლაშა გოგიტაძეს (55 კგ), რევაზ ლაშხს (60 კგ), არჩილ თურმანიძეს (66 კგ), მანუჩარ ცხადაიას, მანუჩარ კვირკველიას (ორივე 74 კგ), ვლადიმერ გეგეშიძეს (84 კგ), სოსო ჯაბიძესა (96 კგ) და სერგო გოგისვანიძეს (120 კგ) იახლებენ.
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას 10 ქვეყნის ნაკრები მიიღებს: ბელარუსი, საქართველო, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ლიტვა, ყაზახეთი, საფრანგეთი, აშშ და პოლონეთი. შედგება ორი ქვეჯგუფი, რომელთა გამარჯვებულებიც ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან. ჯგუფის მეორეადგილოსნები კი მესამე ადგილისთვის იჭიდავებენ. ნაკრებთან ერთად, ბელარუსში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თემურ ყაზარაშვილიც გაემგზავრება, რომელიც ტურნირზე მსაჯადაა მიწვეული.
მინსკის პარალელურად, საერთაშორისო ტურნირი ნიცაშიც გაიმართება. 25-26 ნოემბერს ფრანგულ ხალიჩაზე გავლენ ქემალ ხარაბაძე (60კგ), მუხრან მაჭუტაძე (66კგ), გენადი გოგიშვილი, ზურაბ დათუნაშვილი (ორივე 74კგ), რევაზ ნადარეიშვილი (84კგ), რამაზ ნოზაძე და სანდრო დიხამინჯია (96 კგ). საფრანგეთში გუნდს ოთარ ტატიშვილი და ჯემალ ბაკურიძე ჩაიყვანენ, ედიშერ მაჩაიძე კი ტურნირს იმსაჯებს.
ოთარ მაღლაკელიძე