ინტერვიუები

19:45 | 20.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

კლარენს ზეედორფი: “ჟამთასვლას ვერაფერი შეაჩერებს და “ბარსაც” დაკარგავს პირველობას”

კლარენს ზეედორფი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის თასი 3 კლუბის (“აიაქსი”, “რეალი”, “მილანი”) შემადგენლობაში თამაშისას მოუგია. მას სხვა არაერთი საყურადღებო მიღწევაც აქვს, თუმცა, სურინამში დაბადებული 35 წლის შუახაზელი კვლავაც ახალ-ახალ გამარჯვებებზე ფიქრობს.


- კლარენს, ‘მილანის” ლეგიონერთაგან “როსონერის” შემადგენლობაში ყველაზე მეტი შეხვედრა გაქვთ ჩატარებული. ეს ფაქტი თქვენთვის ცნობილია?
- დიახ. “მილანში” ჩემი საფეხბურთო კარიერის ნახევარი გავატარე. ფეხბურთს კი პროფესიულ დონეზე დიდი ხანია ვთამაშობ. სპორტული დღეგრძელობის საიდუმლო მარტივია – არ ვსვამ და არ ვეწევი, ვარჯიშს რაც შეეხება, ისეთივე ენთუზიაზმით ვემზადები მომდევნო მატჩისთვის, როგორც თავის დროზე “აიაქსში” ყოფნისას. ამასთან, ასაკზე არასდროს ვფიქრობ. მინდორზე სათამაშოდ იქამდე გავალ, ვიდრე ფიზიკური მდგომარეობა საამისო საშუალებას მომცემს. ერთმა ჩემმა მეგობარმა ათასზე მეტი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და მისი მიღწევის გამეორება მსურს.
- რომელი მეგობარი გყავთ მხედველობაში?
- ხავიერ ძანეტი. ის 38-ისაა, 3 წლით ჩემზე უფროსია და მინდორზეც ახალგაზრდულად გამოიყურება.
- კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმეთ. იმედოვნებთ, რომ მომავალ სეზონში “მილანის” სასტარტო შემადგენლობაში რეგულარულად ითამაშებთ?
- ძირითად შემადგენლობაში დაყენების გარანტია არასდროს მომითხოვია. ასე იყო ფაბიო კაპელოსა და კარლო ანჩელოტის დროს. იგივე პოზიცია მიკავია ამჟამადაც. მასიმილიანო ალეგრისთან ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ წინ საინტერესო სეზონი გველის და სასაუბროდაც მოვიცლით.
- თქვენი “სან სიროზე” დარჩენის საქმეში რა როლი შესრულა სილვიო ბერლუსკონიმ?
- დიდი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კლუბის პრეზიდენტის, ადრიანო გალიანის, მეგობრების, გულშემატკივრების პოზიცია. ისინი დარჩენას ერთხმად მთხოვდნენ. ქუჩაში გასულს უცნობი ადამიანები მაჩერებდნენ და მეუბნებოდნენ, უშენოდ გაგვიჭირდებაო. ყოველივე ამან დარჩენის სტიმული მომცა.
- მილანის ქუჩებში მხოლოდ თქვენ მიმართ კეთილად განწყობილი ადამიანები გხვდებიან? ამას წინათ, ეტოოს შეურაცხყოფა მიაყენეს. იტალიას რასისტულ ქვეყნად თვლით?
- არც იტალიაა რასისტული ქვეყანა და არც მილანია ამგვარი ქალაქი. თუკი ვინმეს აგდებით ექცევიან, ეს მისი პიროვნული პრობლემაა. ხანდახან წააწყდები უგუნურ ადამიანსაც. ისე კი, რასიზმი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის უვიცობის და აღზრდის დაბალი დონის მაჩვენებელია.
- სერია A-ს კრიზისულ მდგომარეობაზე ვისაუბროთ...
- ბოლოხანს იტალიურ კლუბებს ფინანსურად გაუჭირდათ და გარკვეული სახის სირთულეებიც ამან წარმოშვა. სათამაშო დონეს რაც შეეხება, მის დაკნინებაზე საუბარი არასწორად მიმაჩნია. 2010 წელს “ინტერმა” ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო, მანამდე კი 8 წლის განმავლობაში “მილანმა” ორჯერ მოიგო ეს ტურნირი, ერთხელაც მის ფინალში ითამაშა. იტალიური ფეხბურთის არცერთი ქვეყნისას არ უნდა შევადაროთ, მითუმეტეს, არც სხვებისგან აქვს რაიმე გადასატანი. ნუ დავუკარგავთ კალჩოს განუმეორებლობასა და ინდივიდუალობას.
- არც “ბარსელონას” უნდა მიბაძოთ? კატალონელებს ხომ სადღეისოდ პლანეტის საუკეთესო გუნდი ჰყავთ...
- “ბარსა” დიდი გუნდია, მაგრამ გასულ წლებში არც “მილანი” იყო რომელიმე კლუბზე ნაკლები. ჩემი აზრით, არ არსებობენ საუკუნის გუნდები და მოთამაშეები. სადღეისოდ “ბარსელონასა” და მესის დროა, მაგრამ ჟამთასვლას ვერაფერი შეაჩერებს და კატალონური გრანდიც პირველობას დაკარგავს. ისე, თუ იცით, იტალიურ ფეხბურთს ყველაზე მეტად რა სჭირდება?
- მაინც რა?
- ახალი, კომფორტული სტადიონებია ასაშენებელი. ამ მხრივ წამყვან ევროპულ ქვეყნებს ჩამოვრჩებით. რაც შეეხება ფეხბურთის თამაშს და ტაქტიკას, იტალია ესპანეთსაც კი ფორას მისცემს. აპენინის ნახევარკუნძულზე ბევრი კარგი მოთამაშეა, რომელთაც საკუთარი თავის რწმენა უნდა გავუღვივოთ. ახალგაზრდა ფეხბურთელთა პროგრესს მეტი მოთმინებით უნდა დაველოდოთ. მაგალითად, “იუვენტუსმა” ჯოვინკოს გაშვებით დიდი შეცდომა დაუშვა და მის ნაყოფს დღემდე იმკის.
- იტალიური ფეხბურთის ხსენებისას პირველ პირში საუბრობთ. თავს აპენინელად თვლით?
- მსოფლიოს მოქალაქე ვარ, ამასთან, იტალიაში თამაშით ვამაყობ. ისე კი, ბევრი ქვეყნის ფეხბურთის უარყოფით მხარეებზე შემიძლია ყურადღების გამახვილება, მაგრამ უმჯობესია პროგრესზე იფიქრო და იზრუნო, ვიდრე იწუწუნო. ეჭვიც არ მეპარება, იტალია მსოფლიოს ფეხბურთის განვითარების საქმეში თავის წონად სიტყვას მალე იტყვის.
- მიუხედავად კალჩოში აგორებული ახალი სკანდალისა?
- მოდით, იტალიური ფეხბურთი მთლიანობაში შევაფასოთ და არა ცალკეული ფაქტებით. კალჩომ გაცილებით უფრო საინტერესო რამ აჩუქა საფეხბურთო სამყაროს, ვიდრე სხვადასხვა სკანდალი და სასამართლო გარჩევაა.



გოჩა კაჭარავა

0.113849